არასათანადო მკურნალობა, კიბოს რისკი და სხვა – გასტროენეროლოგ ფინკელის ჩვენება სააკაშვილზე
დღეს 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ.
ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი პროცესს არც ამჯერად დაესწრო. სხდომის დაწყების წინ, მოსამართლე გიორგი არევაძემ ოქმი წაიკითხა, რომელსაც მისი განმარტებით ექსპრეზიდენტიც აწერს ხელს: ოქმში ნათქვამია, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარს აცხადებს დაესწროს პროცესს.
სტიუარტ ფინკელი, ამერიკელი გასტროენტეროლოგი, ერთ-ერთ იმ სამედიცინო ექსპერტებს შორის, რომელიც ცენტრი „ემპათიის“ მოწვევით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევაში ჩაერთო. დღევანდელ პროცესზე ის დისტანციურად სააკაშვილის მხარის მოწმის სტატუსით დაესწრო. ექსპრეზიდენტის ადვოკატები მას თითქმის 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
სხდომის მიმდინარეობისას ფინკელმა თქვა, რომ მისი დაკვირვებით, სააკაშვილის მკურნალობისას არაერთი შეცდომა დაუშვეს, მათ შორის, პრეპარატების დანიშვნასთან დაკავშირებით. ექიმი ამბობს, რომ სააკაშვილი ამ პირობებში ვერ გამოჯანმრთელდება.
ნეტგაზეთი გთავაზობთ მთავარ ამონარიდებს გასტროენტეროლოგის ჩვენებიდან. მისი პასუხები ქართულად სასამართლო პროცესზე მთარგმნელმა ლევან მეტრეველმა თარგმნა.
არასათანადო მკურნალობა, შეუსაბამო წამლები, კუჭის კიბოს მომატებული რისკი – რა ჩვენება მისცა ექიმმა?
სხდომა, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, დაგვიანებით დაიწყო. საქმე ის არის, რომ სტიუარ ფინკელი პროცესს დისტანციურად ესწრებოდა, შესაბამისად, დაახლოებით, ერთი საათი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას დასჭირდა.
პირველივე კითხვები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ექიმს დაუსვეს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის დიაგნოზს ეხებოდა. გასტროენტეროლოგმა დაასახელა კუჭ-ნაწლავისა და მომნელებელი სისტემის არაერთი დაავადება, მათ შორის, არის ჰიატალური თიაქარი და მალაბსორბცია. ეს უკანასკნელი აღწერს ისეთ მდგომარეობას, როდესაც საკვები ნივთიერებები წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან ცუდად შეიწოვება.
დიაგნოზების სრული სია, რომელიც დღეს სხდომაზე წაიკითხეს ასე გამოიყურება:
- რეფლუქს-ეზოგაფიტი;
- ჰიატალური თიაქარი;
- ეროზიული გასტრიტი;
- ზედაპირული დუოდენიტი;
- პოსტ-სლივ გასტრაქტომია;
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
- დუოდენალური გასტრალური რეფლუქსი;
- დისტალური ეზოგაფიტი;
- ქრონიკული ეროზიული გასტირი;
- კუჭის ანტრალური პოლიპი;
- წვრილი ნაწლავების მეტაპლაზია;
- წვრილ ნაწლავში მალაბსორბცია;
გასტროენტეროლოგმა თავის ჩვენებაში არაერთხელ აღნიშნა, რომ საქმეში არსებულ სამედიცინო დოკუმენტებზე დაყრდნობით, რაც მაქვს აქვს – სააკაშვილს არ ჩასტარებია კუჭის ქსოვილების ბიოფსია, რაც მისი აზრით, – „იყო გადახვევა მზრუნველობის [მკურნალობის] სტანდარტიდან, რომელიც საჭიროა ამ ტიპის სიტუაციისთვის,“.
„წინა დიაგნოზები, რომელიც მე ვნახე, დამყარებული იყო 2022 წლის მარტსა და ივლისში ჩატარებული ენდოსკოპიური კვლევის შედეგებზე. რაც შეეხება ანორექსიას და ქრონიკულ გულისრევას – ეს არის კლინიკური დიაგნოზები, რომლებიც ეფუძნება სიმპტომებზე დაკვირვებას,“ – ამატებს სტიუარტ ფინკელი.
ექიმს ადვოკატებმა ჰკითხეს, აქვს თუ არა სააკაშვილს ის დიაგნოზი, რომელიც ქართული კანონმდებლობის თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს. გასტროენტეროლოგი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა. კერძოდ კი მალაბსორბცია და კახექსია [ორგანიზმის გამოფიტვა].
ადვოკატი: ის დაავადებები, რომლებიც ახლა აქვს და თქვენ ჩამოთვალეთ, განსაკუთრებით მალაბსორბცია და კახექსია, დაკავშირებული არის თუ არა იმ შიმშილობის აქტთან, რომელიც მან განახორციელა დაპატიმრების დღიდან? 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 18 ნოემბრამდე – იმავე წლის..
ექიმი: ჩემი აზრით, ეს მდგომარეობები განვითარდა მას შემდეგ, რაც ის დააპატიმრეს და სიმპტომები გამოუვლინდა გვიან, 2021 წლის გვიან ნოემბერს.
ადვოკატი: ანუ როგორც გავიგე, ეს დაავადებები შიმშილობასთან დაკავშირებული არ არის?
ექიმი: დიახ, ეს ჩემი აზრია.
ადვოკატი: მაშინ გვითხარით, რამ გამოიწვია ის მძიმე დაავადებები, რაც ჩამოთვალეთ?არასწორმა მკურნალობამ ან მოპყრობამ?
ექიმი: მან მიიღო არასწორი მკურნალობა, დიახ.
სტიუარტ ფინკელმა თქვა, რომ სააკაშვილს მკურნალობისას ისეთ პრეპარატებს აძლევენ, რომელიც ცნობილია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების სახელით – რაც ამ ტიპის პაციენტთან არ უნდა მომხდარიყო. მეტიც, მისი თქმით, ამ პრეპარატებმა ასეთ დროს შესაძლოა გააუარესონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რაც შეეხება კვლევებს, რომლებიც ჩატარდა, ფინკელი ამბობს, რომ „შესაძლოა ერთის მხრივ ეს ნორმალურად ჩანდეს“, მაგრამ რაკი არ გაკეთებულა კუჭის ქსოვილების ბიოფსია, რიგი დაავადება ვერ გამოვლინდებოდა. ამასთანავე, საჭიროა დამატებითი გამოკვლევები, მათ შორის, ენდოსკოპიის მეშვეობით ჩატარებული დეტალური კვლევებიც.
„თუ ეს მეთოდი საქართველოში ტარდება, ის უნდა ჩატარებულიყო და თუ ის არ ჩატარდა, ეს არის სტანდარტის ქვემოთ გაწეული დახმარება. სტანდარტის დარღვევა. [რაც შეეხება ბიოფსიის არგაკეთებას] მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გადახრა მოვლის, მკურნალობის სტანდარტიდან,“ – ამბობს ის.
ადვოკატი: იმ მკურნალობის ფონზე, რომელიც მას პენიტენციურ სისტემაში ჩაუტარდა, ეს ადამიანი დგას კუჭის კიბოს რისკის ქვეშ?
ექიმი: მას აქვს მომატებული რისკი კუჭის კიბოს განვითარების. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა სრულად შევაფასოთ ეს რისკი, რამდენადაც ადეკვატური კვლევა არ იყო ჩატარებული.
ადვოკატი: რა რეკომენდაციას გასცემთ?რა ტიპის მკურნალობა სჭირდება?
ექიმი: ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მას უნდა ჩაუტარდეს ენდოსკოპიური კვლევები და მასალა, ანუ ბიოპტატი აღებული უნდა იყოს არამარტო კუჭის ანტრალური ნაწილიდან, არამედ სხეულიდან და რამდენიმე სხვა ადგილიდან კიდევ.
სხდომის მიმდინარეობისას გასტროენტეროლოგი არაერთხელ უბრუნდება იმ მოსაზრებას, რომ მისი შეფასებით, სააკაშვილს მკურნალობენ იმ პრეპარატებით, რაც მისი დიაგნოზისთვის უკუჩვენებაა.
ის ამბობს, რომ 13 მარტს ჩატარებული გასტროსკოპიის შედეგად გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ – „პაციენტს აძლევდნენ წამლებს, რომელიც წინააღმდეგ ნაჩვენები იყო. ეს იცოდნენ, რადგან ივლისშიც და მარტშიც ჩატარებული იყო კვლევები“.
ადვოკატი: თავის დასკვნაში ბატონი ექსპერტი აცხადებს, რომ სამედიცინო ჩანაწერებში დღეისთვის მოწოდებული დოკუმენტები ტოვებს დაბნეულობის და დეზორგანიზაციის შთაბეჭდილებას, მედიკამენტების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომელსაც სააკაშვილი ფაქტობრივად იღებდა 2022 წლის 29 აგვისტოს და ექსპერტს უწერია ასეთი რამ – 14 ან 6 მედიკამენტი. აქვე ბატონი ექსპერტი აღნიშნავს: თუ პაციენტის ყოველდღიური ჟურნალის ჩანაწერები სწორია, ის იღებდა შესაბამის მედიკამენტებს და მკურნალობას გასტროენტეროლოგიური მდგომარეობის გამო. ნოლპაზა, კვამატელი, მოტილიუმი – 2022 წლის 29 აგვისტოს 14 ჩამოთვლილ პრეპარატს შორისაა. ექსპერტი ამბობს, რომ ფორმა 100-ში კი არა, ავადმყოფობის ისტორიაში წერია ესო. თუმცა, ყველა ეს მედიკამენტი აშკარად არ არის მითითებული სამედიცინო ჩანაწერების ფორმა 100-ში, რომელიც გაცემულია 2022 წლის 29 სექტემბერსო. ანუ რა გამოდის, ფორმა 100-ში და ავადმყოფობის ისტორიებში სხვადასხვა მონაცემებია შეყვანილი?
ფინკელი: დიახ, განსხვავებულია.
ადვოკატი: რით უნდა იყოს ეს გამოწვეული?
ფინკელი: მე არ ვიცი, რატომ არის პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაში 14 სხვადასხვა წამალი მითითებული და 29 სექტემბერს გაცემულ ფორმა 100-ში არის მხოლოდ 6 მედიკამენტი მითითებული. ჩემთვის აუხსნელია და დაბნეულობას წარმოქმნის.
სხდომის ბოლოს სტიუარტ ფინკელს რამდენიმე დასკვნითი კითხვა დაუსვეს. კითხვების საპასუხოდ მან დაადასტურა, რომ მისი შეფასებით სააკაშვილი „სერიოზული პაციენტია“ და რომ „მას პატიმრობის პერიოდში არ ჩასტარებია შესაბამისი კვლევები“. მისივე თქმით, ამ პირობებში მას არ შეუძლია სასჯელის მოხდა.
ადვოკატი: მისი ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, რომელიც ჩატარდა, მის ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა ვერცხლის წყალი და სხვა მძიმე მეტალები. ზეგავლენას ახდენს თუ არა უარყოფითი კუთხით ამ ნივთიერებების აღმოჩენა მის ორგანიზმში გასტროლოგიური მიმართულებით?
ექიმი: მე ვეყრდნობი პირველ რიგში დოქტორ სმიტის დასკვნას, ამავე დროს მე ჩავატარე გარკვეული კვლევა ვერცხლისწყლის გავლენასთან დაკავშირებით საჭმლის მომნელებელ სისტემაზე – ვადასტურებ, რომ ვერცხლისწყალი ნეგატიურად მოქმედებს გასტრო-ინტესტინულ სისტემაზე, ასევე ვერცხლისწყალი იწვევს ნეკროზს ნაწლავებში, რასაც მივყავართ მალაბსორბციის სინდრომთან.
კითხვაზე, მისი აზრით, ესაჭიროება თუ არა სააკაშვილს მკურნალობა დასავლეთში ე.წ. მესამე კლასის საავადმყოფოში, გასტროენტეროლოგი პასუხობს:
„მე უფრო გამოვიყენებდი ტერმინს „პირველი კლასის“. მე უფრო გამოვიყენებდი ტერმინს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ე.წ. მესამეული ანუ რეფერალური სამედიცინო დაწესებულებას“.
სასამართლოს შემდეგი სხდომა 17 და 20 იანვარს ჩაინიშნა.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. ამის ფარგლებში სასამთლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა.
მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ: