უკრაინაში კადიროვის რაზმის ერთ-ერთი მეთაური მოკლეს – მედია
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მოკლეს კიდევ ერთი რუსი ვიცე-პოლკოვნიკი ზაურ დიმაევი, რომელიც კადიროვის სახელობის მე-4 ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო.
როგორც Hromadske წერს, დიმაევი გროზნოში მოქმედი ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების პოლკის მეთაურის მოადგილე იყო, რომელიც Новая Газета-ს 2001 წელს ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ჩეჩნეთში ადამიანების უკანონო დასჯაში იღებდა მონაწილეობას.
გამოცემა წერს, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მებრძოლები ბრძოლაში ჩაერთნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე. 26 თებერვალს ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც კადიროვის მომხრეები აცხადებდნენ, რომ რუსეთის დროშას გოსტომელში სამხედრო დანაყოფის შენობაზე კიდებდნენ.
Hromadske-ს თქმით, ჩანაწერში ერთი მებრძოლი კადიროვსაც მიმართავს და აცხადებს, რომ მისმა დანაყოფმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი შეტევა მოიგერია და შენობა დაიკავა. თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებდა, რომ „კადიროვისტებმა“ ცარიელი შენობა დაიკავეს და იქ მებრძოლები არ იმყოფებოდნენ.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.
უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.