ახალი ამბები

რა ხდება სპორტული კარიერის შემდეგ – ანტონ ფეიქრიშვილის ამბავი დეპრესიაზე

რა ხდება სპორტული კარიერის შემდეგ – ანტონ ფეიქრიშვილის ამბავი დეპრესიაზე

საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოში 18-წლიანი წარმატებული სპორტული კარიერის შემდეგ 35 წლის ანტონ ფეიქრიშვილმა რაგბის თამაში დაასრულა. ის სამშობლოში დაბრუნდა და მწვრთნელი გახდა.

როგორც თავად გვიყვება, კარიერის დასრულებიდან მალევე დაეწყო შფოთვები და ფიქრები იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა შემდეგ, როგორი იქნებოდა მისი მომავალი ცხოვრება თამაშის, გულშემატკივრების შეძახილების და ყველა იმ უპირატესობის გარეშე, რაც წარმატებულ სპორტსმენობას ახლავს თან.

ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპორტსმენია, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ გამოწვეულ დეპრესიაზე ხმამაღლა საუბარი დაიწყო. ანტონი გვეუბნება, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრჯერ ჰქონია სუიციდური ფიქრები, თუმცა, მისი თქმით, ამ ყველაფერზე ხმამაღლა, საჯაროდ საუბარმა შვება მოჰგვარა.

ამბავი დეპრესიაზე

115 კილოგრამი ვარ, 1.83 მეტრი, ამხელა ჯანიანი… მთელი ევროპა წაქცეული მყავს და ვფიქრობდი, როგორ ვუთხრა ვინმეს, დეპრესია მაქვს-მეთქი. სირცხვილის მომენტიც მქონდა…

უკვე აღარ შემეძლო, ახალი წელი არ გამიხარდა, ბავშვისთვის ვიყავი, ფაქტობრივად, რომ ბავშვს უხაროდა. რომ დამთავრდა ეს ყველაფერი და ყველამ დაიძინა, ტვიტერზე დავწერე მიშველეთ, აღარ შემიძლია-მეთქი.

რომ გავიღვიძე, ბევრი შეტყობინება დამხვდა, ბრიტანეთიდანაც მომწერეს და ფრანგი ჟურნალისტიც დამიკავშირდა, ერთი სპორტსმენის ინტერვიუ მაჩვენა და მეც ვუთხარი, თუ შეიძლება გაგიზიაროთ, ჩემი სათქმელი-მეთქი და ასე ჩავწერეთ ინტერვიუ, რის შემდეგაც ხალხის დიდი გამოხმაურება და სითბო მივიღე. ამან ძალიან გამაძლიერა, ისევ ის ანტონ ფეიქრიშვილი გამხადა და თავი ცოტა სხვა მხარეს შევატრიალე.

როცა ახალგაზრდა ხარ, ფიქრობ, რომ [კარიერის შემდეგ] რაღაცას მაინც გააკეთებ, მაგრამ ეს რაღაც, რაღაცად რჩება და ესაა, რაც გჭამს კარიერის დასრულების შემდეგ.

სპორტსმენობა არის შენს თავთან ბრძოლა: დილით ადრე ადგომა არ არის ადვილი, 200 კილო ღერძის აწევა არ არის ადვილი, დიეტის დაცვა არ არის ადვილი. შენს თავთან გაქვს კონკურენცია.

არ გინდა, რომ დაამთავრო ეს კონკურენცია, გინდა, ისევ იბრძოლო და [ამ პროცესში] არ გრჩება იმის დრო, სხვა რამეზე იფიქრო – ერთ დღესაც მორჩება ეს ყველაფერი და შემდეგ რა უნდა გააკეთო?!

ზოგიერთ ყოფილ სპორტსმენს ხელის მოხრა აღარ შეუძლია, ზოგს თითები აქვს დამტვრეული… რომ გითხრან, კაბინეტში დაჯექი 8 საათიო, შეიძლება ვერც გაძლო იმიტომ, რომ წელი აგტკივდეს.

გუნდში 40 კაცია. შეიძლება ხუთმა იპოვოს გზა, ხუთს შეიძლება მშობელი ჰყავდეს, რომ დაასაქმოს, მაგრამ უმეტესობა ცარიელი და უყველაფროდ გამოდის სპორტიდან.

სამწუხაროდ, ბევრი ფაქტორია, რაც ხელს გიშლის მეორე ცხოვრების დაწყებაში, მათ შორის ჯანმრთელობა.

შარშან, გვიანი მარტი თუ აპრილი იყო, სტადიონზე თოვლი იყო და ვერ ვვარჯიშობდით [მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი ვარ], რომ გავიფიქრე – ესეც რომ არ იყოს, მერე რას ვშვრები-მეთქი?

თავიდან პატარა ფიქრებით იწყება. მერე ემატება და ემატება. მერე მახსენდებოდა, გუნდში რომ ვიყავი, ნეტავ ისევ იქ ვიყო-მეთქი.

ფიქრობ, რომ გასახდელში ვეღარ მოხვდები, შენ თანაგუნდელებთან ისე ვეღარ იღლაბუცებ. თამაშზე ტაშს აღარავინ დაგიკრავს…

რა მახსენდება კარიერიდან ყველაზე კარგად? – გამარჯვებები რუსეთთან

ძალიან საწყენია, რომ ამთავრებ კარიერას და ასე უცებ ყველაფერი მთავრდება.

კარგ რაღაცას გააკეთებდი და შენ სახელს დაიძახებდნენ, მეცხრე ცაზე იყავი და უფრო მეტის გაკეთება გინდოდა, რომ კიდევ დაეძახათ შენი სახელი: “ანტონ, ანტონ” – ხდებოდა ხოლმე ასე და მაგას გამოვყოფდი.

რომ შემძლებოდა GoPro-თი [სხეულზე მისამაგრებელი მცირე ზომის კამერა] თამაში და მაგ ყველაფრის დაფიქსირება, ალბათ ყოველდღე ჩავრთავდი, რომ გამემეორებინა ის სიამოვნება, რომელსაც დინამოს სტადიონზე თამაშისას ვიღებდი.

როგორია დეპრესია

რამდენიმე თვე ღამე ფიქრებში ჩემს თავს ვამცირებდი: “რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, არაფერი ხარ”… ეს მე კი არ მინდოდა, ხმა იყო, რომელიც სულ ნეგატივს მელაპარაკებოდა და შეიძლება მეყვირა ან, მარტო რომ დავრჩენილიყავი – მეტირა…

შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ რაღაც უკმარისობის გრძნობა გაქვს. გინდა, რომ მოწყდე იქაურობას, სადაც ეს უკმარისობაა. იქ მიხვალ, იქაც უკმარისობაა, სხვაგან წახვალ – იქითაც უკმარისობაა.

აი, რაღაც აიწონა-დაიწონასავითაა. შეიძლება იცინოდე, კინოსაც უყურებდე, მაგრამ შიგნიდან რაღაც გჭიმავს, მოსვენებას არ გაძლევს… დახასიათება ძალიან მიჭირს.

აღარც ჭამა გინდება. გინდა, რომ არ არსებობდე. რაღაც მილი ჩაგიყენონ და იწვე… თუ გათავდები, გათავდე.

ეს ბრძოლაც მოსაგები მაქვს და აუცილებლად მოვიგებ მასაც…

ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე: სპორტსმენი ორჯერ კვდება ცხოვრებაში. პირველად, როცა კარიერას ასრულებს და მეორედ, როცა მართლა კვდებაო.

მე ვფიქრობ, რომ ერთი სიკვდილი გამოვიარე, კარიერას როცა მოვრჩი, და ჯერჯერობით მეორეს არ ვაპირებ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.