პრეზიდენტი დეკანოზ ჯაღმაიძეს პატრიარქთან შეხვედრის ჩაშლის ცნობის გასაჯაროებისთვის აკრიტიკებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ანდრია ჯაღმაიძეს აკრიტიკებს ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე სალომე ზურაბიშვილს დღეს არ შეხვდა.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ის ვერ შედგა:
“პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!”, – წერს ზურაბიშვილი.
მანამდე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრა დღეისთვის ითხოვა, თუმცა მასთან შეხვედრა “ასე, ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება”.
„სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე, ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.