სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება – სამინისტრო ცალკეულად დახურული კლასების რაოდენობას არ აქვეყნებს
“კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე”, – აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 5 თებერვლის ინფორმაციაში, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების მიზეზით დახურული სკოლებისა და კლასების შესახებ განახლებული ინფორმაციაა გამოქვეყნებული, თუმცა მასში აღარ წერია რამდენია კორონავირუსის მიზეზით დახურული ცალკეული კლასების რაოდენობა.
მიხეილ ჩხენკელის უწყება გვამცნობს, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
“ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს. სკოლის ექიმები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გადაამზადეს”, – აცხადებენ სამინისტროში.
იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება. სკოლებში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.
ასევე იხილეთ:
სკოლაში სწავლის განახლების მესამე კვირას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა 26 081-მა მოსწავლემ მოითხოვა