2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა, მაგრამ საბოლოო დოკუმენტი ხელმისაწვდომი ისევ არ არის
განათლების სამინისტრომ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, მაგრამ საბოლოო დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
სტრატეგიის დამტკიცების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 29 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გასულ კვირას განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელთან დეტალურად განიხილა 800 სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. პრემიერის თქმით, იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას, რომლის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს.
“სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება ტენდერი 80 ახალ სკოლაზე და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე. დანარჩენი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერები გამოცხადდება 2023-2024 წლებში. ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება 2026 წლამდე. გვინდა, რომ 2024 წლამდე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოვასწროთ. ეს არის ჩვენი გეგმა. გარდა ამისა, მე დავავალე შესაბამის უწყებებს და ახლა ვამუშავებთ ბაღების ანალოგიურ პროექტს. გვინდა, რომ ახალი პროგრამა გამოვაცხადოთ. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტსა და სოფელში ბაღები სავალალო მდგომარეობაშია. სკოლების გარდა, აუცილებელია, რომ საბავშვო ბაღებიც იყოს გამართული, ევროპული სტანდარტის. ისე, რომ ღირსეულ პირობებში იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, სკოლებში და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. ასე რომ, ამ პროგრამას მოვამზადებთ უახლოეს რამდენიმე კვირაში. ამ პროცესში ჩართულია ბატონი ირაკლი ქარსელაძე და ლერი ბარნაბიშვილი, ამის თაობაზე დეტალურად წარმოგიდგენთ მიხეილ ჩხენკელი ინფორმაციას, რას ვგეგმავთ და როდის დაიწყება ბაღების რეაბილიტაციის პროგრამაც”, – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმინისტრის ამ განცხადების შემდეგ განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელიც მთავრობის წევრებს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად წარუდგინა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაფუძნებულია 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ წარდგენილ 10 წლიან გეგმაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს შეუწყობს მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას.
სამინისროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ დოკუმენტში, სიტუაციური ანალიზის ჩატარების შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, განსაზღვრულია სამი ძირითადი სექტორულ-პრიორიტეტული მიმართულება:
- საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი და მდგრადი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;
- თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;
- განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვისა და ანგარიშვალდებულების სისტემის უზრუნველყოფა.
“დოკუმენტში, სექტორული პრიორიტეტების საფუძველზე, განსაზღვრულია 15 სტრატეგიული მიზანი და 28 ამოცანა. სტრატეგია ასევე მოიცავს ევროკავშირის, გაეროს, მსოფლიო ბანკის, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ განათლებისა და მეცნიერების სექტორში გამოვლენილი გამოწვევების დასაძლევად შემუშავებულ რეკომენდაციებსაც.
“რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, რომელიც თან ერთვის სტრატეგიას, ის წარმოადგენს პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად დროში გაწერილ კონკრეტულ, შესაბამის მიზნებზე ორიენტირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ აქტივობებს პასუხისმგებელი მხარეებისა და შესაბამისი შედეგების ინდიკატორების მითითებით. სამოქმედო გეგმა კვარტალური პრინციპით არის გაწერილი და მოიცავს შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცებულ განხორციელების სამწლიან პერიოდს,” – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ: