ახალი ამბები

რატომ ეშინიათ ჩინოვნიკებს ჟურნალისტების?

EDU.ARIS.GE-ს ახალგაზრდა ჟურნალისტის ბლოგი

თითქმის დამთავრებული ჰქონდა თავისი გამოსვლა განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს, კონფერენციაზე რომ მივედი. იქვე, კართან გავჩერდი და ჩვეული მოთმინებით დაველოდე. თან, მისთვის დასასმელი კითხვების გადამეორება დავიწყე.

დიდი ხანი არ მომიცდია, ჩემმა ადრესატმა მალევე დაასრულა მიმართვა და ცოტა ხანში გარეთაც გამოვიდა, სადაც ზუსტად ჩემ წინ მდგომ მაგიდასთან, თავის თანხმლებ პირებთან ერთად გაჩერდა.

„ახლა კარგი დროა“ – გავიფიქრე, კიდევ ერთხელ ჩავხედე კითხვებს და სწრაფი ტემპით გავეშურე რესპონდენტის გამოსაკითხად.

– ქალბატონო თამარ, ჟურნალისტი ვარ EDU.ARIS.GE-დან, რამდენიმე მარტივ კითხვაზე მინდა თქვენი პასუხი, – ვუთხარი თავაზიანად და მაშინვე შევატყვე, რომ ჩემი რედაქციის დასახელება მაინც და მაინც არ მოეწონა.

– ჯერ აქ ვარ კონფერენციაზე და არ მცალია – თქვა ჩემი თავიდან მოშორების მიზნით.

– სულ ორ წუთს წაგართმევთ, მეტს არა – არ გავიტეხე იხტიბარი და კითხვების ჩამოთვლა დავიწყე.

ჩვენი საუბარი წუთნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ჩემს არცერთ შეკითხვას პასუხი არ გასცა. საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ კომენტარის ფორმასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას კონფერენციის დასრულების შემდეგ მომახსენებდა.

ვიცოდი, რომ ჩემი რესპონდენტი კონფერენციის დახურვისას სიტყვით უნდა გამოსულიყო. ამიტომ, მაინც და მაინც არ „ჩავსაფრებივარ“ და სხვა საქმის გაკეთება დავიწყე იმის იმედით, რომ ღონისძიების ბოლომდე წასვლას არსად აპირებდა.

მასთან გამოლაპარაკება კიდევ რამდენჯერმე ვცადე, თუმცა ნებსით თუ უნებლიედ, ყველა შემთხვევაში, თავი ამარიდა. ამასობაში, ღონისძიების კიდევ ერთი ნაწილი დაიწყო. მეც, სხვა რა გზა მქონდა, – გამომსვლელების მოსასმენად შევედი.

ამ ნაწილის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ მოვკარი მინისტრის მოადგილეს თვალი.

– ქალბატონო თამარ, შესვენებაზე მაინც თუ შეიძლება უმარტივეს შეკითხვებზე გვიპასუხოთ? – ვთხოვე კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად უკვე უხეში უარი მივიღე.

რატომ ეშინიათ ჩინოვნიკებს ჟურნალისტების?

მეც მოვშორდი მას და ვიფიქრე, რომ კონფერენციის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ ვცდიდი ბედს.

იქვე, მაგიდასთან დავჯექი და ახალ გამომსველელბს დაველოდე. რამდენიმე საინტერესო მიმართვის შემდეგ, შეხვედრის შეჯამების დრო დადგა. ღონისძიების ორგანიზატორმა თავისი სიტყვაც წარმოთქვა და ბოლოს, მინისტრის მოადგილესაც მოუხმო გამოსასვლელად. მეც თვალებით ვეძებდი ჩემს რესპონდენტს, თუმცა თამარ მახარაშვილი არასად ჩანდა.

– წავიდა მინისტრის მოადგილე – თქვა კონფერენციის მონაწილეთაგან ერთერთმა.

განათლების მინისტრის პირველი მოადგილეს მართლაც დაუტოვებია კონფერენცია. მე თავს ვერ დავდებ, რომ ეს ჩემი კითხვების შიშის გამო გააკეთა, მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო კონფერენციის დასახური სიტყვის წარმოთქმის გეგმას ტყუილ-უბრალოდ არავინ შეცვლიდა. ან იქნებ, მინისტრის მოადგილეს დიდად არც ჩვენი კითხვები და არც კონფერენციის შეჯამება აინტერესებდა…

ჩემი კითხვების ადრესატის ქცევა მიუთითებს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტროს ძალიან მარტივი შეკითხვებსაც კი ეშინია, მითუმეტეს, ისეთი ობიექტური მედიებისგან, როგორიც არის EDU.ARIS.GE რადგან, ასეთი მედიაპროექტები სარკეებივით არიან – მასში ჩინოვნიკები ზუსტად ისეთები ჩანან, როგორებიც არიან და მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემაც კი მათთვის რისკის ტოლფასია. იციან, რომ ობიექტური ჟურნალისტები მათივე პასუხებს არც უარესობისკენ შეცვლიან და არც უკეთესობისკენ და ისე ვაჩვენებთ, როგორიც არის. მე მგონია, რომ სწორედ ეს არ მოსწონთ ჩინოვნიკებს, არ უნდათ, რომ საკუთარი რეალური სახე საზოგადოებას აჩვენონ.

ჰოდა, მგონი, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია, არა? რატომ ეშინიათ ამ ყველაზე განათლებულ და ყველაზე გავლენიან ჩინოვნიკებს ჟურნალისტების?

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.