ახალი ამბები

„ყველაზე რთულად ერთი დავალება მომეჩვენა“ – საკითხები და შეფასებები პედაგოგთა პროფესიული უნარების გამოცდიდან

„ყველაზე რთულად ერთი დავალება მომეჩვენა“ – საკითხები და შეფასებები პედაგოგთა პროფესიული უნარების გამოცდიდან

14 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის გამოცდებს წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ. სტატუსის ასამაღლებლად, პედაგოგების გამოცდისთვის პროფესიულ უნარებში, დრო 14 და 15 ივლისის დილის სესიებზეა გამოყოფილი.

დღევანდელი საგამოცდო დღის პირველი სესია სწორედ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველებს დაეთმოთ და როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 85%-მდე პედაგოგი, ორმა გამოსაცდელმა კი დაიგვიანა.

თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პედაგოგების ნაწილი EDU.ARIS.GE-დან ამბობს, რომ ტესტი რთულად სულაც არ მოეჩვენა, ზოგმა კი გვითხრა, რომ საერთოდ ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი, რადგან ამ გამოცდისთვის სულ სხვა საკითხებზე მეცადინეობდა.

კირილე ცაავა – თბილისის 53-ე საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი: წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება მინდა. საშუალო სირთულის ტესტი იყო. დაუძლეველი ნამდვილად არ მომეჩვენა. ძირითადად ბავშვების უფლებებზე, სსსმ პირების მიმართ თანაგრძნობის, ემპათიის გამოხატვაზე იყო. ძალიან მომწონს, როდესაც ამ დამოკიდებულებას ვასწავლით ბავშვებს თუნდაც შშმ პირებთან დაკავშირებით.

ფუნქციური წერა სიტუაციური იყო. ისევ და ისევ ბავშვთა უფლებებს ეხებოდა და მიდგომებს, თუ როგორ სტრატეგიებს ავირჩევთ ამა თუ იმ ბავშვთან მიმართებაში, რადგან ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის. შეიძლება, ვიღაცამ განსაკუთრებული საჭიროებები მოითხოვოს სხვადასხვა მოვლენიდან გამომდინარე. ამაზე ვწერეთ. ასევე, სხვა ეროვნების ბავშვებთან კომუნიკაციაზე.

რაც შეეხება კანონებს, კომპეტენტური ცოდნა მაინცდამაინც არ მაქვს, რადგან არც დრო მქონდა შესაბამისი მომზადებისთვის. რაღაც საკითხებს შევეხე, მაგრამ მთლად 12 ქულას ვერ ავიღებ. იმედი კი მაქვს, რომ ზღვარს გადავლახავ. შეიძლებოდა, სპორტის მასწავლებლებისთვის სხვაგვარი ტესტი შეედგინათ. შეიძლება ზოგი სპორტის მასწავლებელმა ფილოლოგზე კარგი წერა იცის, მაგრამ, საერთო ჯამში, ჩვენ წერასთან მაინცდამაინც ახლოს არ ვართ. ისე კი, კარგი მასალებია ამ გამოცდებზე. უფროსი მასწავლებელი რომ გავხდი, ბვრი სასარგებლო ვისწავლე, რაც დღეს სწავლების პროცესში მადგება. ასე რომ, ვფიქრობ, გამოცდებს პოზოტიური დინამიკა აქვს ჩვენთვის.

ასმათ ჩხუბიანიშვილი – თბილისის 165-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი: წამყვანის სტატუსის მოპოვება მინდა. საშუალო სირთულის იყო. ჩემი პრაქტიკა დამეხარა, რომ ამ ყველაფრისთვის კარგად გამერთვა თავი. საკითხები გვქონდა ციფრულ წიგნიერებაზე, დემოკრატიულ კულტურაზე, თუ როგორ უნდა გავიგოთ და გამოვიყენოთ, რაც მუშაობაში დაგვეხმარება. ამას ისედაც ვიყენებდი. მაგალითად, როგორ უნდა მოვიქცეთ სსსმ პირებთან თუ რთული ქცევის მქონე ბავშვებთან.

ფუნქციური წერა შეეხებოდა დონორი ორგანიზაციის მოძიებას. ადგილი ჰქონდა გენდერული სტერეოტიპის დარღვევას, გამოიკვეთა საჭოროებები და დასახმარებლად დონორ ორგანიზაციას მივმართეთ, რომელიც დაგვეხმარებოდა ამ საკითხის მოწესრიგებაში.

63 წლის ვარ და ამ ასაკში უკვე ყველაფერზე გაქვს წარმოდგენა. რამდენად სწორი, ამას მომავალი გვიჩვენებს. რაღაც პრეტესტი გავიარე, რომელიც ინტერნეტში იყო მოცემული და მეგონა, სოფლის მეურნეობიდანაც კი მოვიდოდა საკითხები, მაგრამ ასე არ მოხდა. ყველაფერი იყო იმ საკითხებზე, რაც გვჭირდება და სკოლასთან მჭიდრო კავშირშია.

მაია ჩიკვაიძე – თბილისის 47-ე საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: რა მასალებიც გვქონდა საგამოცდოდ მოწოდებული, ტესტებში ფაქტობრივად ყველაფერი შედიოდა. სწავლების სტრატეგიები იყო დაწვრილებით ჩამოსათვლელი და შემდეგ იმის განხილვა, თუ რას მოუტანდა ეს სტრატეგია მოსწავლეს. დანარჩენი კი წერითი დავალებები. ფუნქციური წერა არ იყო რთული და არც ტესტი იყო ძალიან დაწვრილმანებული. ყველაზე რთულად ერთი დავალება მომეჩვენა, რომელიც იყო ბავშვზე, რომელსაც არ აქვს განვითარებული უნარ-ჩვევები და ვერ გავიხსენე კარგად, ამის განვითარებაში რომელი სტრატეგია დმაეხმარებოდა. დანარჩენი, მგონი, კარგად დავწერე.

სასკოლო მუშაობა იმხელა დატვირთვაა გონებრივად თუ ფიზიკურად, რომ შეუძლებელია, ღამის სამ საათზე რომ მორჩები ამ ამბებს, მერე კიდევ დაჯდე და იმეცადინო. შესაბამისად, რაც სასწავლო პროცესი დავასრულეთ, იმის შემდეგ მოგვეცა საშუალება, დავმჯდარიყავით და მასალები წაგვეკითხა. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში რის სწავლაც შევძელი, სულ ეს იყო, მაგრამ გამოცდილებაც დამეხმარა, თუმცა პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რომ მეტი ტრენინგი მოგვესმინა, მეტი ურთიერთობა გვქონოდა სასკოლო სივრცეში და ამან კიდევ უფრო მეტად დაგვწია უკან.

ერთმა პედაგოგმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა, გვითხრა: რა პროგრამითაც ვმეცადონეობდი, იქიდან საერთოდ არაფერი მოვიდა. სულ სხვა საკითხები იყო, საიდანაც არაფერი ვიცოდი და ვერაფერი გავიგე. რისთვის ვისწავლე იმხელა კანონმდებლობა? საერთოდ სხვა საკითხები იყო, საიდანაც ვერაფერი გავიგე. არც მდგრადი განვითარებიდან იყო რამე.

2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. აქედან, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის სურვილი 12 500-ზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა.

ორივე სტატუსის მსურველი პედაგოგებისთვუს გამოცდა ერთი და იიგივე ტესტით ტარდება. წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ მინიმუმ 43 ქულა, ხოლო მენტორობის მსურველმა – ტესტის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტი, ანი მინიმუმ 53 ქულა. ამ სტატუსებს მოპოვება პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდასაც ნიშნავს.

ხვალ პედაგოგთა პროფესიული უნარების გამოცდა ისევ პირველ სესიაზე ჩატარდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.