რა შემთხვევაში უუქმდება მოსწავლეს სტატუსი ავტომატურად? – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და რა ვალდებულება აქვს სკოლას
2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, ქვეყანაში არსებულმა უკლებლივ ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტანდარტების მიხედვით უნდა გაიაროს. საჯარო სკოლებიდან ამჟამად საქართველოში ავტორიზაცია სულ რამდენიმე სკოლას აქვს და მათი ავტორიზაციის პროცესი 2023 წლიდან უნდა დაიწყოს.
როგორც ახალი სტანდარტების ავტორები განათლების ხარისხის ცენტრიდან განმარტავენ, ავტორიზაციის პროცესის დაწყება არ იქნება სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, თუმცა კონკრეტული ეტაპის გავლის შემდეგ სამინისტრო იმსჯელებს ასეთი სკოლის არსებობის საკითხზე.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი იმასაც განმარტავს თუ როგორ წყდება მოსწავლეების საკითხი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამ დროს მოსწავლის მეურვემ და რა ვალდებულება აქვს თავად სკოლას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი და თუ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თხოვნით. მას უფლება აქვთ ნებისმიერ დროს აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სურს მოსწავლეს სწავლის გაგრძელება.
„დაწესებულება, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდება ავტორიზაცია, ვალდებულია იმ მოსწავლის პირადი საქმე, რომლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თხოვნით, გადასცეს სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდა ავტორიზაცია (შემდგომში – რესურსცენტრი). აღნიშნულ პირად საქმეს რესურსცენტრი მოთხოვნის საფუძველზე, გადასცემს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოსწავლე განაგრძობს სწავლას და აღუდგება სტატუსი“, – განმარტავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
ასევე იხილეთ:
„ჩვენ არანაირად არ გვინდა გაყინული სკოლა, რომელიც იმის შიშით, არაფერი შეეშალოს, არაფერს აკეთებს“
„სავარაუდოდ, ავტორიზაციას ყოველწლიურად 500 სკოლა გაივლის“
რომელი სკოლები უნდა მოერგონ ავტორიზაციის ახალ სტანდარტებს 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე