იორდანიაში ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც იმყოფებოდა
იორდანიაში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც იმყოფებოდა.
სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იყვნენ იორდანიაში 28-29 მაისს იმყოფებოდა. ვიზიტი იორდანიაში საქართველოსთვის 4000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემას უკავშირდებოდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის საარქიეპისკოპოსოში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, კადრში ჩანს დავით ხიდაშელიც.
რა სტატუსით ახლდა ვიზიტისას პრემიერ-მინისტრს დავით ხიდაშელი უცნობია. ნეტგაზეთი დღის განმავლობაში ცდილობდა განმარტება მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებისგან მიეღო, თუმცა უშედეგოდ.
დავით ხიდაშელი ბიზნესმენია, რომელიც „კარტოგრაფების საქმეში“ ფიგურირებს, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა საქმე ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ და შემდეგ მათი დაკავება.
თავის ბოლო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს, როგორც ქველმოქმედსა და გმირს მოიხსნეიებდა და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის “ვალი მიჰყვება”.
დავით ხიდაშელის სახელი ფიგურირებს 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.
ამასთან, მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა.