ახალი ამბები

სკოლის ექიმმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მოსწავლის დღის რეჟიმის შემუშავებაში – ექიმის ფუნქციები ორი მინისტრის ბრძანებაში გაიწერა

სკოლის ექიმმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მოსწავლის დღის რეჟიმის შემუშავებაში – ექიმის ფუნქციები ორი მინისტრის ბრძანებაში გაიწერა

საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანება გამოსცეს, რომელიც სკოლებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტს და სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებას განსაზღვრავს.

მინისტრების ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც 22 მარტს გასაჯაროვდა ადგენს, რომ სკოლის ექიმს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება და ფლობდეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს. სკოლის ექთანს კი უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლება და ახორციელებდეს სკოლის ექიმის დამხმარე საქმიანობას დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, პირი ფლობდეს საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში:

  • „პედიატრია“;
  • „საოჯახო მედიცინა“;
  • „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“.

სკოლის ექიმის კომპეტენციაა:

  • მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება მოსწავლის ან სკოლის პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობაზე (ტრავმა, დაზიანება, დამწვრობა, მწვავე ტკივილი, მოწამვლა, ასფიქსია, კრუნჩხვა, შოკი, ცნობიერების მოშლა, ცხელება და სხვა მსგავსი მდგომარეობა);
  • შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ;
  • პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულების მართვის ელექტრონულ სისტემაში წვდომის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიძიოს არსებული ინფორმაცია მოსწავლის/პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ და გაითვალისწინოს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს;
  • მოსწავლის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმართოს დირექციას (სკოლის ხელმძღვანელობის მიერ შეთანხმებული ფორმით) მათი საგაკვეთილო პროცესიდან განთავისუფლების შესახებ, მიმართოს მოსწავლის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს და მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებული მიმართვები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმაში.
  • მოახდინოს სკოლაში იმ გარემო ფაქტორების შეფასება, რომლებიც შეიცავს ფიზიკური დაზიანების რისკებს (სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა, ჭრილობის მიყენება, დამწვრობა და ა. შ); მიიღოს პრევენციული ზომები; შეატყობინოს სკოლის შესაბამის პასუხისმგებელ პირს საფრთხის არსებობის შესახებ და გაუწიოს ზედამხედველობა საფრთხის სრულად აღმოფხვრის პროცესს;
  • საჭირო პერიოდულობით განახორციელოს სამედიცინო შემოწმების ღონისძიებები:
  • ბავშვთა ასაკში გავრცელებული იმ დაავადებების დროული აღმოჩენისა და გართულების პრევენციისათვის, როგორიცაა: სქოლიოზი, ბრტყელი ან/და ვალგუსური ტერფი, ტანადობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები, მხედველობისა და მეტყველების დარღვევები, პირის ღრუს დაავადებები;
  • მოსწავლის ანთროპომეტრული მონაცემების შეფასება ასაკობრივ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • პედიკულოზის პრევენციის მიზნით;
  • მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და ხშირად მოავადე მოსწავლეებს;
  • ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან იქონიოს კომუნიკაცია და გასცეს საჭირო რეკომენდაციები;
  • გაატაროს საჭირო ღონისძიებები სკოლაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებებს;
  • გაუწიოს ზედამხედველობა მოსწავლეთა იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს (ჩატარებული გეგმური და არაგეგმური აცრების ისტორიის ამსახველი დოკუმენტების მოთხოვნა მოსწავლის მშობლისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან და მათი შესწავლა. გამოტოვებული ან/და უახლოეს პერიოდში აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის);
  • განახორციელოს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საქმიანობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი, მავნე ჩვევების დაძლევა, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მათ შორის მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნაადრევი ქორწინების რისკები და სხვა;
  • განახორციელოს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა. სკოლის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია დალაგების წესის, გამოსაყენებელი ხსნარების, დასუფთავების რეჟიმის, ნარჩენების მართვისა და სხვა დაკავშირებული დეტალების შესახებ;
  • გაუწიოს ზედამხედველობა სკოლაში სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას;
  • მიიღოს მონაწილეობა მოსწავლის დღის რეჟიმის, საგაკვეთილო და დასვენების რეჟიმის შემუშავებაში;
  • განახორციელოს მოსწავლეზე ძალადობის, არასათანადო მოპყრობის ან სხვა მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, სკოლის დირექციის, სოციალური სამსახურის და სხვა შესაბამისი უწყებების ინფორმირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ამოცნობის/შეფასების, რეფერირებისა და შესაბამისი დოკუმენტირების უზრუნველყოფის მიზნით, მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეჭვის, საფუძვლიანი ეჭვისა და დადასტურებულ შემთხვევაში, სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმასთან ერთად შეავსოს ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტაცია „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ შესაბამისად;
  • განახორციელოს წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი (სამედიცინო შემთხვევების რაოდენობა და ტიპები, პერიოდული სამედიცინო შემოწმებით გამოვლენილი განვითარების დარღვევები, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.) და მოამზადოს საჭირო წინადადებები და რეკომენდაციები სკოლის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
  • დაიცვას პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

სკოლის ექიმისთვის დაუშვებელია:

  • მოსწავლის ჯანმრთელობის პრობლემით მიმართვისას, სკოლის ექიმი შემოიფარგლოს მხოლოდ მის მიერ ჩატარებული სამედიცინო ჩარევით, როცა სახეზეა მოსწავლის სამედიცინო დაწესებულებასთან მიმართვის აუცილებლობა.
  • სკოლის ექიმი სასწავლო დაწესებულებაში განსაზღვრული სამუშაო საათების დროს დაკავდეს პარალელური პროფესიული საქმიანობით (სკოლის ექიმს არ ეკრძალება პარალელური ინდივიდუალური საექიმო საქმიანობა ან სამედიცინო დაწესებულებაში საქმიანობა, თუმცა, აღნიშნული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ სკოლის ექიმისთვის განსაზღვრული სამუშაო საათების მიღმა).
  • სკოლის ექიმის მხრიდან ნებისმიერი სახის გულგრილობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ.

სკოლის ექიმი ვალდებულია, გამოიყენოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი. ჟურნალი უნდა მოიცავდეს ისეთ ზოგად ინფორმაციას, როგორიცაა: პაციენტის სახელი, გვარი, კლასი (ასაკი), მიმართვის თარიღი და მიზეზი. სკოლის ექიმის მიერ წარმოებული სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი და სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა წარმოადგენს სკოლის სამედიცინო დოკუმენტაციას, რომელიც შესაძლებელია წარმოებულ იქნეს როგორც ელექტრონულად, ისე ქაღალდის მატარებელზე და მასზე წვდომა ექნება სკოლის ექიმს/სკოლის ექთანს. სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი ინახება დახურვიდან 5 წლის ვადით, ხოლო სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა მოსწავლის მიერ სკოლის დამთავრებამდე/სხვა სკოლაში გადასვლამდე, რის შემდეგაც გადაეცემა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს/სრულწლოვან კურსდამთავრებულს სხვა დოკუმენტებთან ერთად. სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი 5 წლის ვადის გასვლის შემდეგ განადგურდება წაშლის/მატერიალურად განადგურების გზით.

რაც შეეხება სკოლის სამედიცინო პერსონალის შერჩევის წესს, ბრძანების მიხედვით, სკოლის სამედიცინო პერსონალის შერჩევა უნდა განხორციელდეს სკოლის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ.

როგორია სკოლის ექთნის კომპეტენცია, როგორ მოხდება კომპეტენციათა განაწილება პასუხისმგებელ უწყებებს შორის, ვინ შეარჩევს საჭირო კადრებს, როგორი იქნება სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა თუ სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის საჭირო სივრცე და სხვა დეტალები, იხილეთ ბრძანებაში.

ასევე იხილეთ:

კანონი, რომელიც ყველა სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა – დოკუმენტი

განათლების კომიტეტში მედიკოსების ინიციატივა დაიწუნეს – „სკოლებში ექიმებს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები დაადგენენ“

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.