ახალი ამბები

სამხარაძის თქმით, ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ მიუღებელია ზოგიერთი მათგანის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა

სამხარაძის თქმით, ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ მიუღებელია ზოგიერთი მათგანის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრისას განიხილა იმ ევროპარლამენტარების საკითხი, რომლებიც “საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან”.

სამხარაძის თქმით, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ იმ ევროპარლამენტარებს დაელაპარაკება, ვისაც მისი პრეტენზიები ეხება.

“მე დავაყენე ეს საკითხი და ვუთხარი, რომ ჩემთვის, როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის, და ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელია, რომ რომელიმე ევროპარლამენტარის მხრიდან იყოს მსგავსი ტიპის რიტორიკა და ჩარევა [შიდა საქმეებში].

ჩემი კოლეგისგან, ბატონი დევიდ მაკალისტერისგან მივიღე პასუხად, რომ ეს კრიტიკა მიღებულია და ისინი ამის შესახებ დაელაპარაკებიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ”, – განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძემ არ დააკონკრეტა, რომელ ევროპარლამანტარებს გულისხმობს. თუმცა თქვა, რომ არ იგულისხმება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც თავისი კრიტიკული განცხადებების გამო მმართველი გუნდის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. დღეს კი კრამონი თბილისში მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში იყო და “ოცნების” წარმომადგენლებსაც შეხვდა.

“მე ჩემს განცხადებაში ვიოლა ფონ კრამონი არ მიგულისხმია. შესაბამისად, ქალბატონმა ვიოლამაც კარგად იცის იმიტომ, რომ ჩემ პირისპირ იჯდა. მე ზუსტად ეს ვუთხარი, რომ როცა რომელიმე ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის, შეურაცხმყოფელი იქნება, მე მას პასუხს აუცილებლად დავუბრუნებ.

“ეს ჩვეულებრივად მიიღეს [საგარეო] კომიტეტის წევრებმა, რადგან ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. როცა შენ შეიძლება დაგიძახონ მოღალატე ან რუსეთის ინტერესების გამტარებელი, მაშინ მე მაქვს უფლება, ამას ასევე მძაფრად ვუპასუხო და, შესაბამისად, ეს მათ ვუთხარი, ეს ჩვეულებრივად იქნა მიღებული, აღქმული”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღეს, 20 ივლისს, საქართველოს ეწვია ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომელიც პრეზიდენტის გარდა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.