ახალი ამბები

ცხინვალის სასამართლოში აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა პროცესი მოიგო

ცხინვალის სასამართლოში აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა პროცესი მოიგო

ცხინვალის სასამართლომ, რომლის ლეგიტიმაციასაც ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, დღეს, 16 მაისს, ერთთვიანი განხილვის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება და ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაამართლა.

საუბარია მეარაყიშვილის სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც მან ცხინვალის სასამაართლოს პროკურატურის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმართა.  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურა ხუთწლიანი სასამართლო დავების შემდეგ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ხადაზმულობის ვადის გასვლის გამო ხურავდა.

“ანუ ამ შემთხვევაში, მე მრჩებოდა ნასამართლეობა და არ მეძლეოდა რეაბილიტაციის უფლება. რასაც არ დავეთანხმე და ადგილობრივი კანონით გასაჩივრების უფლება მქონდა. პროკურატურას არ შეუძლია ჩემი თანხმობის გარეშე დახუროს საქმეები. მას უნდა გაეგრძელებინა იმის დამტკიცება, რისი დამტკიცებაც ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლო”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თამარ მეარაყიშვილი.

მისივე განმარტებით,  ადგილობრივი პროკურატურა ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, აღარ გაასაჩივრებს, შემდეგი პროცედურა კი, მეარაყიშვილის საქმეებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ამ საქმეების დახურვა უნდა იყოს.

ახალგორელი აქტივისტი 2017 წლის 16 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ საცხოვრებელ სახლთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შესაბამისი ორდერის გარეშე დააკავა. მოგვიანებით მას ბრალი წარედგინა პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის.თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალის წარდგენიდან თითქმის ხუთი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მას შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ფაქტობრივ შინაპატიმრობაშია.მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლომ მეარაყიშვილი სამჯერ სრულად გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში, პროკურატურამ ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

თამარ მეარაყიშვილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. 2018 წელს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა ტიტა გადასცა. იმავე წელს მეარაყიშვილი „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად დაასახელა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.