ახალი ამბები

არდადეგების ქალაქგარეთ გატარების დადებითი მხარეები მოსწავლეებისთვის და არამხოლოდ

არდადეგების ქალაქგარეთ გატარების დადებითი მხარეები მოსწავლეებისთვის და არამხოლოდ

29 დეკემბრიდან სკოლებში ზამთრის არდადეგები დაიწყო, რომელიც 18 იანვრამდე გაგრძელდება.

არდადეგები საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვებმა სწავლისთვის დახარჯული ენერგიის რეგენირება შეძლონ და გონებრივ განვითარებასთან ერთად, ჯანსაღი ფსიქო-სოციალური განვითარებაც მოახერხონ. იმისთვის, რომ ამგვარი წარმატებული შედეგი დადგეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ სად დაისვენებს ბავშვი, როგორ გარემოში გაატარებს ის არდადეგებს და რა შემოქმედებითი თუ ფიზიკური აქტივობებით დაკავდება. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ქალაქგარეთ, ჯანსაღ გარემოში არდადეგების გატარება ბავშვისთვის საუკეთესო შედეგებს იძლევა განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობელიც მის გვერდითაა.

EDU.ARIS.GE ჩვენი რესპონდენტისა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოგიყვებათ, რა დადებითი ზეგავლენა აქვს ქალაქგარეთ არდადეგების გატარებას, როგორ მოქმედებს სწორი გარემოს შერჩევა ბავშვის/მოზარდის განვითარებაზე, რა შეცვალა პანდემიამ. სპეციალისტი ისაუბრებს პრაქტიკულ შემთხვევებსა და მოსწავლეებში გამოვლენილ ქცევებზეც.
ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი, ბლოგერი კასლი კილამი, რომელიც ფსიქოლოგთა ამერიკული საზოგადოების წევრია ამბობს, რომ აშშ-ში პანდემია ოჯახებს მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს და მათი უმრავლესი ნაწილი გადაწყვეტილებას იღებს, რომ მადლიერებისა და შობის დღესასწაულზე ცალ-ცალკე, ქალაქგარეთ გაატარონ შვებულება და არა დიდ ოჯახებში, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა. კასლი ამბობს, რომ ოჯახების გადაწყვეტილების ერთერთი მიზეზი, სხვა ტრადიციულ მიზეზებთან ერთად, ზედმეტი ხარჯების შემცირებაცაა, რადგან ქალაქში ბავშვებს სურვილები და მოთხოვნილებები მეტი აქვთ. მაგალითად, წინასაახალწლოდ ხშირად სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებსა და მაღაზიებს, მშობლებს სთხოვენ ან თავად იძენენ გასართობ სათამაშოებსა და სადღესასწაულო ტანსაცმელს.

EDU.ARIS.GE – სთან ბავშვთა ქალაქგარეთ დასვენების დადებით მხარეებზე საუბრობს სკოლის ფსიქოლოგი და დამრიგებელი ეთო ქავთარაძე. მისი თქმით ბავშვები, რომლებიც დასვენებასა და ენერგიის რეგენირებას ახდენენ, უფრო პროდუქტიულები ხდებიან. მათი სოციალური უნარ-ჩვევებიც გაცილებით სწრაფად ვითარდება, თუმცა ამ პროცესში მშობლის ჩართულობის ხარისხიც მნიშვნელოვანია.

– ეთო ქავთარაძე: ჩემი პრაქტიკული დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვი, რომელმაც ნამდვილად დაისვენა საყვარელ ადამიანებთან ერთად, მიიღო ბევრი დადებითი ემოცია და მუხტი, უხვად დაიბრუნა სითბო და ალერსი, ბევრად უფრო თავისუფალი და განვითარებული უბრუნდება სასწავლო პროცესს.

სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში დედები და მამები ძალიან დაკავებულები არიან და ვერ ნახულობენ დიდ დროს ბავშვთან სათამაშოდ. დღევანდელი გამოწვევების დასაძლევად საჭიროა ბევრი მუშაობა, ემოციური და ფიზიკური ურთიერთკავშირი, რათა ბავშვებს არ გაუჩნდეთ პროტესტი, რომ მათ არ უსმენენ, მათთვის არ სცალიათ.

ჩემი მოსწავლეების დიდი ნაწილი ამ არდადეგებს ატარებს ზუსტად იქ, სადაც თოვლია. მოგეხსენებათ, ზამთარში ყველაზე მეტად უყვართ ისეთი აქტივობები, სადაც თოვლში არიან – გუნდაობა, სრიალი ციგებსა და თხილამურებზე, თოვლის პაპას გაკეთება. ბევრი მათგანი ქალაქგარეთ მიდის საყვარელ ბებია-ბაბუებთან და დიდი სითბოთი და სიყვარულით იხუნძლებიან.

ასეთი დღეები უამრავ პოზიტივს მატებს ბავშვებს, რაც მათ განვითარებას სჭირდება. პლუს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არდადეგები დამსახურებული დასვენებაა.

-რა შედეგით უბრუნდებიან ისინი სკოლას?

-ბავშვებს, რომლებმაც არდადეგები ქალაქგარეთ გაატარეს, ერთი სული აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ ემოციები და თავგადასავლები. ისინი იხსენებენ, ყვებიან ლამაზ ისტორიებს, ცდილობენ არ გამორჩეთ არც ერთი დეტალი. ეს კი მათ სააზროვნო და მეტყველების უნარებს აუმჯობესებს. ქრონოლოგიურად ალაგებენ მოვლენებს და მთელი სიზუსტით გადმოსცემენ თავიანთ სათქმელს.

ასეთი თბილი ამბების მოსმენა კი ერთი დიდი სიამოვნებაა, დანარჩენი ბავშვები ზუსტად ამ სიამოვნების ნაწილი ხდებიან და გულისყურით უსმენენ მთხრობელს. კლასელებთან კომუნიკაციის აღდგენა მათთვის ბევრად უფრო მარტივია, რადგან დასვენების პერიოდში კომუნიკაციის ნაკლებობას არ განიცდიდნენ.

-რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის?

პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ მხიარული, პოზიტიური და თბილი არდადეგები არის სწორედ ის, რაც მოსწავლეებს ძალების აღსადგენად სჭირდებათ.

ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვებს საწუწუნო არაფერი აქვთ, რადგან არდადეგებისთვის ბევრი სამუშაო არ აქვთ. სამწუხაროდ, ავიწყდებათ, რომ ადამიანი ყოველ ასაკში თავისი მაქსიმალური გამოწვევების წინაშე დგას და ისე იხარჯება, როგორც სხვა, ვინც მუშაობს ან სწავლობს.

ჩემი რეკომენდაციაა, გავიაზროთ, რომ ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ სუფთა ჰაერი, დიდი სივრცე, ურთიერთობა მცენარეებთან თუ ცხოველებთან, მეტი პოზიტივი, სითბო და ზრუნვა. ამგვარად გატარებულ არდადეგებს ისინი არასდროს ივიწყებენ დ უფრო სწრაფად ვითარდებიან.
Covid 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, მშობელთა დიდი ნაწილი ცდილობს დაისვენოს ქალაქგარეთ, ბავშვებთან ერთად. ამით ისინი ცდილობენ, დაიცვან ვირუსისგან ოჯახის წევრები, თუმცა როგორც ვნახეთ, ქალაქგარეთ არდადეგების გატარებას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს.

ასევე იხილეთ:

საზაფხულო არდადეგები და მისი გავლენა მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის ხარისხზე

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.