აშშ-ის სანქციების კოორდინატორი საქართველოს გავლით რუსეთში მოხვედრილ ელექტრონული ნივთებზე
აშშ-ის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი აცხადებს, რომ საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტი მომატებულია.
ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის და მათი ნაწილი ბრძოლის ველზე ხვდება.
„ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. ალბათ, ისინი ამბობენ, რომ ამ საქონელს რუსეთში გაგზავნიან, მათ შეიძლება იციან ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა“, – განაცხადა ჯიმ ობრაიენმა.
კითხვაზე არის თუ არა საქართველო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობენ რუსეთს და კრიტიკული ელექტრონიკის მოპოვებაში ეხმარებიან, ჯიმ ობრაიენი პასუხობს:
„ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო წლის ბოლომდე, ანუ იმ დრომდე სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით, რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართული, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და ეს ახლა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ჯიმ ობრაიენმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დასავლეთის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდა. თუმცა საქართველო იცავს რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ სანქციებს, რომელიც საბანკო სისტემას შეეხება.