„მოქმედი პედაგოგისთვის ზღვარი მეტი უნდა იყოს“ – სტუდენტი მასწავლებლის გამოცდიდან
აიტაჭ ხუდიევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. მისი მშობლიური ენა აზერბაიჯანულია და 14 ივლისს, ბიოლოგიაში საგნის გამოცდა სწორედ მშობლიური ენაზე ჩააბარა. ის EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ადრეული განათლების სპეციალისტია და სურს სკოლაში მუშაობაც.
მისი თქმით, კარგ სტუდენტს საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია, ასევე დარწმუნებულია, რომ ჩააბარებენ ის მასწავლებლებიც, რომლებმაც საკუთარი მიმართულება იციან.
„მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ და ჩემთვის ეს პირველი მცდელობაა. გამოცდაზე ჩემს აუდიტორიაში ძირითადად იყვნენ ექიმები და უკვე დასაქმებული მასწავლებლები. გვქონდა 60 კითხვა და 39 სწორი პასუხი გვჭირდებოდა. რა თქმა უნდა, სტუდენტისთვის არ არის მარტივი გამოცდა და მგონია, რომ უკვე მოქმედი მასწავლებლისთვის ზღვარი მეტი უნდა იყოს. ასევე ვფიქრობ, თუ კარგი სტუდენტები აბარებენ, კარგი მასწავლებლებიც ჩააბარებენ. საგნის გამოცდის ჩაბარება მასწავლებლებს არ უჭირთ, უფრო უჭირთ უნარები.
თუ წარმატებით ჩავაბარებ, ვაპირებ, რომ გავიარო 60-კრედიტიანი პროგრამაც და ალბათ 2 წელი დამჭირდება იმისთვის, რომ მასწავლებლის პროფესიას დავეუფლო. შემდეგ ისევ ჩემს რეგიონში დავსაქმდები, ყოველ შემთხვევაში. მაქვს ამის სურვილი. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ კომფორტული იყო ჩემთვის მშობლიურ ენაზე წერა. დამკვირვებლებიც ძალიან ყურადღებით მექცეოდნენ და ყველანაირი პირობა იყო, რომ არ სტრესში ვყოფილიყავი“, – გვითხრა მასწავლებლობის მსურველმა სტუდენტმა.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა მზეო შველიძემ