თუ სააკაშვილს არ გადაიყვანენ უცხოეთში გავშლით საველე ჰოსპიტლის მსგავს კარავს – ექიმი
ექიმი ლევან ფერაძის თქმით, თუ უახლოეს ერთ კვირაში მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანენ, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და მისი სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაუარესებული ჯანმრთელობის ფონზე ყოფილ პრეზიდენტს არ მკურნალობენ და შესაბამისად, საჭიროა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ექიმი ლევან ფერაძეა, რომელმაც სიტყვით მიმართა მთავრობასთან შეკრებილებს.
„არ შემიძლია არ ვთქვა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მძიმე მეტალებით მოწამვლას ეხება. რატომღაც მაინცდამაინც ყურადღება გამახვილდა ვერცხლის წყალზე, რომელიც დიახ ძალიან მომწამვლელია.. მაგრამ რაც შეეხება ტალიუმს, ის არის გაცილებით შხამიანი ნივთიერება, გაცილებით უფრო მომწამვლელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. მისი 1 გრამი კლავს ადამიანს.
და აქვს კლინიკური ნიშნები, რომლებზეც ჩვენ ექიმები ერთმანეთში ვლაპარაკობდით, რომ ძალიან ჰგავს მძიმე მეტალებით მოწამვლას, მაგრამ ვერ ვამბობდით ხმამაღლა, ვინაიდან არავითარი მტკიცებულება ამისი არ გვქონდა. დღეს გაჩნდა ამის მტკიცებულება და თალიუმის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი არის ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვა, რომლის დროსაც, მოგეხსენებათ, საპყრობილეში განუვითარდა მიხეილ სააკაშვილს,“ – განაცხადა მან.
სხვა ექიმების მსგავსად, მანაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია „2-მეტრიანი სააკაშვილი 80 კილო არის დარჩენილი და გადაადგილება შეუძლია დამხმარე საშუალებებით. ადამიანია 3 კოვზზე მეტს ვერ ჭამს. ანუ იგი მიყვანილია უკანასკნელ, კრიტიკულ სიტუაციამდე,“.
„ჩვენი დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი აქცია. თუ უმოკლეს დროში, ერთ კვირაში არ მოხდა სააკაშვილის გადაყვანა ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს, გავშლით საველე ჰოსპიტლის მსგავს კარავს. დანარჩენ ღონისძიებებს კი მერე გეტყვით. ივანიშვილისთვის მიშას გათავისუფლება და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეიძლება ბოლო შანსია, რომ დასანქცირებას გადაურჩეს,“ – თქვა ლევან ფერაძემ.
დღეს 20 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის წინ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
ექიმები, სააკაშვილის ოჯახის წევრები, თანაპარტიელები და მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ. მათ გაშალეს საქართველოსა და უკრაინის დროშები.