ახალი ამბები

როგორ ვასწავლოთ ტოლერანტობა მოსწავლეებს – აქტივობები მასწავლებლისგან სხვადასხვა კლასებისთვის

ტოლერანტობის დეფიციტი ჩვენი საზოგადოების ხილული პრობლემაა, რომელსაც შველა სჭირდება. ყოველ წელს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, მთელს მსოფლიოში აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ტოლერანტობის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზოგადსაკაცობრიო ღირებულების სწავლება, ყველა საგნის მასწავლებლის პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ტოლერანტობის შესახებ წერითი დავალებები ხშირად შედის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებშიც.

EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, როგორ ასწავლიან პედაგოგები ტოლერანტობას და რომელ სასწავლო რესურსებს იყენებენ სწავლა-სწავლების პროცესში. ვესაუბრეთ ნინო სილაგაძეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვარციხეჰესის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგსა და დამრიგებელს, რომელსაც მასწავლებლობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს.

პედაგოგი ფიქრობს, რომ ტოლერანტობის სწავლება მუდმივი პროცესი უნდა იყოს ყველა სასწავლო საფეხურზე, რათა სასკოლო ცხოვრება უფრო მშვიდობიანი გახდეს.

როგორ ვასწავლოთ ტოლერანტობა მოსწავლეებს – აქტივობები მასწავლებლისგან სხვადასხვა კლასებისთვის„ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის 28-წლიანმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ როცა სასკოლო კულტურაში და საკვეთილო გეგმაში ტოლერანტობის სწავლება შემოგვაქვს, ამით ვავითარებთ სასკოლო კულტურას და ვამცირებთ გამოწვევებს, რადგან მოსწავლე, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ეზიარება, ბევრად უფრო ემპათიურია, განვითარებული აქვს მაღალი სააზროვნო და ემოციური ინტელექტი და არაკონმფლიქტურია. გეტყვით, რომ ჩვენს სკოლაში წელსაც აღვნიშნეთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, რაშიც ყველა კლასის მოსწავლე იყო ჩართული. ასეთი ღონისძიებები გვეხმარება, სასკოლო ცხოვრება მშვიდობიანი და ინდივიდზე ორიენტირებული გავხადოთ. ვფიქრობ, ამაში ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან“, – განგვიცხადა ნინო სილაგაძემ.

დამრიგებელი თვლის, რომ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების პროცესი, მოსწავლეებს ოპტიმალურ დროში უვითარებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ ჯერ სკოლის, შემდეგ კი საზოგადოების ჯანსაღ ნაწილად აქცევს.

პედაგოგი გვესაუბრა იმ შედეგებზეც, რომელიც ტოლერანტობის ეფექტურად სწავლების დროს დგება:

„მოსწავლე, რომელიც სწავლობს ტოლერანტობას, შესწევს უნარი მიმღეობის, სხვათა აზრის მოსმენისა და პატივისცემის, პრობლემის რეალისტურად შეხედვისა და გადაჭრის, თანამშრომლობის, ლმობიერების, მეგობრობის, საკუთარი ქცევის მართვის, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ ცხოვრებაში მორგებულად გამოყენების. მას შეუძლია, ადამიანი მიიღოს ისეთი როგორიც არის, აფასებდეს საკუთარ ეროვნულ უნიკალობას მთელი თავისი სისრულით და აღიარებდეს, პატივს სცემდეს სხვა ხალხთა ღირებულებებს“.

როგორც ნინო სილაგაძე ამბობს, მნიშვნელოვანია, ზოგადსაკაცობრიო საკითხების სწავლება ესგ-ის მოთხოვნებს ემყარებოდეს, თუმცა, მასწავლებელმა, ტოლერანტობის სწავლების დროს, გრიფირებული სახელმძღვანელოების გარდა, აუცილებელია, სხვა დამატებითი რესურსებიც გამოიყენოს.

„ეს, შეიძლება, იყოს მატერიალურ-ტექნიკური რესურსი. წავიკითხოთ ბროშურები და სახელმძღვანელოები, რომელთაც ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი მეგობრები გვიგზავნიან. მოვიძიოთ საინფორმაციო ფილმები, მხატვრული თუ ანიმაციური, გამოვიყენოთ საკანცელარიო მასალა, თუ ბავშვებს შემოქმედებით დავალებებს ვაძლევთ, და, რაც მთავარია – ადამიანური რესურსი. მაგალითად, ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩვენს კოლეგებთან ერთად. როცა 2 საგნის პედაგოგი ხსნის, რა არის ტოლერანტობა საკუთარი საგნის ჭრილში, ეს ძალიან საინტერესოა ბავშვებისთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ მივმართოთ სკოლის ფსიქოლოგს და თითოეული აქტივობა მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებსა და საჭიროებებს მოვარგოთ. განსაკუთრებით საჭიროა ფსიქოლოგის ჩართვა, როცა ფილმებს ვარჩევთ, ან მხატვრული ლიტერატურა შემოგვაქვს“, – გვიხსნის კლასის დამრიგებელი.

დისკუსიები და სოკრატესეული დიალოგები

პრაქტიკამ მიჩვენა, რომ საჭირო განსახილველი საკითხი არა მხოლოდ კლასის საათზე, არამედ საგაკვეთილო პროცესთან ინტეგრირებით განვითარდეს. არის შემთხვევა, როდესაც სადისკუსიო საკითხს მოსწავლეებთან ერთად ვგეგმავთ და ვაძლევთ არჩევანის საშუალებას, რაც ძალიან მოსწონთ და მეტად სიღრმისეულად და გულახდილობით ერთვებიან მსმნელობის პროცესში. ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა საღ აზროვნებას ავითარებს. აღვნიშნავ, რომ მოსწავლეები ასაკობრივ ზღვართან ერთად, იცვლიან შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს. ტოლერანტობასთან დაკავშირებით დისკუსიისა და სოკრატესეული დიალოგების მიზანი ასევე უნდა იყოს იმის გამოვლენა, სად აქვს მასწავლებელს სამუშაო და როგორ მივიყვანოთ მოსწავლე ჯანსაღ აზროვნებამდე.

EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ნინო სილაგაძემ იმ უნივერსალური აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც პედაგოგებს ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის კლასში თავისუფლად შეუძლიათ.

წარმოგიდგენთ აქტივობებს:

შემოქმედებითი აქტივობები

„დედამიწა ჩემი სახლია“

ეს აქტივობა ითვალისწინებს მოქალაქეობრივი ვალდებულების შეგნების გათავისებას. მოსწავლეებმა ნათლად უნდა ასახონ საკუთარი გუნება-განწყობილება პლაკატებსა და პოსტერებში. აქტივობები მიზნად ისახავს, თითოეულმა მოსწავლემ გაითავისოს, რომ დედამიწა ეკუთვნის ყველას, განურჩევლად ერისა და ეროვნებისა, მრწამსისა და შეხედულებისა და ამიტომ, ყველა ერთად უნდა უფრთხილდებოდეს მას. ეს აქტივობა მოსწავლეებს ტოლერანტობისკენ უბიძგებს.

„ფანტაზია ჩვენი გონიერების ნაყოფია“

ამ აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებს ვთხოვთ, შექმნან ის, რასაც თავად ისურვებდნენ. იქნება ეს ელექტრონულ წიგნი, კომიქსი, ფერწერული ტილო, თუ ენციკლოპედია, მთავარი თემა უნდა იყოს ტოლერანტობა, ხოლო, როგორ და რა გზით მოგვითხრობენ ისინი ტოლერანტობის შესახებ, ეს უკვე მათ ფანტაზიასა და შემოქმედებით უნარებზეა დამოკიდებული.

ბრიტანული ფორმატის დებატები

ბრიტანული ფორმატის დებატებში ყოველთვის არის 2 მხარე. ოპოზიცია და ხელისუფლება. ამგვარი ტიპის დებატებში ხდება პოზიციების გამიჯვნა და დემონსტრირება იმისა, ვინ რატომ თვლის და რას თვლის ამორალურ თუ არასამართლიან გადაწყვეტილებად.
დებატების თემატიკები: „მეც ამ სამყაროს წევრი ვარ“; „გულწრფელი მეგობარი ჩემი ძლიერი საყრდენია“; „უფლება და მოვალეობა ორივე მე მეკუთვნის“; „ტრადიცია თუ წეს-ჩვეულება“;„მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“;

გამოჩენილ ისტორიულ პიროვნებასთან შეხვედრის მოდელირება

ამ აქტივობაში მოსწავლეები ირჩევენ მათთვის მნიშვნელოვან ისტორიულ პიროვნებას და მასთან მოდელირებულ შეხვედრას ნიშნავან. ეს პიროვნება შეიძლება, იყოს უმცირესობის წევრიც. ასეთ აქტივობა ბავშვებს ემპათიურ უნარ-ჩვევებსა და კრიტიკულ აზროვნებას უვითარებთ. აქტივობა ისე უნდა დავგეგმოთ, რომ ერთმა მოსწავლემ ან შესაძლოა მასწავლებელმაც ისტორიული პიროვნების როლი მოირგოს, შეისწავლოს ამ პიროვნების ბიოგრაფია და შემდეგ ესაუბროს შეხვედრაზე შეკრებილ საზაოგადოებას. ასევე, უპასუხოს მათ შეკითხვებს.

არასაკლასო აქტივობები

შეგვიძლია, მოსწავლეები წავიყვანოთ ექსკურსიაზე, ან უბრალოდ, გავიყვანოთ სკოლის ეზოში და გაკვეთილი საკლასო ოთახიდან სხვა გარემოში გადავიტანოთ. ასეთ დროს, მოსწავლეები უფრო მეტად თანამშრომლობენ, სოციალურები ხდებიან და ტოლერანტობას რეალურ სიტუაციაში სწავლობენ. არასაკლასო აქტივობების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა და მხარდაჭერა. შეუძლიათ, მოიწვიოს სტუმარი, რომელიც ბავშვებისთვის საინტერესო და განსხვავებული იქნება მაგალითად, საკუთარი სტილით. ასეთ დროს, ბავშვები კიდევ უფრო რწმუნდებიან, რომ ყველა ადამიანი განსაკუთრებულია და მათთან ურთიერთობით ახალ უნარ-ჩვევებს ითვისებენ.

ტოლერანტობა – ტერმინი, რომელიც აღნიშნავს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიღებას, ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად. ტოლერანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის ზოგადი უფლების პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას.

ასევე იხილეთ:

სკოლებში სასწავლო კურსის „სამართლებრივი კულტურა“ დანერგვა იგეგმება

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.