უკრაინულმა მხარემ ომის 9 დღე შეაჯამა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ომის მე-9 დღის მონაცემების შეაჯამა.
უკრაინის ცნობით, რუსი ოკუპანტები აპირებენ ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას და ანექსირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის გაჭრას.
„მტერი ავიაციის მხარდაჭერით აგრძელებს შეტევით ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ და იყენებს მაღალი სიზუსტის იარაღს. ოკუპანტებმა ძირითადი ძალისხმევა კიევისა და ხარკოვის ალყაში მოქცევას მოანდომეს. პოლესიეში, მოწინააღმდეგემ დაიწყო საინჟინრო სამუშაოები, სავარაუდოდ, კიევის მიმართულებით შემდგომი წინსვლის მიზნით. საოკუპაციო ნაწილები შიბენესა და კატიუჟანკას რაიონებში გააჩერეს. დიმერის მიდამოში ოკუპანტი მოწინააღმეგეები აგრძელებენ თავდაცვითი ტერიტორიის შექმნას“, — ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
უწყების ცნობით, კიევის თავდაცვა აგრძელებს შეტევის მოგერიებას, ხოლო ბელარუსის საზღვარზე რჩება შეიარაღებული ძალების 38-ე ბრიგადის ჯავშანტრანსპორტიორები.
„თუმცაღა, სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანი რაოდენობის მიერ დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის გამო, გრძელდება მუშაობა მათ დასარწმუნებლად, შეასრულონ დავალება უკრაინის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
პენტაგონი ასევე ადასტურებს, რომ კიევის ჩრდილოეთით მდებარე უზარმაზარი სამხედრო კოლონა შეფერხებულია.
CNN აშშ-ის ოფიციალურ სწტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთი აპირებს კიდევ 1 000-მდე დაქირავებული ჯარისკაცი გააგზავნოს უკრაინაში. ამავე ინფორმაციით მოსალოდნელია რუსეთის მიერ ქალაქების დაბომბვა, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვიოს მშვიდობიან მოსახლეობაში.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.