ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
გურჯაანის ტექნოპარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის თანამშრომლებმა 150 გურჯაანელ მოსწავლეს საბაზისო კომპიუტერულ უნარებში ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარეს.
პროექტის პირველ ეტაპზე გაერთიანების მიერ კონკურსით, აპლიკაციების განხილვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლიდან 25-35 მონაწილე შეირჩა. მეორე ეტაპზე მონაწილეები ინტერესის მიხედვით დარეგისტრირდნენ ქვემოჩამოთვლილი არჩევითი ტრენინგმოდულებიდან ერთ-ერთზე: გრაფიკული დიზაინი, ნარატივდიზაინი (ჩეტბოტები), Frontend დეველოპმენტი (HTML, CSS), WordPress დეველოპმენტი, Python დეველოპმენტი.
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე კურსის თითოეულმა მონაწილემ ფინალური პრეზენტაცია გამართა და მიიღო უნილაბის საბაზისო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
შემაჯამებელი შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ გახსნა. მას ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი და მერის მოადგილე ლერი გელენავა.
ნინო დობორჯგინიძემ პროექტის მნიშვნელობასა და იმ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეიძინეს.
„დღეს გურჯანიის მუნიციპალიტეტის ტექნოპარკში ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაცია. პროექტები მოამზადეს ამავე მუნიციპალიტეტის მოსწავლეებმა. კერძოდ, აქ, გურჯაანში, სამი თვის განმავლობაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბში 150 მოსწავლე გადიოდა ტრენინგებს, ონლაინ მეცადინეობებსა და პრაქტიკულ სავარჯიოშოებს. ამ სამი თვის განმავლობაში, მათ მოახერხეს, მიეღოთ თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ცოდნა, რომელსაც ისინი აუცილებლად მოახმარენ როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე შეეძლებათ თავიანთი პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა“, – განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.
პრეზენტაციას ესწრებოდა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი, პროფესორი სანდრო ასათიანი, რომელმაც პროექტის წარმატების შესახებ ისაუბრა.|
„დღეს გვქონდა პროექტების პრეზენტაცია. ბავშვებმა გვანახეს თავიანთი ნამუშევრები. საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ და სრულფასოვნად შეუძლიათ უკვე პროექტების განხორციელება. ვფიქრობ, რომ შეუძლიათ მოუტანონ სარგებლობა თვითონ იმ რაიონს, რომელშიც ცხოვრობენ და ამ გზით განვითარდნენ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრი საინტერესო პროექტით გაგვაკვირვებენ“, – სანდრო ასათიანი, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი.
„ჩვენ უნდა გაგვემართა პრეზენტაცია. ხუთი თემიდან ერთი უნდა აგვერჩია და მე წიგნის დიზაინზე ვიმუშავე. ვარ დიზაინერების კურსზეც და სულ 6 ნამუშევარი წარვადგინე. პრეზენტაციაზე გადმოგვცეს სერტიფიკატები“, – ანა გეთიაშვილი, გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე
„ჩემს ჩეტბოტს აქვს 315 ნოუდი. ის გავაკეთე Animachatbotics-ზე, ერთადერთ ქართულენოვანზე საიტზე, და დავარქვი „ავია“. რატომღაც ვთვლი, რომ ეს ავიალაინერის შემოკლებული სახელია. ჩეტბოტი თვითმფრინავებზე საუბრობს“, – ნიკა მჭედლიძე, გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე.