ახალი ამბები

უნივერსალური უნარ-ჩვევების წყარო – რა უნდა იცოდეთ, თუ ეროვნულ გამოცდებზე ისტორია ჩააბარეთ ან მომავალში გეგმავთ

უნივერსალური უნარ-ჩვევების წყარო – რა უნდა იცოდეთ, თუ ეროვნულ გამოცდებზე ისტორია ჩააბარეთ ან მომავალში გეგმავთ

2022 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდების შეფასებები ყველა საგამოცდო საგანში უკვე ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ არჩევითი საგნებიდან ისტორია წელს ყველაზე მეტმა, 21 800-მა აპლიკანტმა აირჩია. მათი ნაწილი ახლა უმაღლესი ქულების აღებას ზეიმობს, ნაწილი კი აპროტესტებს, რომ „ქულები დააკლეს“.

საინტერესოა, რა პერსპექტივას ხედავენ სპეციალისტები იმ აბიტურიენტებში, რომლრებმაც ისტორიაში კარგი შედეგი აჩვენეს. მაღალი ქულა მხოლოდ შესაძლებლობაა სახელმწიფო გრანტის მოპოვების თუ შედეგიც, რომ მომავალი სტუდენტი ფლობდეს იმ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას, რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებს.

ჩვენი რესპონდენტი, თორნიკე ბიბიჩაძე, ისტორიის მასწავლებელი და დოქტორანტია. ფიქრობს, რომ აბიტურიენტებმა, რომლებმაც გამოცდაზე უმაღლესი ქულების აღება შეძლეს, შეიძინეს ის კომპეტენციები, რომლებსაც ყოველთვის გამოიყენებენ, ნებისმიერი პროფესიის არჩევის დროს.

– თორნიკე, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რომ გვითხრათ, აბიტურიენტები, რომლებიც ისტორიის გამოცდაზე უმაღლეს ქულას იღებენ, რა შესაძლებლობებით გამოირჩევიან, რას სწავლობს უმაღლესი ჩაბარების მსურველი ამ საგნით, გარდა მშრალი ისტორიული ფაქტებისა?

– როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე მქონია გამოცდილება და ურთიერთობა ისეთ მოსწავლეებთან თუ სტუდენტებთან, რომლებმაც მაქსიმალური ან მაქსიმალურთან მიახლოებული შეფასებები მიიღეს ისტორიის გამოცდაში.

საკუთარი პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემიძლია გამოვყო ის უნარები, რომლებიც მაღალქულიანმა აბიტურიენტებმა შეიძინეს. პირველ რიგში დავასახელებ წაკითხულის გააზრების უნარს, რომელიც არა მარტო ისტორიის, არამედ ნებისმიერი გამოცდისთვის საბაზისო კომპეტენციას წარმოადგენს. ამას ემატება ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რომელიც უმაღლესი შეფასების მისაღებად უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

საინტერესოა ისიც, რომ მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ კრიტიკული აზროვნების უნარით, სხვებზე უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში. მაღალი ქულის მიღების წინაპირობაა გააზრებისა და ინტერპრეტირების უნარების ფლობა, პრობლემის გადაჭრის, სინთეზისა და ანალიზის უნარები.

– თქვენ ამბობთ, რომ საგამოცდო ტესტის თოთოეული სავარჯიშო ფოკუსირებული იყო კონკრეტული ცოდნის განვითარებაზე, რა ცოდნაა ეს, დავალებების მიხედით, რომ გვესაუბროთ.
(მაგ, არჩევითბოლოიანი შეკითხვები, ქრონოლოგიური დალაგება,.)

– საგამოცდო ტესტი თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ აბიტურიენტის ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებას, არამედ დამატებით კომპეტენციების ფლობასაც. მსგავსი ტიპის მიდგომა განპირობებულია იმით, რომ მორგებული იყოს განსხვავებული უნარებისა და შესაძლებლობების მქონე გამოსაცდელებზე. უფრო ცხადი რომ გავხადოთ სათქმელი შევეხოთ უშუალოდ საგამოცდო ტესტის სტრუქტურას.

დავალების პირველი ფორმაა არჩევითბოლოიანი დახურული ტიპის ტესტი. შეკითხვების მიზანი არა მხოლოდ გამოსაცდელის ფაქტობრივი მასალის ცოდნის, არამედ მისი გამოყენების უნარების შემოწმებაა. აბიტურიენტმა უნდა შეძლოს ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა.

რაც შეეხება ქრონოლოგიური ტიპის დავალებებს, აქ აბიტურიენტს ევალება ისტორიული მოვლენებისა თუ პიროვნებების ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისკენ) დალაგება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის ერთ-ერთი უპირატესობა არის ისიც, რომ იგი დაცლილია მშრალი ციფრების გაზუთხვისაგან და მოითხოვს არა თარიღების ზედმიწევნით ცოდნას, არამედ დროში ორიენტაციის უნარს.

ისტორიის საგამოცდო ტესტებში სიახლეს წარმოადგენს ვიზუალური და წერილობითი წყაროების შედარებითი დავალება, რომელიც ორიენტირებულია ანალიტიკური უნარების შემოწმებაზე. აქ გვხვდება ბრძოლის სქემატური ილუსტრაცია და ამავე მოვლენის ამსახველი წერილობითი წყარო. ამ დავალების თავისებურება არის ის, რომ შესაძლებელია ბრძოლის სქემატური ილუსტრაცია ზუსტად არ ემთხვეოდეს წერილობით წყაროში მოთხრობილ ცნობებს, თუმცა წყაროთა სინთეზური ანალიზით ეს ცნობები ერთმანეთს ავსებენ.

საგამოცდო ტესტებში ვხვდებით ასევე ისტორიული წყაროს ანალიზს, რომელიც აბიტურიენტს მიეწოდება ილუსტრაციის სახით. ილუსტრაციის ფორმები მრავალფეროვანია, თუმცა ნებისმიერი ვიზუალური ტიპის წყარო მოითხოვს როგორც ეპოქის ცოდნას, ასევე ინტერპრეტაციის, კონტექსტის, იდეის, მთავარი სათქმელის აღქმის უნარს.

რაც შეეხება რუკის ანალიზს, იგი გამოსაცდელისგან მოითხოვს რუკისა და მისი ლეგენდის სწორად წაკითხვის შედეგად ეპოქის ზუსტ აღქმას. ამ ტიპის დავალება ამოწმებს, რამდენად შეუძლია აბიტურიენტს ისტორიული მოვლენის სივრცული აღქმა და მისი დაკავშირება პროგრამით განსაზღვრულ მასალასთან.

აზროვნების მაღალ კომპეტენციას მოითხოვს მომდევნო ტიპის დავალება – ისტორიული პრობლემის ანალიზი, რომლის მიზანია შეამოწმოს არგუმენტირებული მსჯელობის უნარები. აქ აბიტურიენტს უწევს ორი ერთმანეთისგან საპირისპირო პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთება და უარყოფა. ამ დავალების უპირატესობაა ისიც, რომ იგი ავითარებს მოვლენის მრავალგვაროვანი აღქმის შესაძლებლობას და უგულებელყოფს ისტორიაში შეფასების სწორხაზოვან მოდელს.

ძალიან საინტერესოა მომდევნო დავალება – ისტორიული მოვლენის შეფასება. აქ აბიტურიენტი ვალდებულია, რომ გამოყოს რომელიმე ისტორიული მოვლენის შედეგი და შემდეგ შეაფასოს ეს მოვლენა გლობალური ან ლოკალური მასშტაბით. ეს დავალება ამოწმებს სააზროვნო უნარების უმაღლეს დონეს – შეფასებას.

ბოლო და ყველაზე მსხვილი დავალებაა ისტორიული წყაროს ანალიზი, სადაც მოწმდება წაკითხულის გააზრების უნარი. გამოსაცდელს ევალება ნარატიული წყაროს გააზრების შემდეგ ღია კითხვებს უპასუხოს, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ცოდნის, გაგებისა და ანალიზის კომპეტენციებს.

– როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ისტორიის საგნის ცოდნის გამოყენება უნივერსიტეტში, თუნდაც სხვა პროფესიაში/მიმართულებაზე, რა პერსპექტივებს ხედავთ?

– ამ შეკითხვას არა მარტო სხვების, არამედ პირადი გამოცდილებითაც შემიძლია გავცე პასუხი.
მოგეხსენებათ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორიის ჩაბარებას პრიორიტეტს ანიჭებს ათასობით აბიტურიენტი, თუმცა ისტორიის მიმართულებას მათი მცირე კონტინგენტი ირჩევს. მიუხედავად ამისა, მიღებული ცოდნის გამოყენების სფერო მრავალმხრივია.

იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სწავლას ისტორიის მიმართულებაზე აგრძელებენ მიღებული ცოდნა ეხმარებათ საუნივერსიტეტო დონეზე პროგრამის ადვილად ათვისებაში. აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს არა ცოდნა, არამედ მიდგომები რომელსაც იყენებენ სწავლების პროცესში.
როგორც აღვნიშნეთ, ფაქტოლოგიურ ცოდნასთან ერთად, აბიტურინეტები იღებენ საჭირო უნარ-ჩვევებს, რომლებიც უნივერსალურია და არ არის შემოსაზღვრული კონკრეტული დისციპლინის სფეროთი, სწორედ ეს არის ისტორიის ძლიერი მხარე.

– მომავალ აბიტურიენტებს, რომლებსაც ასევე აქვთ სურვილი და ამბიცია, რომ უმაღლესი ქულით მოხვდნენ უნივერსიტეტებში, რას ურჩევდით?

– პირველ რიგში ვურჩევ, რომ გამოცდას ხედავდნენ არა პრობლემად, არამედ გამოწვევად. უნდა იმუშაონ ბევრი გასული წლების ტესტებზე, მითითებული საგამოცდო პროგრამის საკითხებთან ერთად (XI და XII კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოები), გაეცნონ დამატებით მასალებს, ყურადღება გაამახვილონ ილუსტრაციებზე, ისტორიული პიროვნებების პორტრეტებზე, მათ კარიკატურებზე და გაიაზრონ, რომ ის კომპეტენციები და უნარ-ჩვევები, რომლებსაც შეიძენენ დაგეხმარებათ, სრულფასოვნად დაეუფლონ ნებისმიერ პროფესიას.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.