ახალი ამბები

მასწავლებელი ჩუმად გვილოცავდა აღდგომას – როგორ აღიქვამდნენ და აღნიშნავდნენ ქრისტეს აღდგომას საბჭოთა სკოლებში

მასწავლებელი ჩუმად გვილოცავდა აღდგომას – როგორ აღიქვამდნენ და აღნიშნავდნენ ქრისტეს აღდგომას საბჭოთა სკოლებში

არცთუ ისე შორეულ წარსულში, საბჭოთა სივრცეში, აღდგომის დღესასწაულის არამცთუ აღნიშვნა, ხსენებაც კი არ შეიძლებოდა. ამის მიუხედავად, ოჯახებში სააღდგომოდ წითელ კვერცხებს მაინც ღებავდნენ და ბავშვების უმრავლესობისთვის აღდგომა მხოლოდ და მხოლოდ წითელ კვერცხებთან თუ ასოცირდებოდა, რადგან საბჭოთა მთავრობისთვის ეკლესია ხალხის მტერი იყო. ეკლესიების ზარებსა და ჯვრებს ხსნიდნენ და ადნობდნენ… ტაძართა უმრავლესობა კი თეატრებად, სპორტკლუბებად თუ საწყობებად იყო გადაკეთებული.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს აფრთხილებდნენ, აღდგომის დღეებში, ბრწყინვალე კვირეულს, წითელი კვერცხები სკოლაში არ მიეტანათ, ბავშვებს მაინც მიჰქონდათ და ერთმანეთსაც ეჯიბრებოდნენ კიდეც, თუ რომლის კვერცხი გაუძლებდა უფრო მეტ დარტყმას… პედაგოგები ცდილობდნენ, მოსწავლეები გაეფრთხილებინათ, შეღებილი კვერცხის ნაჭუჭები არ დაეყარათ სკოლის ტერიტორიაზე, რადგან ასეთ დროს შეიძლებოდა მოსწავლეც დაესაჯათ და მასწავლებელიც, მაგრამ შედარებით თამამი მასწავლებლები მაინც ახერხებდნენ, მოსწავლეებისთვის აღდგომის მნიშვნელობაც აეხსნათ და მიელოცათ კიდეც.

ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რუსუდან აბრამიძე საბჭოთა სკოლაში სწავლობდა. მისი დედა, ია შარაშენიძეც ასევე ცნობილი პედაგოგი გახლდათ. რუსუდანმა EDU.ARIS.GE-სთან გაიხსენა როგორ აღიქმებოდა და აღინიშნებოდა ქრისტიანების უდიდესი დღესასწაული მის ბავშვობაში.

„საბჭოთა დროს აღდგომის დღესასწაულის შესახებ ინფორმაციის ქონა და აღნიშვნა, დამოკიდებული იყო ოჯახზე. ჩვენს ოჯახში მუდამ ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა ამ დღესასწაულს და ასევე – პასკის ცხობის რიტუალს, წითელი კვერცხის შეღებვას თუ სოფელში ბებია-ბაბუის საფლავებზე წასვლას. მახსოვს ისიც, რომ ეკლესიაში ღამისთევაზე წასვლას ყველა ერიდებოდა. მახსოვს, ჩემს ბიძაშვილზე, რომელიც სამხედრო აკადემიის სტუდენტი იყო, დედამისი როგორ ნერვიულობდა, როცა ტაძარში წავიდა ლიტონიობაზე – რამე პრობლემა არ შეექმნასო. ამ დროს, მისი მშობლები დადიოდნენ ტაძარში, მაგრამ შვილის გამო ეშინოდათ.

„სკოლაშიც მიგვქონდა ჩუმად წითელი კვერცხები და ვთამაშობდით. რელიგიური დატვირთვა ბავშვებისთვის აღდგომას არ ჰქონდა, თუმცა ოჯახური დღესასწაულის ფორმა კი ჰქონდა მუდამ. სკოლაში ბავშვები ვუყვებოდით ერთმანეთს, რაც აღდგომაზე გაგვეგო. მახსოვს, როგორ ყვებოდა ერთი ჩემი კლასელი, ეს ქრისტეს სისხლიაო. მეორე ეუბნებოდა, ქრისტეს სისხლი თუ არის, ხელში რატომ უნდა გვეკავოსო… დედა გოგებაშვილის ნაწარმოებებს გვაკითხებდა, სადაც აღდგომაზეც წერია და რაღაც ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ ამ დღეს რელიგიური დატვირთვა არ ჰქონდა და ისე აღვიქვამდით, როგორც მხოლოდ ეგზოტიკურ, გამორჩეული დღეს“, – იხსენებს EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებელი.

რუსუდან აბრამიძეს ახსოვს ებრაელი კლასელი და განსხვავებული რელიგიისა და დღესასწაულების გამო არსებული დაძაბულობა, რაც სწორედ აკრძალვებისგან გამოწვეული უცოდინრობით იყო გამოწვეული.

„კლასელი მყავდა ხათუნა ციციაშვილი, რომელიც ებრაელი იყო და მიყვარდა. დედაჩემი ძალიან კარგ პასკებს აცხობდა და მახსოვს, V კლასში ვიყავი, ერთი პასკა ჩუმად რომ ავიღე და ხათუნას საჩუქრად წავუღე. მახსოვს, როგორ დაიბნა – ეს რა არისო. ვუთხარი, აღდგომაა და ჩვენ ამ დღისთვის პასკას ვაცხობთ, სახლში წაიღე და ჭამე, გემრიელია-მეთქი. მეორე დღეს ვკითხე, მოგეწონა, ჩემი სააღდგომო პასკა-მეთქი და კი, მე და დედამ დავლიეთ ჩაიო, მიპასუხა. ცოტა ხნის შემდეგ, ხათუნამ მომიტანა მაცა, რომელსაც ებრაელები პასექის დროს აცხობენ – ეს დედიკომ გამომატანაო. გახარებულმა მივიტანე სახლში. ჩემმა დამ, რომელიც ჩემზე ერთი წლით უფროსია, ეს მაცა რომ დაინახა, მეუბნება, არ შეიძლება ეს ქრისტიანმა ჭამოს, დედიკო და მამიკო მოგვიკვდებიანო. არ ვიცი, ვინ რა უთხრა და რატომ თქვა ასე. ამ დროს მე გზაში უკვე შეჭმული მქონდა ერთი ცალი. ავტირდი…

„ეკლესიაში არასოდეს დავდიოდით, მაგრამ ქაშუეთის ტაძარი ვიცოდით. წავედით მე და ჩემი და ქაშუეთში და მოძღვართან ტირილით მივედი – დედიკო და მამიკო უნდა მომიკვდეს-მეთქი. რატომო, მკითხა. ჩემმა ებრაელმა მეგობარმა მაცა მომცა, ის ვჭამე და თურმე ქრისტე გაბრაზდება-თქო. მოძღვარმა მითხრა, ქრისტე მხოლოდ მაშინ გაბრაზდება, როცა მეგობარი რამეს გულით მოგართმევს და იმას არ შეჭამო. ისეთი ბედნიერი წამოვედი… მთელი დღე ვჭამეთ ის მაცა მე და ჩემმა დამ. ის მოძღვარი სულ მახსოვს. ალბათ ასეთი მოძღვრები გვჭირდება დღესაც. სკოლაში რომ მივედი, ხათუნას მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ ყველას მოგვეწონა მისი მაცა”, – მოგვიყვა რუსუდან აბრამიძე.

საბჭოთა სკოლის მოსწავლეს ახსოვს მასწავლებელიც, რომლიც ბავშვებს ჩუმად ულოცავდა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს და ამას ბავშვები საიდუმლოდ ინახავდნენ.

„სკოლაში საერთოდ არ შეიძლებოდა აღდგომის ხსენება. ერთადერთი, რაც მახსოვს, ისტორიის მასწავლებელი მყავდა ეკატერინე ბერიტაშვილი, რომელმაც ერთხელ გაკვეთილზე გვითხრა, აღდგომას გილოცავთო და ეს ისე გაგვიკვირდა… ოღონდ ეს გვითხრა ჩუმი ხმით. ისე დაგვამახსოვრდა, თითქოს ეს ჩვენი კლასის დიდი საიდუმლო იყო. რომც არ გწამდეს, რიტუალურად ყველაზე დიდი სიკეთის შემცველი დღესასწაულების მილოცვის აკრძალვა ძალიან არასასიამოვნო ამბავია. იმ დროს ბაშვები ნაკლებად ვგრძნობდით, უფრო უფროსების დათრგუნვა მახსოვს – მშობლების, მასწავლებლების. საბედნიეროდ, მე როცა მასწავლებელი გავხდი, 1989 წელს, უკვე თავისუფლად ვულოცავდი და ბავშვებიც მილოცავდნენ. 1989 წლისთვის ეკლესია უკვე ეროვნულ ღირებულებას უტოლდებოდა.

ასევე იხილეთ:

როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს ქვეყნებში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.