ინსპექტორის სამსახური უქმდება ჩემი წამების გამოძიების გამო – სააკაშვილი
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება არსებული მიმდინარე გამოძიების, ჩემს მიმართ გამოყენებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო”, – ამის შესახებ განცხადებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ავრცელებს.
სააკაშვილი ეხმაურება მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2019 წელს შექმნილი სახელმწფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად 2 უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
“[უქმდება] ასევე, იმისთვის, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო მსოფლიოსთვის, (მაგრამ მათი აზრით ყველაზე რბილი ნაწილი იყო) არამედ სრული ვერსია, სადაც ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული. სახელმწიფო ინსპექტორის მოსალოდნელი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის”, – ამბობს სააკაშვილი.
“ქართული ოცნების” წევრმა დეპუტატებმა მომზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.
ეს ინფორმაცია თავდაპირველად IPN-მა გაავრცელა და მისი ნამდვილობა ნეტგაზეთს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა გურამ მაჭაარაშვილმა დაუდასტურა. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
“ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აპირებს