ახალი ამბები

რუსი რეპერი გეგმავს ომის საწინააღმდეგო კონცერტებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად

რუსი რეპერი გეგმავს ომის საწინააღმდეგო კონცერტებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად

რუსი რეპერი ოქსიმორონი გეგმავს კონცერტების სერიას “რუსები ომის წინააღმდეგ”. პირველი კონცერტი თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება.

ვიდეომიმართვაში, რომელიც 11 მარტს “ტვიტერზე”, ოქსიმორონის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, რეპერი კვლავ მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის აგრესიას და ამბობს, რომ კონცერტებიდან შემოსული თანხა  უკრაინელ ლტოლვილებს გადაერიცხებათ.

“ეს ომი ჰუმანიტარულ კატასტროფად გადაიქცა: საცხოვრებელი კვარტლები იბომბება და უკვე 2 მილიონზე მეტი ლტოლვილია უკრაინიდან. მე და ჩემს გუნდს გვინდა, დავეხმაროთ [მათ] ისე, როგორც შეგვიძლია.

ამიტომ, ამ კონცერტების მთელი შემოსავალი მიეცემათ ლტოლვილებს, რომლებიც ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინას ტოვებენ და პოლონეთის საზღვარს კვეთენ”, — დასძენს ის.

ოქსიმორონის თქმით, კონცერტი გადაიცემა Instagram-ზე, Twich-სა და Youtube-ზეც. უკანასკნელ ორ პლატფორმაზე მსურველებს საშუალება ექნებათ, თანხა გადარიცხონ ლტოლვილთა დასახმარებლად.

“გაბრაზებული ვარ… რადგან ომი უკრაინაში მეორე კვირაა გრძელდება და მაინც, არის ათობით მილიონი რუსი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ომს. ვფიქრობ, ეს, რაც შეიძლება, ხმამაღლა უნდა იყოს ნათქვამი”, — აღნიშნავს რეპერი ვიდეომიმართვაში.

მისივე სიტყვებით, რუსეთის შიგნით ომის საწინააღმდეგო კონცერტის ორგანიზება შეუძლებელია, “რადგან, რაც უნდა გიჟურად ჟღერდეს, დღეისათვის ყველაფერი ომის საწინააღმდეგო უკანონოა, არის სრული ცენზურა და ყველა, ვინც ომის წინააღმდეგ ილაპარაკებს, ხდება სისხლისსამართლებრივი დევნის პოტენციური ობიექტი”.

“თუ თქვენ ხართ ამ ომის წინააღმდეგი, უკრაინაში — ომისა და რუსეთში — რეპრესიების წინააღმდეგი, შემოდით Twich-ზე, შემოდით სხვა სტრიმებზე და შემოუერთდით კონცერტს”, — მიმართავს ოქსიმორონი მსმენელს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

ოქსიმორონმა პირველივე დღეს ცალსახად დაგმო ეს ომი, მოსკოვსა და პეტერბურგში დაგეგმილი კონცერტები კი გააუქმა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.