ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე ოპოზიციის გაერთიანების 2 ხედვაზე საუბრობს

გიორგი ვაშაძე ოპოზიციის გაერთიანების 2 ხედვაზე საუბრობს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ საერთო პროევროპული ოპოზიციური გაერთიანება გაფართოვდება. იგი ემხრობა არჩევნებში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ერთიანი სიით გამოსვლას.

როგორც ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, სამმა პოლიტიკურმა ძალამ — „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ — კონსოლიდაციის პროცესი წამოიწყო არჩევნებამდე საკმაოდ ადრე, რომ საკმარისი დრო იყოს „შემდგომ ფაზებში მეტი კონსოლიდაციისთვის“.

„ერთობაზე საუბარი ღიად და საჯაროდ გაცილებით ადრე, ვიდრე არჩევნების თარიღიც კი ვიცით. ყველა ერთობას ანგრევს კულუარები. თუ არ გამოვიტანეთ ღიად ყველა ის წესი, რაზეც ვთანხმდებით, ინგრევა ერთობები. ამის გამოცდილება მაქვს „ნაცმოძრაობასთან“, როდესაც არასაჯარო, თუმცა დაწერილი შეთანხმება დაირღვა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩემი მაჟორიტაროული ოლქი „გადააგდო“. ზურასთან და ელენესთან რაზეც შევთანხმდით, არის:

  1. დღეს გვაქვს საერთო სტრატეგიული ამოცანა, ხალხი გამოვაფხიზლოთ და ღიად ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპისკენ არ მივყავართ;
  2. ხვალ და ზეგ უფრო დიდ გაერთიანებებზე თუ იქნება საუბარი, თუნდაც ამ ფორმატში, იყოს დაწერილი წესები, მათ შორის პრაიმერები, ვინ რა პოზიციაზე უნდა იყოს და ხალხის მიერ არჩეულ წესებს დაემორჩილოს ყველა“, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, არსებობს „ბრძოლის ორი ვარიანტი“, სიადანაც ემხრობა უფრო დიდ ოპოზიციურ ერთობას.

„არსებობს ორი განსხვავებული მიდგომა: 1. იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგი და დანარჩენი პარტიებისგან შემდგარი კიდევ ერთი პროევროპული ფლანგი და ორი ფლანგიდან ვეცადოთ, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. მეორე ვარიანტია, რომ შემდგომ არჩევნებზე იყოს პრორუსთა და პროევროპულთა ბრძოლა. მე ვარ ერთიანი დიდი ფრონტის და ფლანგის მომხრე. პარტიების, უპარტიოების თუ ექსპერტების რაც შეიძლება დიდი ერთობა უნდა გავაკეთოთ. არ გამოვა [ოპოზიციის] ათი სხვადასხვა ნომრით მონაწილეობა. უნდა იყოს ერთი [საარჩევნო ნომერი] — ერთ მხარეს #41 პრორუსები და მეორე მხარეს სხვა ნებისმიერი ნომერი, პროევროპელები“, — ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, პროევროპული ერთობის შესახებ ჰქონდა საუბარი ენმ-ის წარმომადგენლებთან, პარტიის ლიდერ ნიკა მელიას კი ზურაბ ჯაფარიძე ესაუბრა.

ნიკა მელია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მომდევნო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით მონაწილეობა თავშივე განწირულია.

„მე მჯერა დიდი პროევროპული ერთობის. ამას უნდა დრო. სამმა პოლიტიკურმა ძალამ წამოვიწყეთ ეს პროცესი საკმაოდ ადრე იმისთვის, რომ დრო საკმარისი იყოს შემდგომ ფაზებში მეტი კონსოლიდაციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამი პოლიტიკური ძალა მარტო არ დავრჩებით და კიდევ შემოგვიერთდებიან პარტიები თუ უპარტიო ადამიანები. ამიტომ დავიწყეთ ასე ადრე, რომ მჯერა, ქართველი ხალხი, მათ შორის ენმ-ის მხარდამჭერები, უბიძგებს ამ პოლიტიკურ ძალას [ენმ-ს] სწორი გადაწყვეტილებისკენ, რომ არ გაემიჯნოს საერთო პროევროპულ ფრონტს და ერთიანი დიდი ძალებით დავამარცხოთ პრორუსული ქართული ოცნება. გვაცადეთ რა. თქვენ გინდათ, ერთ დღეში მოხდეს ყველაფერი? ნუ გადავდივართ მეხუთე ნაბიჯზე, ჯერ პირველი არ გადაგვიდგამს“, — განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას მოსაზრებას, რომ თუ ოპოზიციურ პარტიებს შორის პრაიმერისი ჩატარდება, ყველა ნომინირებულ პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს, რადგან რაოდენობრივად მეტნი არიან. ვაშაძე ამბობს, რომ არსებობს პრაიმერისის სხვადასხვა მოდელი, რომელიც დიდი პარტიის მხრიდან მანიპულაციის საშუალებებს გამორიცხავს.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციურ ერთობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ლელოსთანაც“.

ვაშაძეს არ აქვს პასუხი კითხვაზე, ენმ-ის და ლელოს მსგავსად, გიორგი გახარიას პარტიის ხილვაც სურს თუ არა სამეულს ოპოზიციურ ერთობაში.

„არის განსხვავებული აზრები. მე პირადად მზად ვარ, მოვისმინო მათი აზრი. გახარაის პარტიას თვითონ აქვს გზა, რომ დამოუკიდებლად იმოქმედოს. ვერ ვხედავ, რომ ის სიღრმისეულ თანამშრომლობაზე მზადაა. ელენეს უფრო რადიკალური დამოკიდებულება აქვს [გახარიასთან] მიმართებაში, მე მაქვს კითხვები… სიტუაცია გვიჩვენებს, გადაწყვეტილად პასუხს ვერ გეუბნებით“, — ამბობს ვაშაძე.

სამი პოლიტიკური ძალა — „სტრატეგია აღმაშენებლი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ — ევროინტეგრაციის საკითხზე ფოკუსირებულ საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა.

ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისთვის ოპოზიციურ პარტიებთან „თანამშრომლობა გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე თუნდაც ხელოვნური ტიპის გაერთიანება“. რაც შეეხება „ლელოს“, დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, ივანიშვილის დამარცხების ფორმულად პარტია „ლელოს“ გაძლიერება მიაჩნიათ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.