საქართველოს შეუძლია პარტნიორებს დაეყრდნოს – ზურაბიშვილი | NATO-რუსეთის შეხვედრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა.
„დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა იენს სტოლტემბერგის მიერ. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს მის პარტნიორებს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში“, – წერია ზურაბიშვილის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.
Important statement today by @jensstoltenberg. In these difficult geopolitical times, we see that Georgia can rely on its partners to continue supporting our sovereignty and territorial integrity.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 12, 2022
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-რუსეთის შეხვედრისას რუსეთმა კიდევ ერთხელ მოითხოვა დეკემბერში გაცხადებული შეთავაზებების შესრულება, ხოლო NATO-ს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკისადმი მხარდაჭერა.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს არ ყოფილა ადვილი დისკუსია, მაგრამ სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ იყო ესოდენ მნიშვნელოვანი“, – ასე დაიწყო სტოლტენბერგმა შეხვედრის შესახებ საუბარი.
მისი განცხადებით, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ნატოს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის.
„დღეს რუსეთმა წამოჭრა ის წინადადებები, რომლებიც ეხება რუსეთის უსაფრთხოების რისკებს და რომლის შესახებაც დეკემბერში განაცხადეს. ეს მოიცავს მოთხოვნებს, რომ ნატომ შეწყვიტოს ახალი წევრების მიღება და გაიწვიოს საკუთარი ძალები აღმოსავლეთ მოკავშირეების ტერიტორიიდან.
თავის მხრივ, NATO-ს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი და სახელმწიფოთა მიერ უსაფრთხოების პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოების უფლებისადმი მხარდაჭერა.
მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ შეწყვეტენ ერთმანეთის დაცვასა და მხარდაჭერას, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების განლაგებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე NATO-ს წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების გამო უკრაინის საზღვართან, ასევე მოუწოდეს მას, რომ პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიები, „მისი ჯარები ამ ქვეყნების ტერიტორიაზე არავის მიუწვევია“.
„რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ეს ძალები არ არიან აქ მოწვეულნი და მიღებულნი.
შეხვედრაზე ნატოს მოკავშირე ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ ძალები გამოიყვანოს და პატივი სცეს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ყველა ქვეყნის საზღვრების პატივისცემა არის ფუნდამენტური პრინციპი ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მხარეებს შორის გამართული დღევანდელი შეხვედრა თითქმის 4 საათი გაგრძელდა.
2021 წლის ბოლოს, ოფიციალურმა მოსკოვმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვა, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.
რუსეთის საგარეო უწყება ამ მოთხოვნას „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებით“ ხსნიდა და ალიანსს სხვადასხვა პირობებს უყენებდა.
ამჟამად ჟენევაში რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. თუმცა ვაშინგტონში შეხვედრისგან „დიდ გარღვევას არ ელიან“, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვრიდან სამხედრო ძალებს არ გაიყვანს.
ამ თემაზე გირჩევთ: