ახალი ამბები

აბიტურიენტების არდადეგები, ანუ სტუდენტად ტრანსფორმაციის პერიოდი – ვინ სად და როგორ გეგმავს განტვირთვას

აბიტურიენტების არდადეგები, ანუ სტუდენტად ტრანსფორმაციის პერიოდი – ვინ სად და როგორ გეგმავს განტვირთვას

მე, 4 წლის წინ აბიტურიენტობა გამოვლილს რომ მკითხოთ, აბიტურიენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა უშუალოდ გამოცდები, არამედ გამოცდების ცხელი ზაფხულის შემდეგი პერიოდი – დასვენებაა.

ეს ის გარდამტეხი მომენტია, როცა ის გადაღლილი, ერთგვარ „შვებულებაში“ გადის აბიტურიენტის, ჯერ ისევ მოსწავლის სტატუსით, არდადეგებიდან დაბრუნებულს კი ახალი, სტუდენტის როლის მორგება უწევს.

ამ ახალ როლს ახალი პასუხისმგებლობები და მიზნები მოჰყვება ხოლმე. პასუხისმგებლობების სწორად შესაფასებლად კი მნიშვნელოვანია, აბიტურიენტმა საკუთარი როლის ცვლილება ზუსტად ამ დასვენების დროს გაიაზროს კარგად და ისე შეეჭიდოს ახალ გამოწვევებს.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპლიკანტთა იმ მცირე ნაწილის გარდა, რომლებმაც კორონავირუსის დადასტურების გამო, ვერ მოახერხეს გამოცდის ძირითად სესიებზე დასწრება, წლევანდელ აბიტურიენტებსაც ახლა ზუსტად ეს, როლების ცვლილებისა და დასვენების პერიოდი უდგათ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოცდების მიმდინარეობისას გამოკითხული აბიტურიენტების ნაწილი ამბობს, მიუხედავად ქულების მოლოდინისა, ახლა ძალიან უნდათ დასვენება და იმ სტრესისგან თუ დაღლილობისგან დაცლა, რაც ბოლო ერთმა წელმა მოუტანათ.

„ბოლო გამოცდა მე 19 ივლისს, ისტორიაში ვწერე. ახლა წინ ქულების დადების პერიოდია, მაგრამ საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე, დასვენება მინდა და ერთი სული მაქვს როდის წავალ თბილისიდან, რომ მოვშორდე ამ ყველაფერს. ყოველ წელს, ჩემს სოფელში ვისვენებ და წელსაც ასე ვაპირებ, რადგან იქაურობა მართლა მეხმარება დაწყნარებაში და დამშვიდებაში. ჰოდა, სანამ სტუდენტი გავხდები და მთლად დიდი სანერვიულო დამატყდება თავს, მინდა, მოვასწრო ერთი ან ორი თვით წასვლა, ქულებსაც იქ გავიგებ დიდი ალბათობით და თუ ვერ მივიღე ის რასაც ველი, მშობლებისგან შორს მაინც ვიქნები,“ – ამბობს ნახევრად ხუმრობით გიორგი და სტუდენტობასთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინებსაც გვიზიარებს:

„სტუდენტობა ბევრად უფრო მარტივი მგონია და გეტყვით რატომ, აბიტურიენტობისა და სკოლის პერიოდში ბევრი ისეთი რაღაცის სწავლა გვევალებოდა, რაც არ გვიყვარდა და თავს ძალიან, ძალიან ვაძალებდით. უნივერსიტეტში კი მხოლოდ იმას ვისწავლით რაც გვიყვარს, რადგან ჩვენით ვირჩევთ ფაკულტეტს, ჩვენით ვირჩევთ საგნებს და ყველაფერს. ჰოდა, თუ ჩემივე არჩეული საყვარელი საქმის კეთებაც მერთულა ან არ მომინდა, მაშინ უნივერსიტეტში საერთოდ რა მინდა, არ ვიცი“.

გიორგი თვლის, რომ სტუდენტობა ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდია და ამიტომ მას კარგად დასვენებულიც უნდა შეხვდეს – „ეს არდადეგები ბევრი რამის გადაფასების და გადახარშვის პერიოდიც უნდა იყოს“.

გიორგისგან განსხვავებით, ნიკა საბაშვილი აპირებს, რომ დასასვენებლად მხოლოდ ქულების დადების შემდეგ წავიდეს, რადგან მანამდე, შედეგების მოლოდინით გამოწვეული ნერვიულობა ვერ მისცემს მოდუნების შესაძლებლობას.

„ფიზიკურად ვერ შევძლებ მოვდუნდე. მე ისეთ უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება, რომ დიდი ქულები მჭირდება, ამიტომ, განსაკუთრებულადაც ვნერვიულობ. რომ ვერ მოვხვდე, ალბათ, ვერც გადავიტან. ასე რომ, ჩემთვის ეს დაძაბულობა ჯერ არსად გამქრალა. ისე კი წინასწარ დავგეგმე სად დავისვენებ, თუ მართლა იქ მოვხვდი სადაც მინდა. საზღვარგარეთ არ ვარ ნამყოფი და შარშან გადავწყვიტე, რომ მომავალ ზაფხულს მარტოს უნდა მომეწყო თავგადასავალი საბერძნეთში. ფულიც კი მოვაგროვე ჩემი მგზავრობისთვის და იმედია, მართლა კარგად დასრულდება ყველაფერი“, – ყვება ნიკა საკუთარი გეგმების შესახებ.

აწ უკვე ყოფილმა აბიტურიენტმა მომავალი სტუდენტობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და საკუთარი ახლანდელი მდგომარეობა ლიმბოს შეადარა.

„რაღაცნაირად მიუჩვეველი ვარ ამ მდგომარეობას. არც მოსწავლე ვარ, არც სტუდენტი, აღარც აბიტურიენტი და მეცადინეობა საერთოდ არ მიწევს. რომ არა ერთი-ორი კურსი, რომელშიც ჩართული ვარ, საერთოდ უსაქმურად ვიქნებოდი. ასე მგონია ლიმბოში ვარ, არც იქით და არც აქეთ, უბრალოდ ლიმბოსგან იმით განსხვავდება ეს პერიოდი, რომ მე მომავალს მაინც იმედიანად ვუყურებ და ზუსტად ვიცი, იქ მოვხვდები, სადაც მინდა“.

ნიკა უნივერსიტეტისგან ბევრს მოელის და გვიხსნის, რომ ეს სკოლისგან ბევრად უფრო განსხვავებული გამოცდილება იქნება, რადგან აქ სტუდენტი სრულიად დამოუკიდებელია და საკუთარ თავზე თვითონ აგებს პასუხს.

„სკოლებში თითქოს არ ესმით, რომ მოსწავლეებიც ინდივიდუალური, დამოუკიდებელი ტიპები არიან. იქ თუ რამე პრობლემა გქონდა, შენთან გასაუბრების ნაცვლად ერჩივნათ, რომ მშობლებისთვის ეთქვათ ყველაფერი, ეს მიდგომა სულ სხვანაირადაა უნივერსიტეტში. აქ მე თვითონვე ვიქნები ჩემს წარმატებებზე თუ წარუმატებლობებზე პასუხისმგებელი. ამიტომ, სულ სხვანაირი ჟინით და სიხარულით ველი სტუდენტობის პერიოდის დადგომას“, – ამბობს ნიკა.
კიდევ ერთი აბიტურიენტი, ქეთი ხასაია ენერგიების აღდგენას საქართველოს რომელიმე ზღვისპირა ქალაქში აპირებს. მისი თქმით, ბოლო ერთი წელი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, ყველა საკუთარი გამოწვევითა თუ წინაღობით.

„ძალიან დატვირთული, მნიშვნელოვანი და საინტერესო ერთი წელი გამოვიარე. თავისთავად, ძალიან ვნერვიულობდი გამოცდაზე, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, სრულიად უსაფუძვლო მგონია ის ნერვიულობა. მომავალ აბიტურიენტებსაც ამას ვურჩევდი, ბევრი არ ინერვიულონ, არ სჭირდებათ. ასე თუ ისე, ცოტას მაინც თუ იმეცადინებენ, აუცილებლად ჩააბარებენ ყველაფერს, მათ უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის“, – ეუბნება ქეთი EDU.ARIS.GE-ს.

ის სტუდენტობას განსაკუთრებულად ელის იმისდა მიუხედავად, რომ ჯერ არ იცის როგორი იქნება მისთვის ცხოვრების ეს ეტაპი, თუმცა დარწმუნებულია, რომ მოსწავლეობისა და აბიტურიენტობისგან რადიკალურად განსხვავებულ ამბებს უნდა შეეჭიდოს.

ზღვაზე დასვენებას აპირებს მეგი კარანაძეც და გვიყვება, რომ გამოცდების დასრულების შემდეგ, ახლა უფრო მეტ დროს დაუთმობს მონატრებულ მეგობრებს, რომლებსაც მოუცლელობის გამო, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ნახულობდა.

„მთელი წელი ძალიან ემოციურად ვიყავი გამოცდებისადმი განწყობილი და ძალიან მეშინოდა. ნერვიულობამ კი, უშუალოდ გამოცდის წინა დღეს, განსაკუთრებით იმატა. თუმცა, პირველი გამოცდის შემდეგ, ეს დაძაბულობაც მომეხსნა, რადგან ვნახე, რომ არაფერი არ არის საშიში“, – ამბობს მეგი და ამატებს, რომ მიუხედავად უფრო რთული გამოწვევებისა, ახალი გარემოსა და ბევრი გამოწვევისა, სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი იქნება მის ცხოვრებაში.

სტუდენტობა მართლაც გამორჩეული პერიოდია ახალგაზრდების ცხოვრებაში. ბევრი ამას გამოწვევასაც არ ეძახის და თვლის, რომ სტუდენტობა არის დრო, როცა ადამიანებს შეუძლიათ, ერთდროულად დააგროვონ ცოდნა, გამოცდილება, მეგობრები და ბევრი სახალისო მოგონება. მთავარია თქვენ, აწ უკვე ყოფილი აბიტურიენტები როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობებს.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.