ახალი ამბები

საჭიროა მეტი სერვისი მსხვერპლებისთვის — როგორ ასრულებს საქართველო სტამბოლის კონვენციას

საჭიროა მეტი სერვისი მსხვერპლებისთვის — როგორ ასრულებს საქართველო სტამბოლის კონვენციას

ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო ორგანო GREVIO საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ პირველ შეფასებით ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია, საბჭო მიესალმება კანონმდებლობის კუთხით გადადმულ ნაბიჯებს, საჭიროა მეტი სერვისი მსხვერპლთათვის და მეტი პრევენციული ზომის მიღება მოძალადეთათვის.

„საჭიროა შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები; უნდა შეიქმნას მეტი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალური ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით; უნდა აღმოიფხვრას მსხვერპლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული დაბრკოლებები და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქალთა თანაბარი სტატუსის განსამტკიცებლად ქართულ საზოგადოებაში, სადაც ჯერ კიდევ ჭარბობს პატრიარქალური განწყობები,“ — აღნიშულია შეფასებაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენდა.

„2019 წელს კანონმდებლობაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები სექსუალური შევიწროების აკრძალვის კუთხით და დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების განმარტება კვლავ საჭიროებს ცვლილებებს, რათა სრულად მოხდეს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ნებაყოფლობით გაცემული თანხმობის არარსებობის ცნების ასახვა.

მსხვერპლებს არ აქვთ წვდომა სრულად ფუნქციურ გაუპატიურების ან და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალურ ცენტრებზე, რომლებიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ადეკვატურად იქნებოდა განაწილებული მთელ საქართველოში. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ძალიან მცირერიცხოვანია იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ან ასეთი საფრთხის ქვეშ მყოფი ქალებისა და გოგონებისთვის არსებული სერვისები.

ადმინისტრაციული მოთხოვნები, როგორიც არის მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მიღება, აბრკოლებს ქალთა წვდომას ოჯახში ძალადობის თავშესაფრებზე. GREVIO ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა დამხმარე სერვისებზე და დაცვის მექანიზმებზე  ინტერსეცქიული დისკრიმინაციის რისკის წინაშე მყოფი ქალებისათვის, რომლებიც არიან მაგალითად ეროვნული და/ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და ლტოლვილები, ლესბოსელები, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ქალები, ხანდაზმული ქალები. ძალადობის შემსწრე ბავშვები ხშირად სისტემისთვის უხილავნი რჩებიან. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები და გაიზარდოს არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალადობის საწინააღმდეგო კანონმდებლობასა და პოლიტიკის შემუშავებაში,“ — ნათქვამია დოკუმენტში.

GREVIO ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის მექანიზმები სერიოზულ ნაკლოვანებებს აწყდება: გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მოკლებულია ოპერატიულობას, ეფექტურობასა და მგრძნობიარობას. ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი ზომების მიღებას სწრაფი და ადექვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებში. უნდა გამოვლინდეს და გადაიხედოს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სასამართლოში გაუპატიურების მტკიცების ძალიან მაღალ ზღურბლს და მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული მთელი პროცესის განმავლობაში.

„მყისიერი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა დაწესებული სისხლისსამართლებრივი სასჯელები იყოს პრევენციული და დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი, სასამართლომ კი უნდა გაითვალისწინოს ოჯახში ძალადობის ყველა ინციდენტი პატიმრობის ან პაემნის უფლების შესახებ გადაწყევტილების მიღებისას.

გარდა ამისა, GREVIO მოუწოდებს ხელისუფლებას გადახედოს პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გაცემის პროცესს, დაადგინოს და რეაგირება მოახდინოს სასამართლოს მიერ გაუქმებული ორდერების მაღალი პროპორციულობის მიზეზებზე (დაახლოებით 60% 2018-2021 წლებში) და ასევე განახორციელოს ამ ორდერების აღსრულების მონიტორინგი. ანალოგიურად, უნდა დადგინდეს თუ რა მიზეზებით არის გამოწვეული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დარღვევის მაღალი მაჩვენებელი და მოხდეს ადეკვატური სანქციების გამოყენება ასეთი ორდერების დარღვევის შემთხვევაში. GREVIO დიდი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც 2018 წელს შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 60, ხოლო 2019 წელს 516 შემთხვევაში, გამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა,“ — ნათქვამია სადამკვირვებლო ორგანოს დასკვნაში. 

თავის ანგარიშში, GREVIO ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც საჭიროებენ დაცვას, განურჩევლად მათი სტატუსისა და საცხოვრებელი ადგილისა, არავითარ შემთხვევაში არ იქნან დაბრუნებული იმ ქვეყანაში, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან სადაც ისინი შეიძლება დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას.

„დაბოლოს, GREVIO მიუთითებს, რომ პატრიარქალური დამოკიდებულებები და სტერეოტიპები გენდერული როლებსა და მისაღები ქცევის შესახებ კვლავაც გავრცელებულია ქართულ საზოგადოებაში. რეაგირებას მოითხოვს ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები და მედიის მიერ მათი გავრცელება. საჭიროა მყისიერი ძალისხმევა საზოგადოებაში, საჯარო დისკურსსა და მედიაში ქალების თანაბარი სტატუსის გასაზრდელად,“ — აღნიშნულია დოკუმენტში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.