უცხოური ენების საგნის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს: შეიძლება, გქონდეთ უშეცდომო გრამატიკა, მაგრამ ღარიბი ლექსიკა და ვერ მიიღოთ უმაღლესი ქულა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ, 2023 წლის აბიტურიენტებისთვის გამართულ ღია კარის დღეზე, დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ფორმატით ჩატარდება მოსმენის დავალება და რას აქცევენ გამსწორებლები ნაშრომის შეფასებისას მეტ ყურადღებას – აბიტურიენტის ლექსიკას, თუ გრამატიკას.
მოსმენის დავალების სირთულეები და პრინციპები
მას შემდეგ, რაც უცხო ენის მოსმენის დავალებაში ცვლილებები შევიდა, აბიტურიენტებს უფრო დეტალურად აინტერესებთ, თუ რა სირთულეების გადალახვა მოუწევთ 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე. საკითხს, თუ რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა მოსმენის დავალების წარმატებულად შესრულებისთვის, რუსუდან ტყემალაძე ასე განმარტავს:
„აღარ არის ორი მოსმენის დავალება, არის მხოლოდ ერთი და აქედან გამომდინარე, მოსმენა უფრო ხანმოკლე იქნება. ჩვენ ძალიან ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩანაწერი იყოს ხარისხიანი და თქვენ რაიმემ ხელი არ შეგიშალოთ. გამოცდისას ადგილზე ტექნიკური დამხმარეც იქნება, ვინც დაარეგულირებს ხმას და ტემბრს. თუ გექნებათ სმენის პრობლემები, თავიდან რაღაც ვერ გაიგეთ, ან ადგილზე აკუსტიკურად ხმაური იყო, დასაწყისშივე უნდა დაუძახოთ ტექნიკოსს და აწიოთ ხელი.
სანამ ტექსტი დაიწყება, ჩანაწერშივე არის ქართულ-ინგლისური ტექსტი, რომ თქვენ ხმას კარგად მიეჩვიოთ. ზოგადად, საკმაოდ კომფორტულია ეს ჩანაწერის დავალება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, რომ არ იყოს სტრესული და ასეცაა. ყველანაირი პირობა გაქვთ, რომ წინასწარ მოისმინოთ, დამშვიდდეთ, ეკრანზე ნახოთ რა შეკითხვებია, ამისთვის ცალკე პერიოდია გამოყოფილი, მოკლედ არ არის რთული“, – უთხრა აბიტურიენტებს NAEC-ის წარმომადგენელმა.
რომელი უფრო მნიშვნელოვანია – ლექსიკა, თუ გრამატიკა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნაშრომის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმში გრამატიკა და ლექსიკა ერთადაა თავმოყრილი, აქედან გამომდინარე, აბიტურიენტებს მაღალი ქულის მოსაპოვებლად მოუწევთ, რომ ორივე კომპონენტში თავი გამოიჩინონ:
„შეიძლება გქონდეთ კარგი გრამატიკა, უშეცდომო, მაგრამ ღარიბი ლექსიკა და ვერ მიიღოთ უმაღლესი ქულა. ან, ასევე მოდიან აბიტურიენტები მაღალფარდოვანი სიტყვებით, რაც მაინცდამაინც არ მოგვწონს, მაგრამ სუსტი გრამატიკა აქვთ. ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღებთ მაღალ ქულას, რადგან კრიტერიუმი აერთიანებს გრამატიკას და ლექსიკას. რადგანაც მოგეხსენებათ, ენა გრამატიკაც არის და ლექსიკაც, ორივე ერთად. ამიტომაც, ორივეს გთხოვთ, განსაკუთრებულად ლექსიკას, რადგან აბიტურიენტები რატომღაც, უფრო მეტად გრამატიკაზე ვარჯიშობენ, სწავლობენ წესებს, აკეთებენ სავარჯიშოებს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ლექსიკა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა რუსუდან ტყემალაძემ.
რუსუდან ტყემალაძემ ასევე განმარტა, თუ კონკრეტულად რა დონის ლექსიკას ითხოვენ გამსწორებლები აბიტურიენტებისგან და რა ბედი ელის იმ ნაწერებს, რომლებიც შედარებით მარტივი ენით არის დაწერილი:
„თქვენ დაამთავრეთ 12 კლასი და ჩვენ 12 კლასის პროგრამას ვითხოვთ. თქვენ თუ დაწერეთ ნაშრომი მერვე კლასელის ლექსიკით, ცხადია, რომ მაღალ ქულას ვერ მიიღებთ. კი არ დაგაკლდებათ, არამედ ვერ დაიმსახურებთ. ზოგადად, თქვენ ქულას არავინ გაკლებთ, პირიქით, ვცდილობთ, ყოველთვის პოზიტიურად გავასწოროთ თქვენი ნაწერები“, – მიმართა სპეციალისტმა აბიტურიენტებს.
NAEC-ის წარმომადგენელმა აპლიკანტებს აგრეთვე მოუწოდა, რომ მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება ხელწერას, რათა ის იყოს „გარჩევადი და გასაგები“, რადგან თუ გამსწორებელმა ვერ მოახერხა ნაწერის ამოკითხვა, ეს შეფასებაზე მოახდენს გავლენას.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ