გაუფრთხილებლობით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს 6 წლით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქოს სასამართლომ წყნეთში მოქალაქის გაუფრთხილებლობით მკვლელობის საქმეზე პოლიციის თანამშრომელი ერიკ წურწუმია დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. ერიკ წურწუმია დამნაშავედ ცნეს ორივე ბრალში — გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
გამოძიების ვერსიით, 18 აპრილს თბილისში „სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი [ერიკ წურწუმია] და სამმართველოს უფროსი, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაძლო დანაშაულის ადგილას მივიდნენ“.
- „შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი [ზურა გველესიანი] მიწაში რაღაცას ეძებდა;
- მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იგი იყო დაკავებული;
- მამაკაცმა მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა;
- პოლიციელმა სცადა მისი დაკავება და შებოჭვა, რა დროსაც საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“.
წურწუმიას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მოკლა თუ არა პოლიციელმა მოქალაქე გაუფრთხილებლობით – საქმის დეტალები