„პროფესიულ სასწავლებლებში 15-17 წლის მოსწავლეების, სტუდენტების კლებაა – რეფორმა პრაქტიკაში შედეგებს არ იძლევა“
მიუხედავად საშუალო საფეხურის ინტეგრირებული პროგრამების ამუშავებისა 2020 წლიდან და მისი ინტენსიფიკაციისა 2021 და 2022 წლებში, მკვეთრი ზრდა სკოლიდან პროფესიულ სასწავლებლებში გადასვლის თვალსაზრისით არ ფიქსირდება. ამის შესახებ ვკითხულობთ „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ მომზადებულ ბიულეტინში, „სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლები და საგანმანათლებლოპოლიტიკის გავლენა (2013-2022 წლები)“.
როგორც იცით, სკოლის 9 კლასის კურსდამთავრებულები, კოლეჯებში ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მიიღებენ პროფესიულ კვალიფიკაციას, სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის მფლობელებიც გახდებიან. მსგავსი დოკუმენტის მიღების შემდეგ, პირებს, სურვილის შემთხვევაში, უფლება ექნებათ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელონ, რაც 2021 წლამდე პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის შეუძლებელი იყო. იანვარში გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშით კი ირკვევა, რომ ბოლო წლების მონაცემებით, პროფესიულ სასწავლებლებში 15-17 წლის მოსწავლეების/სტუდენტების კლება ფიქსირდება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეთა ზრდის დინამიკა მხოლოდ 2016-2017 წლებში იყო. აქვე განმარტებულია, პროფსასწავლებლებში მოსწავლეთა/სტუდენტთა კლების სავარაუდო მიზეზიც, რომ „შესაძლებელია, საატესტატო გამოცდების გაუქმებამ პროფესიულ განათლებაში გადამსვლელთა რაოდენობაც შეამცირა“:
„ამ თვალსაზრისით, 2013 წელს, მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. აქაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2011 წელს შემოღებული საატესტატო გამოცდების და მის შედეგებზე დაფუძნებით, სკოლების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის დაყენების პოლიტიკამ განაპირობა სკოლებიდან მოსწავლეთა მაქსიმალური გადინება და პროფესიული სასწავლებლებში მათი გადასვლა. ამ პოლიტიკის შერბილების კვალდაკვალ, პროფესიულ სასწავლებლებში 15-17 წლის სტუდენტთა რაოდენობა მცირდება და მე-10 – მე-12 კლასების მოსწავლეთა რაოდენობა და ხვედრითი წილი იზრდება, მათ შორის იკლებს სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელიც საშუალო სკოლის საფეხურზე“, – აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ მომზადებულ ბიულეტინში პროფესიული განათლების ამ რეფორმის მოკლე ქრონოლოგიაც არის მოყვანილი, რომელიც საინტერესო დასკვნით სრულდება:
„2020 წლიდან ჩამოყალიბდა სტრუქტურული და შინაარსობრივი კავშირები პროფესიულ განათლებასა და განათლების სხვა დონეებს შორის: განხორციელდა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პროცესი. ინტეგრირებული საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები გაფართოვდა 2021 და 2022 წელს. რამდენად გამოწვევს ეს პოლიტიკა პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეთა მოზიდვას და ზოგად განათლებაში სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლის ზრდას – ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის. გარკვეული ზრდა რაოდენობაში ჩანს, თუმცა ხვედრითი წილი მეცხრეკლასელ კურსდამთავრებულთა საერთო არჩევანზე არა. შესაბამისად, თვალსაჩინოა, რომ იდეურად სწორი რეფორმა, პრაქტიკაში თვალსაჩინო შედეგებს ჯერჯერობით არ იძლევა“.
ამავე თემაზე: