„ეს არის საშიში იდეოლოგია“ – მეგრელიშვილი განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს
საკანონმდებლო ორგანოში დღეს “საშიში იდეოლოგია” უწოდეს მიზეზს, რომლის გამოც კერძო სკოლებსაც არ ეძლევათ უფლება, რომ სკოლაში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები მიიღონ, თუკი საჯარო სკოლას ამის შესაძლებლობა არ აქვს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის დეტალებს განიხილავდნენ, რომელიც განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილებას უკავშირდება. კერძოდ კი, 2022-2023 სასწავლო წელს სკოლაში შესვლა მოუწევთ იმ ბავშვებს, ვისაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. მომავალში კი დაგეგმილია ეს ასაკი 1-ელი ოქტომბრის მაგივრად, 31 დეკემბრით განისაზღვროს. ცვლილებას პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავდნენ და კოლეგების კითხვებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი პასუხობდა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 31 დეკემბრით ჩამკეტის წელსვე შემოტანა შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სხვა ფინანსების არქონის გამო ვერ მოხერხდა და შეძლეს ის ცვლილება, რაც წარმოადგინეს.
აღნიშნული საკითხის პასუხად კი, პარტია „გირჩის“ ერთერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა კერძო სექტორის ჩართულობის საკითხი დააყენა და თქვა: “კერძო სკოლებთან მიმართებაში ეს პრობლემა მოვხსნათ და იმათთვის არ იყოს თარიღი სავალდებულო, თუ არ აქვს სახელმწიფოს რესურსები”.
გიორგი ამილახვარის პასუხი კი იმის იდენტური იყო, რაც მან კომიტეტის სხდომაზე მისული მშობლის ამავე კითხვაზე განაცხადა:
„არ მიმაჩნია სწორად, ახლა მოვახდინოთ ამის დიფერენციაცია. რა გამოდის, რომ მას ვისაც შესაძლებლობა აქვს შეიყვანოს შვილი კერძო სკოლაში და ის ვინც საჯაროშია, ის ვერ შეძლებს… რბილად რომ ვთქვათ, ცოტა დისკრიმინაციულია…“.
ამილახვარის პასუხის პასუხად კი ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტის წევრებს მიუბრუნდა და განმარტა რას ნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი პასუხი:„ჩვენი კოლეგების გასაგონად მინდა განვმარტო, რას ნიშნავს, რა მიპასუხა ბატონმა გიორგიმ. კერძო სკოლებში იმიტომ არ შეიძლება 6 წლის ბავშვის მიღება, რომ საშუალება ჩვენ არ გვაქვს, იგივე მივცეთ საჯარო სკოლის მოსწავლეებსო… ანუ ჩვენ ბავშვები უნდა გავათანაბროთ შეზღუდვებში. ვიღაცას „ნაიკის“ ბოტასები რომ ჰქონდეს, არ შეიძლება, იმიტომ, რომ სხვას „ნაიკის“ ბოტასები არ აქვს. ეს არის ძალიან საშიში იდეოლოგია, უბრალოდ ძალიან საშიში იდეოლოგია“, – თქვა პარლამენტის სხდომაზე მეგრელიშვილმა.
საპასუხოდ ამილახვარმა კოლეგას უსასრულო თავისუფლების მომხრე უწოდა და უთხრა რომ იმ მიდგომებზე, რაც მეგრელიშვილის პარტიას აქვს, ვერასოდეს შეთანხმდებიან.
„თქვენ არ აღიარებთ არც სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სასწავლო გეგმას, აღარ ვამბობ ამასთან დაკავშირებულ აკრედიტაცია-ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. ფუნდამენტურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ მთლიანად განათლების სისტემის რეგულირებას. ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ თავადაც გიჭირთ ხანდახან ამ თქვენივე იდეების დასაბუთება… საერთოდ მოვხსნათ ყველა რეგულაცია, სასწავლო გეგმა არ არსებობდეს, ვასწავლოთ ის, რაც გვინდა, აქ ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევთანხმდებით“, – თქვა ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი თქმით, “მაქსიმუმ 2-3 წელი სჭირდება, რომ 31-დეკემბრის თარიღამდე მივიდეთ”. მისი ინფორმაციით, 2024 წლის ჩათვლით 125 სკოლა იქნება რეაბილიტირებული. რაც შეეხება ახალი სკოლების მშენებლობის დასრულებას, 2024 წლამდე 42 ახალი სკოლა აშენდება.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რომელიც პირს უსრულდება პირველ ოქტომბრამდე …
ასევე იხილეთ: