„ამ ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი განათლებაზე და არის რისკი, დარჩნენ სასკოლო განათლების სისტემის მიღმა“
„საქართველოში ბევრი ბავშვია, განსაკუთრებით სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფებიდან, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი განათლებაზე“, – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, 10 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში საუბრობს, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატას მისცა.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი იმ გამოწვევებს ასახელებს, რომელიც საქართველოს სკოლამდელი განათლების მიმართულებით აქვს და ერთ-ერთ გამოწვევად გადამზადებული მასწავლებლების ნაკლებობას და მათთვის არსებულ პრობლემებს მიიჩნევს.
„საქართველოს ამ კუთხით არაერთი გამოწვევა აქვს – მათ შორის, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩართულობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი სოციალურად დაუცველ ბავშვებში, სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლების სიმცირე, რომლებიც მომზადებულნი არიან თანამედროვე, ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებში და ინვესტიციების სიმწირე სკოლამდელ განათლებაში.
„სკოლამდელი დაწესებულების ბევრ მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი აკადემიური გამოცდილება, ან შესაძლოა, განათლება მიიღო მრავალი წლის წინ, როდესაც ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და განვითარების მიდგომები ძალიან განსხვავებული იყო“, – აცხადებს ღასან ხალილი.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა განმარტა, რას გააკეთებს ორგანიზაცია ამ პედაგოგების დასახმარებლად: „ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მათ დაეუფლონ უახლეს მეთოდებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ბავშვზე მეგობრულ, თამაშზე ორიენტირებულ და კულტურულად სენსიტიური რეაგირების ტექნიკას“.
გარდა ამისა, ღასან ხალილი საუბრობს იმ ჯგუფებზეც, ვინც სასკოლო განათლების მიღების მიღმა დარჩენის რისკ ჯგუფშია და ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მუშაობს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებაზე.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ბავშვები ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებიდან, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, ობოლი ბავშვები, იძულებით გადაადგილებული პირები, მოქალაქეობის არმქონე ბავშვები, ლტოლვილები და შორეულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვები განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ დარჩნენ სასკოლო განათლების სისტემის მიღმა“, – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.
მისი ინფორმაციით, გაძლიერების პროგრამა ფოკუსირებულია 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, განსაკუთრებული ფოკუსით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ეროვნულ უმცირესობებზე და მარგინალიზებულ ბავშვებზე, მათ შორის, მათზე, ვინც ამჟამად არ დადის სკოლაში, ან სწავლის მიტოვების საფრთხის ქვეშაა.
ასევე იხილეთ:
რა პრობლემებია სკოლებში ციფრული რესურსების მხრივ – დირექტორებისა და მასწავლებლების ინფორმაცია