სკოლებისა და ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა და გერბის განთავსება სავალდებულო ხდება
ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობებზე დროშის მუდმივად აღმართვა და გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში სავალდებულო გახდება ასევე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.
აღნიშნულს ითვალისწინებს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლიც პირველი მოსმენით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გუშინ, 9 დეკემბერს განიხილეს.
როგორც საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორმა და საკითხის მთავარმა მომხსენებელმა, დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცხადა, ცვლილების მიზანი სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციაა.
„აღნიშნული ხელს შეუწყობს სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.
სკოლებისთვის დროშის აღმართვისა და ჰიმნის განთავსების ტრადიცია ახალი არ არის, თუმცა ახლა აღნიშნულს კანონიც დაარეგულირებს.
ასევე იხილეთ:
ტაბუდადებული სქესობრივი განათლება და ტაბუს შეწირული თაობები