ახალი ამბები

ომის დაწყებიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებზე თანხა 1.2 მლრდ-ით გაიზარდა — IDFI

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ (24 თებერვლიდან-31 აგვისტომდე პერიოდში) რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ნაშთი, დაახლოებით, 1.2 მილიარდი ლარით გაიზარდა.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ აგვისტოს თვის მდგომარეობით, რუსეთის  მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 170%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი ავრცელებს (IDFI) ავრცელებს.

IDFI საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს  კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ გახსნა.

მათივე თანახმად, ამავე პერიოდში სამჯერ გაიზარდა რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები და ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში  ფულადი გზავნილების მაჩვენებლები.

„შესაბამისად, მონაცემების ანალიზი აჩვენებს რომ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილმა გარემოებებმა ხელი შეუწყო რუსეთიდან  საქართველოში მნიშვნელოვანი  ფინანსური რესურსის შემოდინებას, რამაც, თავის მხრივ,  მოკლევადიან პერიოდშივე  გავლენა იქონია ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებელზე, მათ შორის, ეკონომიკურ  ზრდაზე, სავალუტო კურსის გამყარებაზე და სხვა“, — აცხადებს IDFI.

IDFI-ის თანახმად, 31 აგვისტოს მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში  აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მიახლოებით 60 ათასს აჭარბებს.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანაგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა.

ასევე, 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1.88 მილიარდ ლარს.

IDFI-ის ძირითადი მიგნებებიდან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ:

  • 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების მხოლოდ 26% წარმოადგენს ვადიან დეპოზიტებს,   რაც  ომამდე პერიოდში 60%-ს აღწევდა;
  • 2022 წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;
  • 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი რაც დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მიუხედავად სესხების თანხის შემცირებისა 1,118-ით მეტი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.

ამასთან, IDFI-ის თანახმად, კომერციულ ბანკებში  რუსეთის მოქალაქეების  მიერ 1.88 მილიარდ ლარის ღირებულების დეპოზიტებიდან  72% (1.36 მილიარდი) განთავსებულია აშშ დოლარის ვალუტაში, ხოლო რუსულ რუბლში განთავსებულია მხოლოდ 0.06% (1.2 მილიონი).

ომის დაწყებიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებზე თანხა 1.2 მლრდ-ით გაიზარდა — IDFI

IDFI მიიჩნევს რომ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლით მოკლევადიან პერიოდში მიღებული  გარკვეული დადებითი ეკონომიკური ეფექტის მიუხედავად, მათი ქვეყანაში დარჩენის მზარდი ტენდენცია შესაძლოა, წარმოადგენდეს გამოწვევას სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საჭიროებს შესაბამის ღონისძიებებს რისკების შემცირების კუთხით.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.