ახალი ამბები

რა ჩამორჩენები ექნებათ მოსწავლეებს პანდემიის შემდეგ – საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები

რა ჩამორჩენები ექნებათ მოსწავლეებს პანდემიის შემდეგ – საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები

პანდემიას დღემდე აქვს გავლენა საგანმანათლებლო პროცესზე და მოსწავლეთა შედეგებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით კი მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტროში არსებობდეს პროცესი, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდება პანდემიის ზეგავლენა ზოგად განათლებაზე, შეფასდება კრიზისიდან გამოსვლის გზები და დროულად მოხდება იმ მოვლენებზე რეაგირება, რომლებიც, სავარაუდოდ, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში გამოწვევა იქნება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემისთვის.

სწორედ ამის შესახებ წერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშში “დისტანციური სწავლება საჯარო სკოლებში” და აღნიშნული მიმართულებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ პროგნოზებზე გვიყვება.

“სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნული მიმართულებით გაკეთებულია პროგნოზები. მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის სრული გავლენა სასწავლო პროცესზე შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში არ იყოს ბოლომდე ცნობილი, სტატისტიკური დაშვებები არასასურველ მდგომარეობაზე მიუთითებს”, – წერს აუდიტი 6 მაისს გამოქვეყნებულ საკუთარ ანგარიშში.

„განათლების სამინისტროს არ აქვს საგანგებო სამოქმედო გეგმა“ – აუდიტმა დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემები დაასახელა

იუნისეფის მიერ ჩატარებული საპროგნოზო ანალიზის მიხედვით, მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდებიან 32%-37%-ზე ნაკლები პროგრესით კითხვაში, ვიდრე ამას მიაღწევდნენ ჩვეულებრივ სასწავლო წლის პირობებში. ეს პროგნოზები კიდევ უფრო მაღალია მათემატიკისთვის, ასეთ შემთხვევებში დანაკარგები 50%-დან 63%-მდე ფარგლებშია შეფასებული.

მუშავდება Covid 19-ის შემდგომ სასწავლო პროცესის გაგრძელების სხვადასხვა სცენარი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე შვიდი ქვეყნის მონაცემების გამოყენებით, რათა შეიქმნას სწავლის დანაკარგების გრძელვადიანი მოდელი. ამ კვლევის პროგნოზით, სასწავლო დროის 1/3-ით შემცირების შედეგად, რაც ნიშნავს ერთი სემესტრის გამოტოვებას, მე-3 კლასის მოსწავლეების სწავლის დონე ერთი წლით ჩამორჩება.

მსოფლიო ბანკის დაშვება 157 ქვეყნის მონაცემის საფუძველზე განსაზღვრავს პროგნოზს, რომ სკოლების დახურვა და პანდემიით გამოწვეული საარსებო წყაროს დაკარგვა გამოიწვევს სასწავლო წლის გარკვეული ნაწილის დაკარგვას, აღნიშნული შეამცირებს მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებს.

აზიის განვითარების ბანკის მიერ 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საშუალოდ, სასკოლო განათლების ყოველი დამატებითი წელი ადამიანის წლიურ შემოსავალს 9,7%-ით ზრდის. სკოლების დახურვის შედეგად დაზარალებული თითოეული სტუდენტი ყოველწლიურად კარგავს საშუალო წლიური შემოსავლის 2.4%-ს. საქართველოსთვის დათვლილი მონაცემების მიხედვით, ოპტიმისტური სცენარით აღნიშნული დანაკარგი თითოეულ წელს, თითო მოსწავლეზე 87 აშშ დოლარია, საშუალო სცენარით − 131 აშშ დოლარი, ხოლო პესიმისტური გათვლებით შეადგენს 188 აშშ დოლარს.

სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ საქსტატის კვლევის მიხედვით, დისტანციური სწავლების პერიოდში 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, წინა წელთან შედარებით, მე-5 − მე-12 კლასის მოსწავლეების 20,8%-ის აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა, 54,2%-ის − მეტ-ნაკლებად არ შეცვლილა, 22,4%-ის აკადემიური მოსწრება − გაუარესდა, ხოლო 2,5%-ის მონაცემი − უცნობია.

აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით კი, ონლაინ სწავლების დროს 183 სრულწლოვანი მოსწავლიდან 34-ის აკადემიური მოსწრება გაუარესდა, ხოლო 1-9 კლასის 81 მოსწავლიდან − 36 მოსწავლის, მომავალში კი 104 სრულწლოვანი მოსწავლიდან − 32-ის და 1-9 კლასის 51 მოსწავლის მშობლიდან − 34-ის შეფასებით, მათი აკადემიური მოსწრება გაუარესდება დისტანციური სწავლების პირობებში.

აუდიტის ჯგუფი გაეცნო ინფორმაციას 2018-2021 წლებში აბიტურიენტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისა და მიღებული შედეგების შესახებ და აღნიშნავს, რომ ოთხი ძირითადი საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ზოგადი უნარები) შედეგების ანალიზის მიხედვით, 2020 და 2021 წლებში პანდემიის პირობებში არ ფიქსირდება აბიტურიენტთა საგამოცდო შედეგების მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გარკვეულწილად მიანიშნებს, რომ პანდემიის გავლენა აკადემიურ შედეგებზე მოკლევადიან პერიოდში არ ასახულა.

ამავე თემაზე:

„გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი და სკოლაში გატარებული დრო 3-4 საათამდე“ – რა გველის, თუ პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს ვერ დავძლევთ

სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.