ტესტირებაზე დარეგისტრირებული 3 205 დირექტორობის მსურველიდან 1 839 გამოცხადდა – განათლების სამინისტროს მონაცემები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს, 22 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირებაზე გასული აპლიკანტების რიცხვი დარეგისტრირებულთა რაოდენობისგან განსხვავებულია.
“მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 49 საგამოცდო ცენტრი. ტესტირებისთვის რეგისტრაცია 3 205-მა დირექტორობის მსურველმა გაიარა, ადგილზე კი 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.
ტესტირების ხანგრძლივობა 5 საათს შეადგენდა, ხოლო მხედველობის პრობლემის მქონე დირექტორობის მსურველებს, შესაბამისი განაცხადისა და სამედიცინო დასკვნის წარდგენის საფუძველზე, დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცათ.
აპლიკანტები ტესტირების შედეგების გაგებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით შეძლებენ.
2022 წელს დაიწყო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ დღეს საგამოცდო ცენტრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე სტუმრობდა.
ამავე თემაზე: