პოდოლიაკი: კობახიძეს დავუმარცვლავ — უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ რუსული პროპაგანდის ჩარჩოში ზის, როდესაც უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილში ადანაშაულებს.
„კობახიძე რასაც აცხადებს, ეს არის პირდაპირი ტყუილი. უკრაინის ხელისუფლება არასდროს ყოფილა დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე, მესამე თუ მეათე ფრონტი. არ არის ტყუილი საჭირო, მე დავმარცვლავ კობახიძისთვის — ოფიციალურად, არაოფიციალურად, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი“, — განაცხადა პოდოლიაკმა „ფორმულას“ ეთერში.
მან ასევე სიცრუე უწოდა ბრალდებას, რომ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია და თქვა, რომ სააკაშვილი პირადი სურვილით დაბრუნდა საქართველოში.
„არავითარი სცენარი არ ყოფილა, რომ სააკაშვილი დაბრუნდებოდა საქართველოში და გაიხსნებოდა მეორე ფრონტი.
პოდოლიაკის თქმით, უკრაინას თბილისის მიმართ პრეტენზიები აქვს სამ საკითხზე, რაც უკავშირდება პრორუსულ პოლიტიკას, სანქციების პოლიტიკას და მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა მათ შორის რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენით და დემონსტრაციული ქცევით მიხეილ სააკაშვილისადმი.
„მე მესმის, რომ არსებობს იურიდიული პრეტენზიები [სააკაშვილის მიმართ] — დასაბუთება ამ პრეტენზიების საეჭვოა, თუმცა მესმის… მაგრამ რაც სააკაშვილის თავს ხდება, ამის ყურებაც შეუძლებელია. ეს არის ანტიჰუმანური ქცევა პუტინის ინტერესების სასარგებლოდ. პუტინის პერსონალური ოპონენტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის თვალშისაცემია და გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან“, — განაცხადა პოდოლიაკმა.
„ქართული ოცნების“ კონსპირაციაა, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით სწორედ იმიტომ, რომ უარი თქვა ომში ჩართვაზე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მეორე ფრონტის სურვილის დასტურად ხშირად მოჰყავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლექსი დანილოვის განცხადება. დანილოვმა თქვა, რომ რუსეთის ინტერესების სფეროებში დამატებითი ფრონტების გახსნა დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად.