ახალი ამბები

„კონსტიტუციის უპატივცემულობა“ — იურისტები „ოცნების“ პროცედურულ ხრიკზე

„კონსტიტუციის უპატივცემულობა“ — იურისტები „ოცნების“ პროცედურულ ხრიკზე

იურისტები სამოქალაქო სექტორიდან „ქართული ოცნების“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის საბოტაჟს კონსტიტუციის უპატივცემულობად აფასებს.

ოპოზიციის მიერ პარლამენტში ინიციირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რისთვისაც ოპოზიციის ხმები საკმარისია. მმართველი გუნდი ზედიზედ ორი დღეა საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობს, თუმცა კენჭისყრების დაწყებამდე რეგისტრაციას არ გადის და ხელოვნურად აგდებს კვორუმს, რათა საგამოძიებო კომისიის საკითხი კენჭისყრაზე არ დადგეს.

„ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს საგამოძიებო კომისიაზე არის იმ პარლამენტის უპატივცემულობა, სადაც უმრავლესობას თავად წარმოადგენს; იმ ხალხის უპატივცემულობა, რომელმაც ოპოზიციას მისცა ხმა, მაგრამ რომლის მთავრობაც დღეს თავადაა; და ეს იმ კონსტიტუციის უპატივცემულობაც არის, რომელშიც თავად ჩაწერა, რომ ოპოზიციას აქვს უფლება, შექმნას საგამოძიებო კომისია, მოსწონს ეს ხელისუფლებას თუ არა“, — წერს სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) წარმომადგენელ გურო იმნაძის შეფასებით, მმართველი გუნდის წევრები მათსავე დაწერილ კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს ფეხქვეშ თელავენ.

„საკანონმდებლო ორგანოში საცირკო სანახაობა ბევრჯერ ვიხილეთ, მაგრამ დღეს რაც პარლამენტში ხდება, აღარც ცირკია და აღარც სანახაობა. ესაა ღირებულებების და ღირსების გარეშე დარჩენილი საპარლამენტო უმრავლესობის ძალადობა პროცედურით და რაოდენობით. მათ არც სახალხო მანდატი აქვთ ამისთვის და არც კანონისმიერი ძალაუფლება. თუკი რამეზე შეიძლება ითქვას რომ საბოტაჟია, ესაა „ქართული ოცნების“ გუშინდელი და დღევანდელი მოქმედება პარლამენტში“, — წერს გურო იმნაძე.

მისი თქმით, ხელისუფლების ლიდერები ყველანაირი არგუმენტით იცავენ მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოს, არადა, თუკი მართლა ყველაფერი კარგად არის სასამართლოში, კომისიის შექმნის არ უნდა ეშინოდეთ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ასახელებს 11 მიზეზს, თუ რატომ უშლის ხელს, მისი აზრით, „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას:

  1. დეპუტატებს საშუალება ექნებათ, საქართველოში ხელშეუხებელ ადამიანებს (როგორიცაა ჩინჩალაძე, რომელიც კამერებს ემალება) მწვავე კითხვები დაუსვან, არაკომფორტულ სიტუაციაში ამყოფონ;
  2. დეპუტატებს საშუალება ექნებათ, კითხვები დასვან კონკრეტული მოსამართლეების ქონებასთან დაკავშირებით, გაიგონ, საიდან ამდენი სახლი, მანქანა, ქონება, ფული. როგორ მოხდა, რომ ამ ხელფასით ამ ხალხმა ეს ქონება დააგროვა;
  3. დეპუტატებს საშუალება ექნებათ, იპოვონ გადამალული ქონებები, რომელიც ამ მოსამართლეებს აქვთ. დაკითხონ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც მათ ამ ქონების გადამალვაში ეხმარებიან;
  4. დეპუტატებს საშუალება ექნებათ დაადგინონ, იყვნენ თუ არა ეს მოსამართლეები ჩართულები უკანონო გარიგებებში და იღებდნენ თუ არა ღამის ზარებს სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით;
  5. დეპუტატებს ექნება საშუალება, გაესაუბრონ მაგალითად კომპანიების წარმომადგენლებს, რომელთაც ეჭვები აქვთ მათ საქმეებში მოსამართლესთან უკანონო გარიგების არსებობის შესახებ;
  6. დეპუტატებს ექნებათ საშუალება, გაესაუბრონ და კითხვები დაუსვან მოსამართლეებს (ასეთი სულ რამდენიმეა), რომლებიც მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე აპატიმრებდნენ და ციხეში უშვებდნენ სამოქალაქო აქტივისტებს;
  7. დეპუტატებს ექნებათ საშუალება დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი გარიგებას მრავალ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტებში პოლიტიკური აქტივისტების, მედია მენეჯერებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ;
  8. დეპუტატები დაადგენენ, როგორ ხდებოდა მოსამართლეების დანიშვნა და რა მანიპულაციებს მიმართავდნენ მმართველი პარტიის და კლანის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დროს;
  9. საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, როგორ ხდება საქმეების გადანაწილების ელექტრონული წესის მანიპულაცია, რომელ მოსამართლეზე და რა ნიშნით ხდება საქმეების გადანაწილება;
  10. საზოგადოება დაინახავს სინამდვილეში ვინ განკარგავს ადამიანების ბედს სასამართლოს სისტემაში, რომ ეს მოსამართლეები არა მხოლოდ მმართველი პარტიის გავლენების ქვეშ არიან, არამედ არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები, რომ მოსამართლეები იყვნენ;
  11. საზოგადოება ასევე დაადგენს, რომ კლანი სულ რამდენიმე ადამიანია და სისტემაში არსებობენ ღირსეული მოსამართლეებიც, ვინც პატივისცემას იმსახურებს.

„აი, ეს არ უნდა კლანს და მმართველ პარტიას. ამას ბლოკავენ. და ამ მიზნის მისაღწევად მზად არიან, ევროინტეგრაციაზეც თქვან უარი. ხომ ცხადია, ევროკავშირს გაუჭირდება სტატუსის მოცემა, როდესაც მაგალითად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დასანქცირებული მოსამართლე გყავს“, – მიიჩნევს გიგაური.

არასამთავრობო სექტორს მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს საპარლამენტო პროცედურებს, როდესაც რეგისტრაციის გავლაზე უარით ხელს უშლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამგვარი ქმედებით ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს, უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.