აშშ-ს დიპლომატები უკრაინაში დაბრუნდებიან – ბლინკენი ზელენსკის შეხვდა
“აშშ-ს დიპლომატები უკრაინაში სამუშაოდ დაბრუნდებიან”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს. მანამდე ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
სიენენის ცნობით, ბლინკენმა განაცხადა, რომ დიპლომატები შესაძლოა ამ კვირაშივე დაბრუნდნენ უკრაინაში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ და პრეზიდენტ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო ეს აშშ-ს მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია უკრაინაში. აშშ-მ დიპლომატები უკრაინიდან ომის დაწყების შემდეგ გაიწვია.
კიევში ყოფნისას ბლინკენი და ოსტინი შეხვდნენ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, უკრაინის თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს.
„ჩვენ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე ვლადიმერ პუტინი იქნება სცენაზე“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს.