თუ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღდგენა ან ხელახლა აღება გვჭირდება და დაწესებულება აღარ არსებობს – პროცედურა
საგანმანათლებლო დოკუმენტების დაკარგვის, დაზიანების ან ახალის აღების სურვილის შემთხვევაში, EDU.ARIS.GE-ს მოქალაქეები ხშირად მიმართავენ და აღნიშნულისთვის საჭირო ქცევისა თუ შესაბამისი უწყებების თაობაზე ინფორმაციით ინტერესდებიან.
რომელ უწყებას უნდა მივმართო დიპლომის დაკარგვის შემთხვევაში თუ უნივერსიტეტი აღარ არსებობს?, ნიშნების ფურცელის ან სტუდენტის სასწავლო ბარათის აღდგენა და დადასტურება მჭირდება, როგორ უნდა მოვიქცე? ასეთი კითხვები სხვადასხვა პერიოდულობით აქტუალურდება და მათზე პასუხის დასაზუსტებლად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.
როგორც ცენტრში 11 ნოემბერს აგვიხსნეს, ნიშნების ფურცლის გაცემის კომპეტენცია აქვს მხოლოდდამხოლოდ სასწავლებელს და თუკი სასწავლებელი აღარ არსებობს, მაშინ უნდა მიმართოთ არქივს და არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, უნდა მოხდეს ამ დოკუმენტაციის მიღება. არქივის მფლობელი კი უნდა გაირკვეს შესაბამის რეესტრში, იგულისხმება საჯარო რეესტრი, ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეესტრი.
„განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ამის (ნიშნების ფურცლის ავტ.) აღდგენას არ უზრუნველყოფს, ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ ფაქტის დადასტურებას და დიპლომის აღდგენა ხდება ამ გზით, მაგრამ ნიშნების ფურცლის აღდგენა ჩვენი მხრიდან შეუძლებელია. თუ საარქივო დოკუმენტაციის მფლობებს აქვს ასეთი დოკუმენტაცია შენახული, შესაძლოა, ამის საფუძველზე მოხდეს საარქივო ცნობის გაცემა და შემდგომ ეს ნიშნების ფურცლის ფორმა დამოწმდეს“, – გვითხრეს ხარისხის ცენტრში.
ჩვენი ჩაკითხვის საფუძველზე ისიც განგვიმარტეს, რომ საარქივო დოკუმენტაციის მოძიება მაშინაც ხდება, როდესაც დიპლომის აღდგენას ეხება საკითხი და ამ შემთხვევაშიც უნივერსიტეტი აღარ არსებობს.
„დიპლომის შემთხვევაში, მოქალაქე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში, ფაქტის დადასტურების განცხადებას წერს, რომლის საფასურიც 40 ლარია. საქმის წარმოება ერთი თვე გრძელდება (მისი დაჩქარება კი არ ხორციელდება) და ამის შემდეგ ხდება ფაქტის დადასტურება. თუკი დადასტურდა ეს ფაქტი და ჩვენ გავეცით დადებითი ცნობა, ახალ დიპლომს ჩვენ ვბეჭდავთ და მისი ორ კვირაში დამზადების საფასურია 50 ლარი. ან, თუ პროფესიულ განათლებას ეხება და განათლების მართვის სისტემის მიერ არის დასაბეჭდი, EMIS (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) ბეჭდავს ჩვენი ცნობის საფუძველზე“, – განგვიცხადეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ცენტრის დამატებითი პასუხი ხშირად დასმულ კითხვაზე:
– როგორ უნდა მოვიქცე როდესაც ნიშნების ფურცელის/სტუდენტის სასწავლო ბარათის აღდგენა და დადასტურება მჭირდება, დაწესებულება კი საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილია?
– მსგავს შემთხვევაში უნდა მიმართოთ საგანმანათლებლო დაწესებულების საარქივოს მფლობელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მართალია დაწესებულებას არ ააქვს უფლება გასცეს ან შეეცვალოს საგანმანათლებლო დოკუმენტი, მაგრამ საარქივო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მას ააქვს ცნობის გაცემის უფლება , რომელშიც ასახული იქნება მოქალაქის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაცია, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული შეფასებები. შემდეგ კი შეგიძლიათ ცნობა წარმოადგინოთ ცენტრში, როგორც საგანმანათლებლო დოკუმენტი ნამდვილობის დადასტურების მიზნებისათვის.
ასევე იხილეთ:
როგორ ხდება და ვის შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავება