ახალი ამბები

ომბუდსმენმა “ევოლუშენ ჯორჯიაში” სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

ომბუდსმენმა “ევოლუშენ ჯორჯიაში” სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს “ევოლუშენ ჯორჯიაში” სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა, რის შემდეგაც მოპასუხესა და დამსაქმებელს რეკომენდაციებით მიმართა.

ომბუდსმენის თანახმად, განმცხადებელი მ.გ. ზემოხსენებულ კომპანიაში, ორი წელია, დილერის პოზიციაზე საქმიანობს. მისი თქმით, 2021 წლის 12 თებერვალს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როცა “ფეისბუკზე” ე.წ. სთორი დადო.

აღნიშნულის საპასუხოდ, მისმა თანამშრომელმა გ.კ.-მ, რომელიც “შაფლერის”(კარტის მჩეხავი) პოზიციაზეა დასაქმებული, არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა განმცხადებელს. მასში ეწერა:

“პირი დაკუმე ბუზი არ შეგიფრინდეს. ისედაც ლამაზი და მიმზიდველი ხარ არ გინდა ხელოვნურად პირის გაღებები და მკერდის გამოჩენები, რაც დაფარულია ის ყოველთვის უფრო ლამაზი და მიმზიდველია.

ასე ძაან გეჩქარება გათხოვება? ის რომ ჭამო რაღაც კვერიები? გზაჯვარედინზეაო ლედიმ რო გაჩითა ნანუკას შოუში”.

სახალხო დამცველის მიხედვით, შეტყობინების მიღების შემდგომ, განმცხადებელმა დაიწყო ტირილი და „ფეისბუკზე“ მოპასუხე დაბლოკა. განმცხადებლის მითითებით, მისი მეგობარი დაუკავშირდა გ. კ.-ს და უთხრა, რომ გოგონას აწყენინა, ტირის და აღარ მიეწერა მისთვის.

განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ტელეფონის ნომერი სთხოვა, რაზეც უარი უთხრა.

ომბუდსმენის თანახმად, გ. კ.-მ განმცხადებელს ნომრის მიცემასთან დაკავშირებით მისწერა:

“როცა გწერ ვერ მწერ დროულად, იმიტომ რომ გირეკავენ ტელზე, და მერე უკვე მე დაგირეკავ და არ მომიწევს დიდი ხანი ლოდინი”… “შენს ნომერს აქეთ მოგწერ რომ მოვინდომო რამოდენიმე წუთში”.

ამასთან, განმცხადებლის მიხედვით, 2021 წლის 15 თებერვალს, “ევოლუშენ ჯორჯიას” ერთ-ერთ თანამშრომელთან საუბრისას გ. კ.-მა თქვა, რომ განმცხადებელი არის “ორღობის ბოზი”; ასევე, “სისხლი დაიღვრებოდა, თუ ვინმე განმცხადებელს დაიცავდა”.

“ომბუდსმენმა შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მათ შორის, განმცხადებლის გამოკითხვის ოქმი, მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, ასევე მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია და მივიდა დასკვნამდე, რომ კოლეგის მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ ქცევას, რომელმაც დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა დასაქმებულს.

“სახალხო დამცველის შეფასებით, დასაქმებულისათვის ტელეფონის ნომრის გამორთმევამ, სექსუალური შინაარსის შეურაცხმყოფელი შეტყობინების გაგზავნამ და სხვა თანამშრომელთან მისი ცხოვრების სექსუალურ ჭრილში დამამცირებელმა შეფასებამ განმცხადებელს მტრული გარემო შეუქმნა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ “სთორის” გამოქვეყნების შემდეგ ზემოხსენებული შეტყობინების გაგზავნის ფაქტი დაადასტურა თავად მოპასუხემაც, თუმცა, მისი აზრით, შეტყობინებას არ ჰქონია შეურაცხმყოფელი შინაარსი.

რაც შეეხება თავად”ევოლუშენ ჯორჯიას”: ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვისა და მხარეებთან გასაუბრების შემდგომ, კომპანია მივიდა დასკვნამდე, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები შესაძლო სექსუალური შევიწროების დასადგენად. შესაბამისად, კომპანიამ თავად შესთავაზა მ. გ.-ს, მიემართა შრომის ინსპექციისთვის და შესაბამისი პროცედურებიც გააცნო.

სახალხო დამცველი არ იზიარებს კომპანიის ამ მოსაზრებას და რეკომენდაციით მიმართავს:

გ. კ.-ს

მომავალში, სამუშაო ადგილზე თუ სხვა სფეროში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო;

შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“

მომავალში ეფექტიანად შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები; შიდაორგანიზაციულ დოკუმენტში გაითვალისწინოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრების და შესწავლის პროცედურა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.