ახალი ამბები

კობახიძის თქმით, უკრაინაში რუსეთის უპირატესობის ფონზე საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი გაზრდილია

კობახიძის თქმით, უკრაინაში რუსეთის უპირატესობის ფონზე საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი გაზრდილია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა სურს.

კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოეხმაურა ევროპარლამენტარების კრიტიკას საქართველოს ხელისუფლებისადმი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით.

„არსებობს ძალიან დიდი მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც არ არსებობს, მაგალითად, მოლდოვის მიმართ. მოლდოვაშიც პატიმრობაშია მე-5 პრეზიდენტი, მაგრამ არავის ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით მარტო ჯანმრთელობაზე ხომ არ იყო საუბარი?! პირდაპირ გვამუნათებდნენ ევროპარლამენტარების ნაწილი, რომ როდესაც პატიმრობაშია პრეზიდენტი, ეს უკვე ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე. ასეთი არცერთი განცხადება არ გაკეთებულა მოლდოვასთან მიმართებით მიუხედავად იმისა, რომ მათი მეხუთე პრეზიდენტი დღეს არის დაპატიმრებული, პატიმრის სტატუსის მქონე. რატომ? — იმიტომ რომ რა მანკიერი ინტერესიც არ არსებობს მოლდოვის მიმართ, ის მანკიერი ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ამ მანკიერი ინტერესის საბოლოო მიზანია მეორე ფრონტი.

მოლდოვის მე-5 პრეზიდენტი, მაია სანდუს წინამორბედი, პრორუსი იგორ დოდონი, რომელზეც კობახიძე საუბრობს, 2022 წლის 24 მაისს დააკავეს კორუფციის ბრალდებით.

26 მაისიდან იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა 19 ნოემბერს შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლეს.

ჟურნალისტის კითხვაზე ეს [ომში ჩართვის მიზანი] არათუ სუსტდება, არამედ ძლიერდება თვეებთან ერთად? — კობახიძე პასუხობს:

„კი. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში დღეს მძიმე ვითარებაა, — როგორ გაგრძელდება მოვლენები არ ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს, — ეს ინტერესი გაზრდილია“.

„ქართული ოცნების“ კონსპირაციის თანახმად, არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს. საქართველომ 2022 წლის 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გაააქტიურა კონსპირაცია, თითქოს საქართველო დაისაჯა იმის გამო, რომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.