ახალი ამბები

ვნანობ, რომ შს მინისტრი არ გავათავისუფლე – სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე

ვნანობ, რომ შს მინისტრი არ გავათავისუფლე – სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მაშინდელი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი არ გაათავისუფლა.

ამის შესახებ სააკაშვილი Der Spiegel-თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. სრულად ამ ინტერვიუს „მთავარი არხი“ ავრცელებს, რომლის თქმით, სააკაშვილის პასუხები გერმანულ გამოცემას გიული ალასანიამ გადასცა.

კითხვაზე, როგორ უყურებს სააკაშვილი მის ათწლიან მმართველობას დღევანდელი გადმოსახედიდან, ის ამბობს:

„2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, უმოქმედო ინსტიტუტებით. ჩემი პრეზიდენტობის დროს მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა და ევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. რა თქმა უნდა, სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შსს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე”.


გირგვლიანის საქმე

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. აღნიშნულს წინ უძღოდა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარში დაწყებული კონფლიქტი. ამ კონფლიქტის მონაწილეთა ერთ ჯგუფთან იმყოფებოდა იმდროინდელი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია. სალაყაიას რაიმე სახის ბრალეულობაზე არ უსაუბრია არც იმდროინდელ გამოძიებას და არც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ განახლებულ გამოძიებას.

გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც წერია:

“სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“

„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, გირგვლიანის საქმეში ბრალი დაუმტკიცდა ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს. ის დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მას სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივ სიყალბეში. მას 7 წლითა და 6 თვით მიესაჯა პატიმრობა.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. მას ბრალად ედებოდა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირებისთვის ციხეში შეღავათიანი და განსაკუთრებული პირობების შექმნის გამო.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.