“ქართული მხარე აფხაზეთში NGO-ების მეშვეობით ანტირუსულ განწყობებს თესავს”
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსულ sputnik-თან ინტერვიუში, კიდევ ერთხელ ისაუბრა აფხაზეთში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პრო-ქართული ამოცანების შესრულებაზე და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ [კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ] კანონის მიღების საჭიროებაზე განაცხადა.
კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ რუსეთში მოქმედებს და რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია პირდაპირ თუ ირიბად, რომ იდენტური კანონი აფხაზეთმაც უნდა მიიღოს. აფხაზეთში არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, 2023 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის პარლამენტში შევა კანონპროექტი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. ინიციატივას აფხაზური არასამთავრობო სექტორი მხარს არ უჭერს.
როგორც არძინბა აცხადებს, აფხაზეთში დღეს 11 საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ საქმეს აკეთებს სხვადასხვა აქტივობის საშუალებით. მაგალითისთვის მან დაასახელა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და მისი წარმომადგენელი, საფრანგეთის მოქალაქე ტიფენ ლუკასი, რომელიც გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზის სიახლოვეს აფხაზური ვაზის ჯიშების განვითარების პროექტზე მუშაობდა, სინამდვილეში კი, მისი თქმით, ბაზის შესახებ ინფორმაციის შეგროვებით იყო დაკავებული. როგორც არძინბა ამბობს, აფხაზეთში ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და მისი ცნობით, მან უკვე დატოვა აფხაზეთის ტერიტორია.
ამასთან, არძინბას თქმით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს აფხაზურ საზოგადოებაში სწორედ არასამთავრობოების მეშვეობით საქართველო ამწვავებს და ანტირუსულ განწყობებს თესავს. მტკიცებულებად მან დაასახელა თბილისში მცხოვრები აფხაზი ტიკ-ტოკ ბლოგერი დაურ ბუავა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის გავლენებზე და ბიჭვინთის გასხვისებაზე საუბრობს.
“ისტორიულ გზაგასაყარზე ვიმყოფებით. ახლა უნდა განვსაზღვროთ, როგორი მომავალი გველის. დასავლეთის ქვეყნებმა და გლობალური მართვის ინსტიტუტებმა მხარი დაუჭირეს უკრაინელ ბანდიტებსა და ნეონაცისტებს, და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენს მოკავშირეს, რუსეთის ფედერაციას ავნონ. მათთვის სასარგებლოა ყველაფერი, რაც ავნებს რუსეთს და საზიანოა ის, რაც სასარგებლოა რუსეთისთვის და მისი მოკავშირეებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის რჩეულები შეძლებენ ობიექტურად განიხილონ შეთანხმება სახელმწიფო აგარაკის შესახებ. ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციებზე დაყრდნობით, უნდა ღიად და პატიოსნად შეუთანხმონ ხალხს, ესაუბრონ ამომრჩეველს, უფროსებს. უპრეცედენტო პოლიტიზაციაა ბიჭვინთის აგარაკის საკითხზე. გარე ძალების მიერ ხელოვნურად ხდება. ჩვენი ინფორმაციით, საერთაშორისო და არასამთვრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ ამაში და მათ ზურგს უკან საქართველო”.
შესაბამისად, როგორც არძინბა აცხადებს, ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გამო, მისი უწყება მხარს უჭერს აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების შესახებ კანონის შემუშავებას.