არაეფექტური და დისკრიმინაციული – როგორ შეფასდა პარლამენტში ეთნიკური უმიცირესობების წარმომადგენელთა განათლების მიღების შესაძლებლობები საქართველოში
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის გვაქვს დიდი ხარვეზი, რაც დისკრიმინაციის ელემენტებსაც ატარებს – ამის შესახებ განათლების ექსპერტმა, ნათია გორგაძემ, 22 სექტემბერს გამართულ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გაიმართა.
ეთნიკური უმცირესობების თემაზე კომიტეტმა ნათია გორგაძის მონაწილეობით მოკვლევა მოამზადა, სადაც საუბარია იმ საბავშვო ბაღებზე და სკოლებზე, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სწავლობენ. სხდომაზე ისაუბრეს ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილ 1+4 პროგრამაზე, რომლითაც ისინი არაერთი წელია, სარგებლობენ.
ნათია გორგაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ მართალია, 1+4 პროგრამა არსებობს, მაგრამ არსებული შედეგების მიხედვით, ამ პროგრამაზე მიღების ამჟამინდელი ინსტრუმენტი ეფექტური არ არის.
„ჩვენ თუ არ ვიცით წინასწარ ქართული ენის კომპეტენციები იმ სტუდენტებისა, რომელსაც ვიღებთ ამ პროგრამაზე, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პროგრამა ვერ იქნება ყველასათვის ეფექტური და ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუდენტები ამთავრებენ ამ ერთწლიან პროგრამას, ისინი არ არიან მზად საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად ენობრივი თვალსაზრისით… კი ჰქვია ერთწლიანი პროგრამა, მაგრამ შეგვიძლია, ბევრად უფრო მოქნილი და ამ სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული პროგრამა იყოს“, – მიიჩნევს დარგს ექსპერტი.
როგორც ნათია გორგაძემ აღნიშნა, ზოგ სტუდენტს უფრო მცირე დრო სჭირდება იმისათვის, რომ მზად იყოს საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელოს სწავლა, ზოგისთვის კი ეს ერთი წელიც არ არის საკმარისი და მათ კიდევ სჭირდებათ ხელშეწყობა იმისათვის, რომ ისინი საბაკალავრო საფეხურზე ეფექტურები იყვნენ.
„ამას, რასაკვირველია, ბევრი სახვადასხვა გზით შეგვიძლია მივაღწიოთ. ერთია ის, რომ თვითონ პროგრამას მივცეთ მოქნილობა. მეორე მხრივ, შესაძლებელია, საბაკალავრო საფეხურზე მოხდეს ამ სტუდენტების გაძლიერება ენობრივი თვალსაზრისით. მაგრამ მხოლოდ ენობრივი კომპეტენციები არ წარმოადგენს გამოწვევას ამ სტუდენტებისათვის. აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ იმ ინტერპერსონალური უნარების სიმცირეზე და მეორე მხრივ, ზოგადი საგანმანათლებლო კომპეტენციების სიმცირეზე, რომელიც ამ სტუდენტებს გააჩნიათ ჯერ კიდევ აბიტურიენტობიდან მოყოლებული, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სკოლამდელი განათლება ვერ უზრუნველყოფს მათთვის შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას, რაც თავს იჩენს მერე უკვე საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის პროცესში, სადაც სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბევრად უფრო დიდია სწავლის მიტოვების მაჩვენებელი, რომელიც არ არის გამოწვეული იმ ზოგადი ფაქტორებით, რაც ყველა სტუდენტისათვის არის დამახასიათებელი საქართველოში – ფინანსური პრობლემები, სწავლის შეჩერების მაჩვენებლები და ა.შ. აქ საუბარია ასევე იმ აკადემიურ გამოწვევებზე, რომლებსაც სტუდენტები ხვდებიან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის პროცესში“, – თქვა სხდომაზე განათლების სპეციალისტმა.
გორგაძე ასევე ხაზგასმით შეეხო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის არსებულ შეზღუდვას, რომლის გამოც სტუდენტებს არ აქვთ იმის საშუალება, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (ე.წ. უფასო ფაკულტეტები) ჩაირიცხონ, რითიც საქმე გვაქვს დისკრიმინაციასთან.
„ერთი მხრივ, ჩვენ კოტირების სისტემა გვაქვს და ხელს ვუწყობთ მათ შესვლას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში და განათლების მიღებას, ხოლო მეორე მხრივ გვაქვს ჩანაწერი, რომელიც ზღუდავს ამ სტუდენტებს, მიიღონ განათლება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე. ეს არის დიდი ხარვეზი რეალურად და დისკრიმინაციის ელემენტებსაც ატარებს“, – ამბობს ნათია გორგაძე, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებლები ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას და ფაქტობრივად არც არსებობს მასწავლებლების განათლების პროგრამა, რომელიც მოამზადებდა სამომავლოდ კადრებს არაქართულენოვანი სკოლებისათვის.
ნათია გორგაძის საპასუხოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ისაუბრა და განაცხადა, რომ სოციალური პროგრამის ფარგლებში სხვა ხელშემწყობი პროგრამების მომზადებაა დაგეგმილი.
„1+4 პროგრამა ჩვენ არ მოგვწონს. რომ ტრიალდება და 4+1 ხდება, ამას საერთოდ გამოვყავართ მდგომარეობიდან, მაგრამ ჩვენ არცერთი +4 არ მოგვწონს, იმიტომ, რომ ამან პასუხისმგებლობა მოუხსნა ჩვენს აბიტურიენტებს და განცდა აქვთ, რომ ეს არის აუცილებლად პლუსი. ეს არ არის პლუსი. ეს არის ხელშემწყობი საფეხური, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ეს პასუხისმგებლობას უნდა უზრდიდეს მის აკადემიურ მოსწრებას და იმ მაჩვენებლებს, რომლითაც ის სემესტრს გაივლის…. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალური პროგრამის ფარგლებში ჩვენ კიდევ გავაჩინოთ მათი ინტეგრაციისთვის გარკვეული ხელშემწყობი პროგრამები“, – თქვა სხდომაზე მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე სწავლას, ნუნუ მიცკევიჩის ვარაუდით, პროგრამული დაფინანსება ბოლო წელს ითვლის და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით მალე აქტუალობას დაკარგავს.
„შეჯამება ხდება ქართული ენის გამოცდის ჩაბარებით და ამის შემდეგ იწყება ის, რაც იწყება. ანუ ყველას უნდა დაფინანსება, უნდათ პრიორიტეტული პროგრამები ჩვენი დაფინანსებით და ის, რომ აქ თითქოს ხედავენ ბარიერებს… ეს საშეღავათო პოლიტიკა არ არის ისეთი რაღაცით სარგებლობა, რომელიც თითქოს ეზღუდებათ… პროგრამული დაფინანსება ალბათ ბოლო წელს ითვლის და ეს ამ ფორმით აღარ იქნება. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ თავისი აქტუალობას ამ ეთნიკურებთან დაკავშირებით დაკარგავს იმიტომ, რომ შეიცვლება და ეთნიკური უმცირესობების საკითხიც განხილული იქნება უმაღლესი დაფინანსების მოდელში“, – ამბობს ნუნუ მიცკევიჩი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ე.წ. უფასო ფაკულტეტების გაუქმებაზე უკვე მრავალი წელია საუბრობენ. უფრო მეტიც, ეს ფაკულტეტები, განათლების ყოფილი მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის პერიოდში, გასაუქმებელი, მახინჯი ტრადიციის სახელით მოინათლა და ითქვა ისიც, რომ უმაღლესების დაფინანსების წესის ცვლილებასთან ერთად, წარსულს ჩაბარდებოდა, თუმცა ამ დრომდე კვლავ არსებობს.
ასევე იხილეთ:
„ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას ბაღიდან დავიწყებთ“