ახალი ამბები

საქართველოს ისტორია ცალკე საგნად – პოპულისტური ნაბიჯი თუ რეალური ცვლილება?

საქართველოს ისტორია ცალკე საგნად – პოპულისტური ნაბიჯი თუ რეალური ცვლილება?

„ეროვნული საქმე“, „გონივრული გადაწყვეტილება“ – ამ სიტყვებით შეაფასა EDU.ARIS.GE-ს მკითხველმა განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ 7 მარტს გამოცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც, დასტურდება, რომ საქართველოს ისტორიას, მომავალში ცალკე საგნად ასწავლიან X-XII კლასებში, თუმცა ამ „ეროვნული საქმის“ შესრულებასთან დაკავშირებული ბევრი დეტალი გაურკვეველი და ბუნდოვანია.

ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებსო, – დაგვიწერა სულმნათმა ილიამ, თუმცა რამდენად აწუხებთ იქ, ზემოთ „რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც“, საკითხავია, რადგან უკვე წლებია, რაც საქართველოს ისტორია, როგორც ცალკე საგანი სკოლაში აღარ ისწავლება. ახლა კი, თითქოს საშვილიშვილო ამბავს ეყრება საფუძველი, რადგან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩამოყალიბებული პუნქტი, – „ისტორია (მოიცავს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის საკითხებს და ისწავლება VII-XII კლასებში)“, – დაკორექტირდა და ასე ჩაიწერა: „ისტორია (მოიცავს საგანს „ისტორია“ და ისწავლება VII-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება X-XII კლასებში)“.

აღნიშნული ჩანაწერის შესაბამისად, მომავალში, X-XII კლასებში, საქართველოს ისტორიას, როგორც ცალკე საგანს, ისე ისწავლიან. ახალი გადაწყვეტილება უამრავი ადამიანისთვის იმედის მომცემად იქცა და EDU.ARIS.GE-ზე გამოქვეყნებული სტატია – „განათლების მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა – როგორ გამოიყო საქართველოს ისტორია ცალკე საგნად“ – 50 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ წაიკითხა.

განათლების მინისტრის მიერ 7 მარტს გამოცემული ბრძანების დანართში ნათქვამია, რომ ახალი სტანდარტი განკუთვნილია საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომლის მის საფუძველზეც უნდა მომზადდეს ორი კურსი. პირველი მათგანი, „ისტორია“ გულისხმობს მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენების/პროცესების შესწავლას და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას. მეორე კურსის, „საქართველოს ისტორია“ ფარგლებში კი აქცენტი კეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე/სიღრმისეულ გააზრებაზე.

ჩვენი განათლების სისტემაში „ეროვნული საქმის“ სახელით წამოწყებული ბევრი რამ გვინახავს, თუმცა იშვიათად ყოფილა დასასრული სასიკეთო და ქვეყნისთვის მართლაც რომ ეროვნული საქმე. საქართველოს ისტორია, როგორც ცალკე საგანი, უკვე ბევრი წელია აღარ ისწავლება ჩვენს სკოლებში. ამ დროს თითქოს არავინ დაობს, რომ ეს მდიდარი ისტორია აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ დრომდე ვერავინ მოახერხა, სწორად განესაზღვრა ამ ესოდენ მნიშნელოვანი და სენსიტიური საგნის სანიმუშო სასკოლო სახელმძღვანელოებად გადაქცევა. 10-15 წლის წინაც ვიცოდით, რომ საქართველოს ისტორიის წიგნები შესაშური არ გვაქვს და ალბათ უფრო ადრეც. ბუნებრივად იბადება კითხვა, მოახერხებს კი დღევანდელი განათლების სფეროს სათავეში მყოფი პირი ამ ყველაფერს, არსებობს ამისთვის რაიმე სახის წინაპირობა?

საკითხავია, ვინ შეიძლება მოამზადოს შესაბამისი საგნობრივი სახელმძღვანელოები, რომ საგნის სწავლება მოხდეს ობიექტური ანალიზის საფუძველზე, ქვეყნის ინტერესებიდან და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ ხელისუფლებაში ყოველი ახალი ძალის მოსვლისას სახელმძღვანელო არ შეიცვალოს, რადგან, როგორც სასწავლო გეგმაში უნდა გაიწეროს, სხვა საკითებთან ერთად, XII კლასი მოსწავლემ უნდა შეძლოს:

„1990-იანი წლების შემდგომი პერიოდის საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული სოციალური და პოლიტიკური მოვლენების/პროცესების კვლევა, საკვლევ თემასთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების ტიპოლოგიურად დაჯგუფება, სხვადასხვა პერსპექტივიდან გაანალიზება, მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, საკვლევი თემის ისტორიული მნიშვნელობის გააზრება და მისი ინტერპრეტირება მოვლენის თანამედროვის თვალით“.

როგორი და რა ფორმატის სახელმძღვანელოებში ჩაეტევა მრავალსაუკუნოვანი ერის ისტორია, ვინ იქნებიან მისი ავტორები და რამდენად შორს მდგომები თანამედროვე პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოებისგან, რომ მოსწავლემ სწორად განსაზღვროს თანამედროვე ეპოქის მახასიათებლების გააზრება? რატომ არ ისწავლებოდა წლების განმავლობაში სკოლებში საქართველოს ისტორია ცალკე საგნად, რატომ იყო მსოფლიო ისტორიის საფარქვეშ გაერთიანებული? შევიდა კი რეალურად ისეთი ცვლილება სასწავლო გეგმაში, რომელმაც, როგორც იქნა, გაახარა ჩვენი საზოგადოება თუ რეალურად არაფერი შეცვლილა? – ეს ის კითხვებია, რომელზეც განათლების სამინისტრო დუმს.

რატომ დუმს? სამინისტროს მეფე ისევ შიშველია?

ასევე იხილეთ:

„განათლების მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა – როგორ გამოიყო საქართველოს ისტორია ცალკე საგნად“

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.