ახალი ამბები

საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან – დავითაშვილი

საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მასთან დემარშით მისულ ელჩებთან განიხილა, რომ საქართველოს კონტექსტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან განსხვავდება.

ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის დღეს აქტუალურია. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრება საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი.

თუმცა ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ, ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველოს მდგომარეობა, საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იგივე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვს,  პირდაპირი საზღვარი აქვს რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. ასე რომ, საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან, ამაზე ღია საუბარი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ელჩისათვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშილის თქმით, ელჩებთან საუბარი ასევე შეეხო  რუსეთის მიმართ დაწესებული  სანქციების აღსრულების და შესრულების საკითხებს, მათ შორის ითქვა, რომ საქართველოს დამატებით სამი ახალი პუნქტი დააკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან.

„იცით, რომ დღეს ძირითადი საზღვარი გვაქვს ლარსში და აქ ხდება საბაჟო კონტროლი მკაცრად. ამას ყველა ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობის, სანქციების აღსრულების ნაწილში. თუმცა სამი ახალი დაკავშირების პუნქტი გვიჩნდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. აქ ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არსებობს მზა პოზიცია. ისევე როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი ამ აეროპორტებშიც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გავუზიარეთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, ელჩებთან ასევე განიხილა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდანაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით პოზიციები ცალსახა არაა.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, თუ როგორია პროგნოზი, როგორი იქნება დამოკიდებულება სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ზოგიერთი ქვეყანა მნიშვნელოვნად მეტად ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან ომის დაწყების შემდეგ. 2022 წელს რუსეთის ფედერაციასთან ევროკავშირის ვაჭრობა 5 მილიარდი ევროთი გაიზარდა, ზოგიერთი ქვეყნის გასამმაგებულია, ზოგიერთ ქვეყნის შემცირებულია, რა თქმა უნდა.

ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებთან გვქონდეს მკაფიო, ღია და გულწრფელი დიალოგი თითოეულ საკითხზე და ეს მე ვფიქრობ, რომ სწორად არის შეფასებული და დაფასებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. რა თქმა უნდა, შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლება გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობასთან. ჯერ ერთი, საქართველო არ არის ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი, განაცხადი გავაკეთეთ და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესი ადეკვატურად დაფასდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ საქართველოს კონტექსტი არის მართლაც განსხვავებული, ჩვენი მდგომარეობა სპეციფიკურია, ეს იქნება უსაფრთხოების კუთხით თუ ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა.

ჰერჩინსკის თქმით, დავითაშვილს განუცხადეს, რომ ევროკავშირში წუხან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დასთანხმდებოდა რუსეთთან პირდაპირ ფრენებს.

„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმეგება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, არ ჰქონდეს პირდაპირი ფრენა რუსეთთან და არ დაუშვას რუსული თვითფრინავების ფრენა ევროკაშირის ცის გავლით. ასევე, გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყევტილებას რუსეთის იზოლაციისა და მასზე ზეწოლის შესახებ, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფრენები თავის დროზე რუსეთმა ერთპიროვნულად გააუქმა და ერპიროვნულად აღადგინა და ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას როლი არ აქვს.

„მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ასევე მოითხოვდა თანხმობას საქართველოს მთავრობისგან“, — თქვა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, ლევან დავითაშვილის არგუმენტი იგივე იყო, რაც მანამდე მოგვისმენია საქართველოს მთავრობისგან — რომ სანქცირებული ავიაკომპანიები საქართველოში არ იფრენენ.

„სამწუხაროდ, აქ გამოტოვებულია პოლიტიკური მომენტი, რომ ევროკავშირმა აკრძალა ყველა ავიაკომპანიის ნებისმიერი ფრენა ევროკავშირსა და მისი გავლით“, — დასძინა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.