ახალი ამბები

“აფხაზები ხედავენ, რომ რუსეთის სუსტდება და უნდა გადარჩნენ” – ინტერვიუ ზაქარეიშვილთან

ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე დაწყებული დისკუსია აფხაზეთში, ახალგაზრდების აქციით გაგრძელდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ბიჭვინთის თემაზე პოლიტიკური სიტუაციის გამწვავება და ანტირუსული განწყობები საქართველოს ინტერესსაც დაუკავშირა. აფხაზეთში მოსალოდნელ მოვლენებზე და სიტუაციის შეფასებაზე ნეტგაზეთთან კონფლიქტოლოგი და შერიგების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს:


ბატონო პაატა, უკანასკნელ დღეებში სიტუაცია აფხაზეთში ბიჭვინთის გასხვისების საკითხზე კიდევ უფრო გამწვავდა. აფხაზი ახალგაზრდების ნაწილმა პროტესტი აქციით გამოხატა, სოციალურ ქსელებში დისკუსია გრძელდება, დე ფაქტო ხელისუფლება კი სხვადასხვა გზით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემით, აფხაზეთი არ დაკარგავს სუვერენიტეტს. რა პროცესები მიმდინარეობს ახლა აფხაზეთში და რა არის მოსალოდნელი? 

აფხაზეთში, ისევე როგორც მთელ რეგიონში, საინტერესო პროცესებია. აფხაზეთის საზოგადოებაში, განსხვავებით სამხრეთ ოსეთისგან, არსებობს გარკვეული დინამიკა – ხედვები, პოლიტიკური პარტიების კონკურენცია, სამოქალაქო სექტორის აქტიურობა და ა.შ. საზოგადოება აფხაზეთში ცოცხალი ორგანიზმია.

ისინი ცხადად ხედავენ, რომ უკრაინის ფაქტორიდან გამომდინარე, შავ ზღვაზე ვითარება იძაბება. ხედავენ,  რომ რუსეთი სუსტდება და ესმით, რომ რუსეთს არ უნდა ჩაყვნენ საფლავში და თავი აქვთ გადასარჩენი.
აფხაზებს ძალიან ბევრი გამომწვევა აქვთ, იმიტომ რომ არ იციან, როგორი იქნება მათი მომავალი, თუნდაც უახლოესი ათი წლის განმავლობაში.

უკვე 2014 წლის ყირიმის მოვლენების შემდეგ გაჩნდა აფხაზეთში კითხვა, თუ როგორი იქნება მათი მომავალი. მათ აქვთ რეალური განცდა, რომ რუსეთი არ დაუშვებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს შავ ზღვაზე აფხაზეთის სახით და რომ მას სჭირდება, როგორც ყირიმი, ასევე აფხაზეთი, რათა გაუმკლავდეს NATO-ს გამოწვევებს. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია.

როდესაც 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო, ეს განცდა კიდევ უფრო გაუმძაფრდათ. თუმცა, ახლა, როდესაც რუსეთი მარცხდება, აფხაზები დაიბნენ, არ იციან, დამარცხებული რუსეთის შემთხვევაში, როგორ მოიქცევა მსოფლიო, საქართველო. მათ არ გააჩნიათ არავითარი სიცხადე პერსპექტივებისა. ჯერჯერობით, საქართველოს მხრიდან რევანში არ ჩანს და იციან, რომ ამჟამად საქართველოს არ სჭირდება ომი. მაგრამ რა იქნება წლების შემდეგ, ამაზე მუდმივი მსჯელობა მიმდინარეობს და ამასთან, აფხაზებს გარე სამყაროს მიმართ უნდობლობა აქვთ. აქამდე მათი საყრდენი და ნათელი წერტილი რუსეთი იყო. ახლა უკვე ბუნდოვანი გახდა მათთვის, რამდენად და რის ფასად დაიცავს რუსეთი აფხაზეთის ინტერესებს, ვინაიდან მოსკოვმა სერიოზული პრეტენზიები წამოუყენა ბიჭვინთის და ა.შ. სახით.

ამ შემთხვევაში, ბიჭვინთის თემა გარდამტეხი აღმოჩნდა? 

ბიჭვინთა არის ერთ-ერთი პატარა ლაკმუსი ამ ყველაფრისა. მათთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთს აფხაზეთი და აფხაზები არ ადარდებს და სარგებლობს მომენტით, რომ მიისაკუთროს ბიჭვინთა, რითაც მუდმივად მიიბამს და მიისაკუთრებს აფხაზეთს.

აფხაზები ბიჭვინთაში უფრო მეტ სიმბოლოს და პრობლემის სიღრმეებს ხედავენ, ვიდრე რეალურად მიწის მითვისებაა.

აფხაზებს ახლა ეგზისტენციალური გამოწვევა აქვთ, ისევე როგორც დღეს სომხეთს [როგორც სახელმწიფოს] აქვს. და თუ სომხეთმა შეიძლება კიდევ წარმოიდგინოს რაღაც პერსპექტივები დათმობების ხარჯზე, აფხაზებს ასეთი პერსპექტივები არ აქვს.

რამდენად ერთიანი ხედვაა ამ გამოწვევებზე დღეს აფხაზეთში? საზოგადოების რა ნაწილს მოიცავს პროტესტი? რასაც ვადევნებთ თვალს, ადგილობრივი ხელისუფლების და ხალხის განწყობები განსხვავებულია მაინც

ალბათ, კვირა არ გავა, რომ რომელიმე აფხაზ მეგობართან არ მქონდეს სერიოზული მსჯელობა მიმდინარე პროცესებზე და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე.

განცდა არის შემდეგი: აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ მაინც არაფერი ეშველებათ, და ამ უპერსპექტივო პირობებში რუსეთთან სიახლოვეს ამჯობინებენ. მათი ხედვით, რუსეთი კი გამოიყენებს მათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გაწირავს აფხაზეთში სამხედრო ბაზისა და გარკვეული ანგარიშვალდებულებების გამო. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ სჯობს ისევ რუსეთთან ივაჭრონ რაღაც შიდა საკითხებზე და ისევ მათი მფარველობის ქვეშ იყვნენ. შესაძლოა, ყველაზე ცუდი ვარიანტი, ანექსიაც კი მისაღები გახდეს რაღაც შემთხვევაში, თუ დარწმუნდებიან, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამორიცხულია და მაინც მეზობელი სახელმწიფოების “ლუკმა” უნდა გახდნენ, რომლებიც აფხაზეთს როგორც ტერიტორიას უყურებენ მხოლოდ. შესაბამისად, ქართველებსა და რუსებს შორის არჩევანის დროს, ისინი რუსებს აირჩევენ, რადგან, მათი ხედვით, საქართველოც სხვაზე, დასავლეთზეა დამოკიდებული. მათ კი უკვე აქვთ რუსული ენა, კანონები და ა.შ. ამიტომ ფიქრობენ, ჯობს ისევ რუსეთს მიენდონ ბოლომდე. ეს არის ერთი და სხვათაშორის, წამყვანი მოსაზრება აფხაზეთში.

მეორე მოსაზრებაა ის, რომ აფხაზეთს, როგორც უნიკალურ ტერიტორიას, იქამდე, სანამ აქვს ფორმალური დამოუკიდებლობა, შეუძლია ივაჭროს ყველასთან, მათ შორის საქართველოსთან და პირველ რიგში, რუსეთთან, რომელმაც აფხაზეთში საკუთარი სარგებლის [რკინიგზა, აეროპორტი, სამხედრო ბაზები] სანაცვლოდ ფული უნდა გადაუხადოს მათ.

ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია რომელია? რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ ისევ ისაუბრა ქართულ ინტერესებზე, თუნდაც ბიჭვინთის გასხვისებაზე პროტესტის კონტექსტში და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე საქმიანობაზე და შესაბამისი კანონის მიღებაზე.

ამ განცხადებას პროტესტი მოჰყვა იმ აფხაზებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ არასწორია ამ ორი თემის მიბმა ერთმანეთთან. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომის გმირის განცხადება ვნახე, სადაც თქვა, რომ მთელი ცხოვრება ქართველებს ებრძოდა, დღეს კი ფიქრობს, რომ ბიჭვინთა არ უნდა გასხვისდეს, და ამის გამო მისი პროქართველად გამოყვანა მისთვის შემაშფოთებელია. ასე ბევრი ფიქრობს იქ. ამ ფონზე ინალ არძინბას აფხაზეთში ავტორიტეტი არ აქვს. რუსეთის დასუსტების ფონზე კი ეს ავტორიტეტი კიდევ უფრო სუსტდება.

ახლა საზოგადოებაში უფრო დიდი მოლოდინია პარლამენტის სხდომის, რომელიც ბიჭვინთაზე შეთანხმების რატიფიკაციაზე უნდა ჩატარდეს უახლოეს პერიოდში. აფხაზებში მღელვარებაა იმაზე, თუ რა მოხდება რატიფიცირების შემთხვევაში. არაა გამორიცხული, დაიწყოს მღელვარება და ბჟანიას პოსტი დაატოვებინონ. ასეთი რამ არაერთხელ გაუკეთებიათ აფხაზებს და ამის მოლოდინი ახლაც არსებობს. ასევე, არსებობს განცდა, რომ ახლა რუსეთი აფხაზებისთვის ვერ მოიცლის და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, რუსეთი დათმობაზე წავა ბიჭვინთის თემაზე.

რაც შეეხება არასამთავრობოების შეზღუდვას კანონით, ამ კონტექსტში უნდა ითქვას, რომ აფხაზური სამოქალაქო სექტორი პატარაა, მაგრამ აქტიური. მათი შემოსავალი დღეს არ არის ბოლომდე გამჭვირვალე და შესაბამისად, ამას ვერც კანონი დაარგულირებს ბოლომდე. სურვილის შემთხვევაში, მაინც გააგრძელებენ მუშაობას და ეს კანონი არ შეასუსტებს მათ საქმიანობას. ამავე დროს, იმედოვნებენ, რომ რუსეთში პუტინიზმი დასუსტდება და ეს საკითხი, რომელიც მწვავედ დგას თავად რუსეთში, ასევე დარეგულირდება.

რამდენიმე დღის წინ აფხაზური მხარე თურქეთსა და რუსეთს შორის ტრანზიტის გახსნის პერსპექტივის კონტექსტში ქართულ მხარესთან ვაჭრობის დაშვებაზე ალაპარაკდა. ამ მიზნით აფხაზეთში შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელმაც აფხაზეთის ტერიტორიის გავლით ტვირთის შესაძლო ტრანზიტზე წინადადება უნდა მოამზადოს. რუსეთის დავალებას ხედავთ ამაში? 

აფხაზები აქამდეც, ჯერ კიდევ ყარაბაღის ომამდე საუბრობდნენ, რომ უნდათ გარკვეული სავაჭრო ურთიერთობების დალაგება ქართულ მხარესთან. მაშინ ჯერ არანაირ ეკონომიკურ სანქციებზე ლაპარაკი არ იყო. თუმცა, ქართული მხარე მაშინ გამოეხმაურა, რომ ეს რუსული პროექტია.

ახლა უკვე კონკრეტული წინანადება წამოაყენეს აფხაზებმა, რადგან რუსეთში ეკონომიკური პრობლემების გამო სურთ ვაჭრობა თურქეთთანაც. მიმდინარე მოვლენების ფონზე, აფხაზები ხვდებიან, რომ თავად უნდა დაიწყონ საკუთარ თავზე ზრუნვა. მე მგონია, საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად მაინც არ უნდა “აუკრას ხელი” და თქვას, რომ ამ წინადადებაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხი მისთვის მიუღებელია, თუმცა, მზადაა გაიაროს კონსულტაციები დასავლელ პარტნიორებთან და უშუალოდ აფხაზურ მხარესთან ვაჭრობის შესაძლებლობაზე იმსჯელოს. თუ აფხაზური საზოგადოება გამოდის ამ ტიპის კონტაქტზე, უნდა გავმჯინოთ რუსული და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემები ერთმანეთისგან და შედეგებამდე, ჯერ ვიდისკუსიოთ მაინც. პირადად მე არასოდეს მეშინია მოლაპარაკებებზე წასვლის, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათანხმებას.

“აფხაზები ხედავენ, რომ რუსეთის სუსტდება და უნდა გადარჩნენ” – ინტერვიუ ზაქარეიშვილთან

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.