რა დაუჯდათ მშობლებს მოსწავლის სკოლისთვის მომზადება – „ვერ ვუშვებ ბავშვებს სკოლაში, იქნებ 19 სექტემბერს მაინც გავუშვა“
2022-2023 სასწავლო წელი დღეს, 15 სექტემბერს დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეების მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხარჯიანი პერიოდია. ყველა ბავშვს უნდა, პირველ დღეს განსაკუთრებულად და ახალ სამოსში იყოს გამოწყობილი, ახალი ჩანთა ჰქონდეს… ამას ემატება საკანცელარიო ნივთების ხარჯი, რომელიც გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ ბავშვი კერძო სკოლაში სწავლობს, სასკოლო წიგნებში გადახდილი თანხა, ხშირ შემთხვევაში, ერთი წლის მანძილზე სწავლის საფასურის ფაქტობრივად ნახევარს შეადგენს.
რა უჯდებათ მშობლებს ერთი მოსწავლის სასწავლო წლის დასაწყისისთვის მომზადება? ამ კითხვის საპასუხოდ, როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, პირველი დღე სკოლაში, ყველასთვის საზეიმო სულაც არ არის, რადგან მშობლები ვერ ახერხებენ, მოზარდების მოთხოვნები დააკმაყოფილონ და ამჯობინებენ, სკოლაში შვილები რამდენიმე დღის დაგვიანებით გაუშვან.
ნატა ცინცაძე ორი, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეების მშობელია. როგორც 14 სექტემბერს გვითხრა, 15 სექტემბერს შვილებს სკოლაში ვერ უშვებს, რადგან მათთვის ვერც ახალი სამოსის ყიდვა მოახერხა და ვერც სასკოლო ნივთების.
„თუ დამიჯერებთ ჯერ არაფერი მიყიდია. ვერ ვუშვებ ბავშვებს სკოლაში 15 სექტემბერს, იქნებ 19 სექტემბერს მაინც გავუშვა… ვერ ვიყიდე ვერაფერი, რადგან 24 წლის შშმ პირი მყავს კიდევ სახლში. იმის წამლები და მოვლა ძალიან ძვირი მიჯდება. არ გვეხმარება მთავრობა. თან სოციალურად დაუცველთა სიაში ვართ.
„მინიუმ 300-300 ლარი მაინც უნდა ჩასაცმელს 12 და 14 წლის მოზარდებისთვის. ამას დამატებული რვეული, კალამი, ჩანთა… ალბათ კიდევ 200-200 ლარი. გულის გასახეთქად გაძვირებულია ყველაფერი. ეს თანხები, ჩემით ვივარაუდე, როცა მეგობრებმა მითხრეს, რას რა ფასი აქვს. ყველაზე უბრალო ჩანთა 50 ლარი ღირს და ისიც ან გაუძლებს ან არა ამ სიმძიმის მქონე წიგნებს. პირველ დღეს რომ სკოლაში ვერ მიდიან, ძალიან დარდობენ ბავშვები. ჩასაცმელი და ჩანთა ხომ მაინც უნდათ? სკოლამ მისცა წიგნები, მაგრამ… ახლა, ბანკში ვარ და იქიდან გესაუბრებით. ვცდილობ, ფული ვისესხო ბანკიდან, რომ შვილები სკოლაში გავუშვა. არ ვიცი, რა გამოვა. ძალიან ცუდად ვარ. როგორია დედისთვის ეს მდგომარეობა? ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სამსახურები არ აქვთ ხალხს და ყველაფერს აძვირებენ“, – გვითხრა მოსწავლეების მშობელმა, რომელიც თვლის, რომ ერთი მოსწავლის სკოლისთვის მომზადება, მისი გამოთვლით, დაახლოებით 550 ლარი ჯდება.
კიდევ ერთი, საჯარო სკოლის მე-6 კლასელი ბიჭის მშობელი, სოფო რაფავა კი ამბობს, რომ სასკოლოდ თადარიგი ბევრად ადრე დაიჭირა და შვილს სამოსი ფასდაკლებით უყიდა, სასკოლო ნივთები კი ონლაინ ფორმატში სწავლების გამო აქვს შემორჩენილი.
„გაგეცინებათ და წელს უშველებელი ფასები არაფერში გადამიხდია. ფასდაკლებით ვიყიდე ბევრი რამ. კარგა ხნით ადრე დავიწყე მზადება და ფასდაკლებით რაც მხვდებოდა, ვყიდულობდი. ერთ მაღაზიას ჰუდებზე ქონდა სასწაული ფასები – 99 ლარიანი 25-ად ვიყიდე. რაც შეეხება სასკოლო ნივთებს, შარშან და შარშანწინ თითქმის არ გვივლია სკოლაში და ჩანთაც ახალივით გვქონდა, არ დაგვჭირდა ყიდვა. სიმართლე გითხრათ, წელს, ყველა წელთან შედარებით, ნაკლები დავხარჯე. ამ 2 წლიანი ონლაინის გამო, ყველაფერს რომ ვორდში წერდნენ, ეს შეღავათი მოგვცა – წინა წლებში ნაყიდი რვეულები, კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები გვქონდა დარჩენილი. ერთი რვეულის გარეკანი მოეწონა ფეხბურთელით და ეგ ვუყიდე მხოლოდ. სოციალურ ქსელში, მშობლების ჯგუფებში შემხვდა პოსტი ფასიან სკოლებში სახელმძღვანელოები რომ აქვთ საყიდელი ამ თემაზე და ისეთ ფასებს წერდნენ, კიდევ კარგი, საჯარო სკოლებში წიგნები სკოლებში რიგდება თორემ, ალბათ ძალიან ბევრი ვერ შეიძენდა“, – გვითხრა სოფო რაფავამ.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის მშობელი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, ამბობს, რომ მხოლოდ სასკოლო წიგნებში 900 ლარამდე გადაიხადა.
„210 ლარი გადავიხადე ქართულის პროგრამის წიგნებში და 675 – ამერიკული პროგრამის. წიგნები ძალიან გაძვირებულია. თითქმის 100 ლარით მეტი გადავიხადე ქართულ პროგრამაში, ვიდრე შარშან გადაიხადეს ამ კლასის წიგნებში და ასევე, ამერიკულ პროგრამაშიც – 100-120 ლარით მეტი. მათემატიკას, ბუნებას სწავლობენ ინგლისურად და ორ ატესტატს აძლევენ. ამის გარდა, კარგი ჩანთა 100-დან 200 ლარამდე მაინც ღირს, თუმცა წელს არ მიყიდია. საწყისი ეტაპისთვის რვეულები, კალამი, ფანქარი, წებო, მაკრატელი და ა. შ. დაახლეობით 50 ლარი მაინც ჯდება.
„რაც შეეხება სამოსს, ერთ მაღაზიაში 25-25 ლარად იყო თეთრი პერანგები და ჟაკეტები. სკოლაში ლურჯი ფერის ჟაკეტს გვთხოვენ და ამ მაღაზიაში ვიყიდე ისიც. ანუ ერთი პერანგი, ერთი ჟაკეტი და ერთი ქვედაკაბა 100 ლარში ეტევა. ფეხსაცმელი, შეგიძლია, 30 ლარიც იანგარიშო და 150-იც. ნორმალურ ფეხსაცმელს 150 უნდა. ფორმებიც არის ჩვენს სკოლაში, რომელიც 150 ლარი მაინც ჯდება. ჩვენ შარშანდელ ქვედაკაბას გამოვიყენებთ, რომელიც ცოტა გადავაკეთე. ახალი 50 ლარი ღირს. დაწყებით კლასებში კაბას, ჰალსტუხს და პიჯაკს ითხოვენ. მე-6 კლასში ძალიან მკაცრად – აღარ ითხოვენ, მხოლოდ ქვედაკაბაა აუცილებელი და ლურჯი ჟაკეტი, რომელიც, როგორც გითხარით, 25 ლარად ვიყიდე“, – ამბობს მშობელი.
კითხვაზე, რატომ ურჩევნია, ისედაც გაძვირებულ ცხოვრებაში კერძო და არა საჯარო სკოლაში ატაროს ბავშვი, სადაც წიგნები მაინც ექნება უფასო, მშობელი გვპასუხობს:
„იმიტომ, რომ კლასში ნაკლები ბავშვია, მეტი ყურადღებაა, მეტი უსაფრთხოებაა და კონკრეტულად ეს სკოლა გვთავაზობს ორენოვან ატესტატს. თავისთავად, უფრო მეტი აქცენტი კეთდება სწავლაზეც. აღარ სჭირდებათ რეპეტიტორებთან მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის და კარგად შერჩეული სახელმძღვანელოებია. ამიტომაც ვარჩევთ კერძო სკოლას საჯაროს. საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახისთვის ეს სკოლა ხელმისაწვდომი არ არის. ვინც ამ სკოლაში სწავლობს, ან მაღალშემოსავლიანი სამსახური აქვს, ან ემიგრანტი ჰყავს ოჯახში და ან საქართველოში აქვთ ბიზნესი მშობლებს. სახელმძღვანელოების ფასის მატება იყო აღმაშფოთებელი, თორემ ტანსაცმელს, როგორ ხარისხსაც გინდა, ისეთს უყიდი. წიგნებს კი გვერდს ვერ აუვლი. სკოლის გადასახადი არ შეგვცვლია. 2100 დოლარი ღირს ერთი წელი სწავლა და თუ ერთიანად ფარავ ივნისის თვეში, 200 დოლარს გიკლებენ. ამას ემატება სკოლის ტრანსპორტის ხარჯები და ვინც იყენებს მათთვის წელიწადში ეს თანხა 1600-დან 2000 ლარამდეა. მე თავად დამყავს ბავშვი სკოლაში“.
კერძო სკოლის მშობელის ანგარიშით, ერთი მოსწავლის სასკოლოდ მომზადებას, წიგნების ჩათვლით, დაახლოებით 1300 ლარამდე სჭირდება.
EDU.ARIS.GE–მ სასკოლო ნივთების ფასები სხვადასხვა ადგილას დაათვალიერა, რომელიც ასე გამოიყურება:
ჩანთის ფასი 50 ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს, კალმის ფასი 80 თეთრიდან 6 ლარამდე მერყეობს, 12 ცალიანი ფანქრების შეკვრა – 12 ლარიდან 22 ლარამდე, 18 ცალიანი ფლომასტერების შეკვრა – 14-დან 17 ლარამდე, 100 ფურცლიანი რვეული – 1,50 ლარიდან 1,70 ლარამდე, 48 ფურცლიანის ფასი 90 თეთრიდან 1 ლარამდე, 12 ფურცლიანი კი – 60-დან 80 თეთრამდე, ქაღალდის წებოს ფასი 2-დან 3 ლარამდე, ქაღალდის მაკრატლის – 2,50-დან 3,45 ლარამდე, რვეულის გადასაკრავი 1 ლარიდან 1,50-მდე, ლექსიკონის რვეული 2,90-დან 3,50 ლარამდე, სახაზავები კი 80 თეთრიდან 5 ლარამდე.
ასე რომ, ამ ფასებისა და მშობლების მონაყოლის შესაბამისად, ერთი ბავშვის სასკოლოდ მომზადება მშობლებს, წიგნების გარეშე, მინიმუმ, დაახლოებით 280-დან 500 ლარამდე თანხა უჯდებათ.
ასევე იხილეთ: